ყრუდ და მდუმარედ

ბერაძეების ოჯახში სულ ექვსნი არიან, მათგან ორი მოზარდია, ორი პენსიონერი და ორიც დასაქმებული. ნატო კონცელიძე, რომელიც ოჯახთან ერთად ქობულეთში ცხოვრობს და სკოლაში მასწავლებლად მუშაობს, ამბობს, რომ მისი და მისი ქმრის ხელფასი ჯამში თვეში მაქსი­­მუმ 1000 ლარს აღწევს და ეს თანხა იმაში ჰყოფნით, რომ, „უბრალოდ, ცხოვრობენ“. 2015 წელთან შედარებით, საერთო შემოსავლების უთანასწოროდ განაწილების კოეფიციენტი საქართველოში გაზრდილია.

საერთო შემოსავლების უთანასწოროდ გადანაწილების თვალსაზრისით საქართველო ამიერკავკასიის ქვეყნებს შორისაც კი ლიდერია. ამ მონაცემის შესახებ ნატო კონცელიძისთვის არაფერია ცნობილი, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ზოგიერთი საჯარო მოხელე მისი ოჯახის წლიურ შემოსავალზე ორჯერ მეტ თანხას ერთ თვეში იღებს.

„ჩემი მეუღლე მძღოლია და სულ მოძრაობს, ხან ოზურგეთშია, ხან ჟინვალში, ხან ქობულეთში. ხშირად სადაც არის, ღამის გათევაც იქ უწევს“, – ამბობს ნატო.

მაგალითად, კახა ბექაურის წლიური შემოსავალი რომ მიიღონ ნატომ და მისმა მეუღლემ, სრული 20 წელი უნდა იმუშაონ. მეტიც, კახა ბექაურისა და ეკა ბერიძის წლიური შემოსავალი 248 პენსიონერის ერთი წლის საპენსიო ფონდს შეავსებდა.

კახა ბექაური საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეა, ხოლო მისი მეუღლე, ჟურნალისტი ეკა ბერიძე, წყალმომარაგების კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ (თბილისის წყალი) პიარს ხელმძღვანელობს. კახა ბექაურმა გასულ წელს ხელფასის სახით 233 988 ლარი მიიღო, რაც თვეში 19 499 ლარია. ეკა ბერიძემ კი, იმავე პერიოდში ხელფასის სახით 303 575 ლარი მიიღო, რაც თვეში 25 300 ლარია.

კახა ბექაური ერთადერთი არ არის, ვინც ბიუჯეტიდან დიდ სარგებელს იღებს. მას ამის შესაძლებლობა კანონმა მისცა.

ქართულ მედიასა და საზოგადოებაში ჩინოვნიკების მაღალი თანამდებობრივი სარგო, შესაძლოა დაუმსახურებელი, მაგრამ კანონიერი (პრემიები და დანამატები), ხშირად ხდება საჯარო განხილვის საგანი. მოქალაქეების შეფასება ძირითადად ნეგატიურია, ზოგჯერ ამის მიზეზი საჯარო მოხელის კომპეტენტურობაზე ეჭვია, ზოგჯერ კი, მის ანაზღაურებასა და ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობას შორის რადიკალური სხვაობა.

სოციოლოგი ქეთი სართანია ამ რეაქციის მთავარ ფაქტორად იმ უსამართლობის შეგრძნებას მიიჩნევს, რაც ყრუდ, მდუმარედ, მაგრამ მაინც არსებობს მოქალაქეებში და რასაც რესურსების უთანასწორო გადანაწილება ჰქვია.

PMCG კვლევითი ცენტრის ეკონომისტი, მიხეილ კუკავა ამბობს, რომ მაღალი თანამდებობის პირების ხელფასებზე გაწეული ხარჯები ქვეყნის ეკონომიკას ნამდვილად ტვირთად აწვება, რადგან მხოლოდ ცენტრალურ აპარატს (ადგილობრივი თვითმმართველობების გარეშე) 116 700-ზე მეტი საჯარო მოხელე ჰყავს. „2012 წლის შემდეგ მათი სახელფასო დანამატებისა და პრემიების ხარჯები იზრდებოდა, მაგრამ ბოლო წელში შემცირების ტენდენცია გვაქვს, რაც, იმედია, გაგრძელდება“, – ამბობს მიხეილ კუკავა.

ფინანსური რესურსები არასწორად მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებში არ ნაწილდება. ეკონომისტი ზურაბ კუკულაძე ამბობს, რომ რესურსი უთანასწოროდ ნაწილდება კერძო სექტორსა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაში.

„მაგალითად, საქართველოს საბანკო სისტემაში დაახლოებით 15 ათასი ადამიანი მუშაობს, აქედან 99%-ის ხელფასი არის 1000 ლარი, დანარჩენი 1%-ის კი – მილიონები. სისტემა და გადანაწილება უსამართლოა ყველგან. ასეთი გადანაწილებები ქმნის პრობლემებს.“

მოსახლეობის შემოსავლებს შორის უთანასწორობა ჯინის კოეფიციენტით (სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი) იზომება. თუ საზოგადოებაში მთელ შემოსავალს ერთი ადამიანი მიიღებს და ყველა დანარჩენი არაფერს, ჯინის კოეფიციენტი 1-ის ტოლი იქნება. მთლიანი შემოსავალი თუ თანაბრად გადანაწილდება და თითოეული ადამიანი მიიღებს ერთნაირ წილს, ჯინის კოეფიციენტი იქნება 0. რაც უფრო დაბალია ჯინის კოეფიციენტი, მით უფრო თანაბარია საზოგადოება.

