“ნარინჯისფერი რთველის” მოლოდინში აჭარა აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს

აზიურ ფაროსანას საქართველოში 2015 წლიდან ებრძვიან. ამჯერად, როგორც ფერმერების, ისე სურსათის უვნებლობის სამსახურის ყურადღება ციტრუსის კულტურაზეა გამახვილებული.

“ნარინჯისფერი რთველის”  მოახლოებასთან ერთად, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მექანიკური და ქიმიური საშუალებებით ბრძოლა კიდევ უფრო გააქტიურდა.

აჭარის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში მცხოვრებ ღოღობერიძეების ოჯახს უკვე წლებია ციტრუსის პლანტაციები აქვს. გიორგი ღოღობერიძე ამბობს, რომ მანდარინის რეალიზაციისგან მიღებული თანხა  მისი ოჯახის ერთ-ერთი მთავარი შემოსავალია. სწორედ ამიტომ, მან კულტურა რამდენჯერმა შეწამლა, შედეგად კი მისი მოსავალი დაუმუშავებელი ფართობებისგან განსხვავებით უკეთესი ხარისხისაა.

ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ აზიურმა ფაროსანამ მათი  მოსავალი ნაწილობრივ მაინც დააზიანა.

ფაროსანა ხორთუმით ხვრეტს ნაყოფს, ათხელებს შიგთავსს და წარმოქმნის კორპისებრ ლპობად ლაქებს. დაზიანებული ნაყოფი დეფორმირდება, დაზიანების ადგილებში ვითარდება ყავისფერი ლაქები და ხილი საკვებად გამოუსადეგარი ხდება.

მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამგერლოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის მუნიციპალიტეტებში 230 ათას ოჯახს მავნებლის  საწინააღმდეგო   პრეპარატები,  ფერომონი – მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი, მათი გამოყენების ინსტრუქცია და საინფორმაციო მასალები გადაეცა.

სახელმწიფოს მხრიდან პრეპარატები აჭარაში – 13 000-მა ოჯახმა მიიღო. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქიმიური საშუალება მაღალეფექტური, ფართო სპექტრის ინსექტიციდია, რომელიც გამოიყენება აზიური ფაროსანას, ფოთლის მავნებლების, ყურძნის ჭიის, ტკიპების, ბუგრების, ნაყოფჭამიების, ხვატარის, ხოჭოების, მავნე კუსებურას და სხვა მავნებლების წინააღმდეგ ხეხილში, ბოსტნეულში, ვაზში, მარცვლეულსა და პარკოსნებში.

რეკომენდებული ნორმებით გამოყენებისას, პრეპარატი არ არის   ფიტოტოქსიკური მცენარეების მიმართ. ეს ნორმა კი 10 ლიტრ წყალზე 30 მილიგრამს შეადგენდეს.

პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა  მოსავლის აღებამდე ლოდინის პერიოდის დაცვა: ციტრუსების შემთხვევაში ეს ვადა  21 დღე  გრძელდება. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ შეწამლული ნაყოფი უვნებელია.

მართალია ფერმერებს ბაღლინჯოს საწინააღმდეგო ქიმიური პრეპარატი შემოდგომაზე გადაეცათ, თუმცა დროულ შეწამვლას ხელი უამინდობამ შეუშალა. რაც მათი მოსავალის ხარისხზე უარყოფითად აისახა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგინული სამმართველოს სპეცილისტის თენგიზ კუტუბიძის თქმით, მავნებელი ციტრუსის კულტურებისთვის ამ ეტაპზე უკვე ნაკლებად სახიფათოა. მისი განმარტებით, აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ემზადება ამიტომ ის პლანტაციებიდან  საცხოვრებელ სახლებში, ცხოველთა სადგომებში, ფარდულებში შედის. ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარისა და ფანჯრის ნაპრალებში, ასევე ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, მათ რეგიონში მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლაში პრეპარატის შესაშხურებელი მოწყობილობით აღჭურვილი დაახლოებით 25 ტრაქტორი აქტიურად არის ჩართული.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განვითარების სამსახურის თანამშრომელის, ავთანდილ ვაშაყმაძის თქმით, მათ ადმინისტრაციულ ერთეულში 4200 ლიტრი ქიმიური პრეპარატი უკვე გაიცა, დამატებით კიდევ 1200 ლიტრის მარაგი აქვთ.

მოსახლეობა სახლების გარე პერიმეტრზე და პლანტაციებში მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლას სხვადასხვა შემასხურებელი მოწყობილობის მეშვეობით თავად ახორციელებს, მათ შორის, ზურგსაკიდი აგრეგატებით, რომლებიც რეგიონში თითქმის ყველა ოჯახშია. ქიმიური საშუალების გამოყენებისას მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ნორმების დაცვა.  საჭიროა სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, რესპირატორი, აირწინაღი, დამცავი სათვალე და ხელთათმანი. რაც მთავარია  შესხურების დროს არ შეიძლება თამბაქოს მოწევა და პროცედურის დაწყებმადე მიმდიბარე ტერიტორიაზე დახურული უნდა იყოს სასმელი წყლის ჭები, ხოლო შინაური ფრინველი და ცხოველი დამწყვდეული. კიდევ ერთი რეკომენდაცია რისი დაცვისკენაც სპეციალისტები მოგვიწოდებენ, არის ის, რომ შეწამვლა განხორციელდეს უქარო ამინდში, რადგან თავიდან ავიცილოთ პრეპარატის სხვა ტერიტორიევბზე გავრცელება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულო სამმართველოში ამბობენ, რომ მიუხედავად მათ მიერ განხორციელებული ღონისძიბებისა, აუცილებელია მოსახლეობის აქტიურობა. უწყებაში აცხადებენ, რომ მავნებელი უკვე გამოსაზამთრებლად ემზადება და ადგილობრივებს მოუწოდებენ, სახლში შესულ ბაღლინჯოს  მათ ხელს არსებული ყველანაირი საშულებით ებრძოლონ, შეაგროვონ რაც შეიძლება ბევრი მავნებელი და გაანადგურონ.

გახსოვდეთ, ზამთარში ერთი ფაროსანას განადგურება ნიშნავს მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი ფაროსანას განადგურებას.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პროგნოზით მიმდინარე წელს  60 ათასა ტონა  ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა  საერთაშორისო ფორუმზე “ციტრუსის ექსპორტი 2017-ზე” განაცხადა.

ეკატერინე მამამთავრიშვილი

სტატია მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს “საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის” მხარდაჭერით.
სტატია მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს “საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის” (G-HIP) მხარდაჭერით.
წინამდებარე სტატია არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი