სიახლეები

სასამართლომ ენმ-ს წევრები 250 ლარით დააჯარიმა

22.05.2015 • 1409
სასამართლომ ენმ-ს წევრები 250 ლარით დააჯარიმა

 

დაკავებული იყვნენ “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლები – კახა ბაქანიძე, სოლომონ ბაჯელიძე და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი.

ენმ-ის ახალგაზრდულ ორგანიზაციას პოლიცია შესაძლებლობას არ აძლევდა 150 მეტრის რადიუსში მიუახლოვდნენ სასტუმრო “ჰილტონს”, სადაც სასტუმროს გახსნის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა. აქციის მონაწილე სამი პირი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

დაკავებულების ინტერესებს სასამართლოზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები იცავდნენ, მოსამართლე თამარ ბურჯანაძის გადაწყვეტილებით რევაზ ხარაზს, კახა ბაქანიძეს და სოლომონ ბაჯელიძეს, პოლიციის კანონიერი განკარგულებისადმი  დაუმორჩილებლობისთვის 250 ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ.

 

ენმ-ს წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და გიორგი კირთაძის თქმით, ისინი აუცილებლად გაასაჩივრებენ განაჩენს.

 

გადაბეჭდვის წესი