აიღებენ თუ არა დანამატს წინასაახალწლოდ საბავშვო ბაღების თანამშრომლები ხელვაჩაურში

ხელვაჩაურის საბავშვო ბაღის თანამშრომლის თქმით, ბაღში დასაქმებულებს ყოველკვარტალური დანამატი მესამე კვარტალის ბოლოს არ აუღიათ და ვერც წინასაახალწლოდ მიიღებენ: „გამგეობაში დავრეკეთ და მხოლოდ ის გვითხრეს, არ გეკუთვნით და ვერც მიიღებთ, თუ არ გაწყობთ, კარი ღიაა და მიბრძანდითო. სად გვიშვებენ, არ ვიცით.  ვიცით, რომ ბათუმში დარიგდა და ჩვენ შემთხვევაში ვერ გავარკვიეთ რა ხდება.“ ბაღში დასაქმებულის თქმით, ის ხელზე 235 ლარს იღებს, დანამატს კი, 110 ლარს, სამ თვეში ერთხელ იღებდა.

„2017 წლისთვის საპრემიო ფონდში გაწერილი გვქონდა ხელფასის 100% წლის განმავლობაში და ეს თანხა მთლიანად აიღეს ჩვენი ბაღების თანამშრომლებმა პირველ და მეორე კვარტალში. შესაბამისად, მესამე კვარტალში დარიგდა მხოლოდ ხელფასი, იმიტომ, რომ საპრემიო ფონდი ამოიწურა,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ნატო შერვაშიძემ.

რაც შეეხება მეოთხე კვარტალს, დირექტორის თქმით, „შესაძლებელია შევიდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილება და გამოგვიყონ დამატებით თანხა, რათა წინასაახალწლოდ გავცეთ დანამატი. კონკრეტული დეტალები, რამდენს დავარიგებთ და როდის, უახლოეს დღეებში გვეცოდინება“.

ხელვაჩაურის ბაღების გაერთიანებაში 417 თანამშრომელია.

ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ კი, „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში მხოლოდ ის განაცხადა, რომ ხელვაჩაურის ბაღების გაერთიანებისთვის წინასაახალწლოდ დამატებით თანხის გამოყოფა დაგეგმილია.

რაც შეეხება ქალაქ ბათუმის საბავშვო ბაღებს, გაერთიანების დირექტორის, ნატალია ზაქარეიშვილის ინფორმაციით, ბაღის თანამშრომლები კვარტალში ერთხელ იღებენ დანამატს ხელფასის 25%-ის ოდენობით, ხოლო მეოთხე კვარტალში, წინასაახალწლოდ აიღებენ დანამატს ხელფასის 100%-ის ოდენობით.

ბათუმის ბაღებში დასაქმებულები ხელფასს ბათუმის ბიუჯეტიდან იღებენ, ხოლო ხელვაჩაურში – ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com