საქართველოს სტატისტიკური დეპარტამენტის ბოლო მონაცემით, საქართველოში 2016 წელს ჯინის კოეფიციენტი, მთლიანი შემოსავლების მიხედვით, 0.40 ნიშნულზეა. 2015 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 0,1-ით არის გაზრდილი. ეს იმას ნიშნავს, რომ შემოსავლების მიხედვით სოციალური უთანასწორობა საქართველოში იზრდება. ჯინის კოეფიციენტის მიხედვით, საქართველო უთანასწორობის მხრივ ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა რეგიონში. სომხეთში ბოლო მონაცემებით ჯინის ინდექსი 0.31-ია (2014 წლის მონაცემები), აზერბაიჯანში კი – 0.33 (2008 წელი).

სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, ევროკავშირის ჯინის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელი 0.31-ია. ბოლო მონაცემებით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი, ანუ საუკეთესო მაჩვენებელი – 0.24 აქვს ისლანდიასა და სლოვაკეთს, ჯინის ინდექსი 0.25-ის ტოლია სლოვენიაში, ფინეთსა და ნორვეგიაში. საქართველოს მსგავსი ჯინის კოეფიციენტია თურქეთში, სენეგალში, ტუნისისა და მალის რესპუბლიკებში.

მიხეილ კუკავას თქმით, „იმისთვის, რომ ჯინის კოეფიციენტი ასახავდეს რეალობას, უნდა გვქონდეს დეტალური ინფორმაცია. ჩემთვის ბევრი ქვეყნის მონაცემი საეჭვოა და გარკვეული პრობლემები საჭირო ინფორმაციის მოპოვების კუთხით საქართველოშიც გვაქვს – არის ზოგიერთი ინფორმაცია, რასაც მაშინაც კი ვერ ვიღებ, როცა საპარლამენტო კომიტეტის საშუალებით ვითხოვ“.

2016 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 11.8% შეადგინა. ამავე წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებული იყო ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 88.27%. საქართველოში დასაქმებულებში ტრადიციულად ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი – 57.6% თვითდასაქმებულია, 42.4% კი – დაქირავებული. ბოლო მონაცემებით, მოსახლეობის (3 720 400) 21.3% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა იმყოფება. ამავდროულად მსოფლიოს ბანკის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფიდან საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადავიდა.

რატომ არ აისახა მსოფლიო ბანკის ეს მონაცემები ჯინის კოეფიციენტზე? ზურაბ კუკულაძე განმარტავს, რომ „სახეზე გვაქვს ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა, რაც მოსახლეობის ყველა ფენას უნდა ეტყობოდეს, მაგრამ მოსახლეობის ცხოვრების დონე არ უმჯობესდება“.

რა განაპირობებს ამას? – ამ კითხვაზე პასუხს ზურაბ კუკულაძე ქართულ ბანკებთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებში პოულობს. „ჩახედეთ კომერციული ბანკების მოგებას, ის (მოგება) ყოველწლიურად დაახლოებით სამნიშნა ციფრით იზრდება. როდესაც ეკონომიკის გარკვეული სექტორი იზრდება ასი და მეტი პროცენტით, ხოლო ეკონომიკა მხოლოდ 3%-ით, ეს არის დისბალანსი. ეს ნიშნავს, რომ ზრდა სხვა სექტორების ხარჯზე ხდება.“ – ამბობს ის. – „ზოგადად, საფინანსო სისტემა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებას უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ ჩვენთან პირიქით ხდება – მთელი ფული იქაჩება საფინანსო სექტორში და არა იმ სექტორში, რომელიც რეალურად ქმნის დოვლათს და ასაქმებს ადამიანებს“.

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს საქონლის, წარმოებისა და მომსახურების ზრდას, რასაც ქვეყნის მთლიან სტატისტიკურ მონაცემზე პოზიტიური გავლენა აქვს. გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 2.7% შეადგინა, ეკონომიკური ზრდის პოტენციური დონე კი 5%-ია – ეს 2018 წლის პროგნოზია.

და რა ხდება ამ ციფრების მიღმა? „ეკონომიკური ზრდა შესაძლოა დაკავშირებული იყოს საზოგადოების მხოლოდ რამდენიმე ჯგუფთან, სადაც მაქსიმალური რესურსია მობილიზებული და ეს რესურსი არ ნაწილდება თანაბრად საზოგადოების სხვა ჯგუფებზე. ეს უთანასწორობის გაღრმავებას კიდევ უფრო უწყობს ხელს“, – ამბობს სოციოლოგი ქეთი სართანია.

რაც შეეხება სოციალური უთანასწორობის შედეგების გავლენას საზოგადოებაზე – სპეციალისტების განმარტებით, სიღარიბე იკარგება ისეთ ტერმინში, როგორიც არის „ეკონომიკური ზრდა“.

ზურაბ კუკულაძე: „ევროპაში გადანაწილების სისტემა ბევრად სამართლიანია, იმის გამო, რომ არსებობს კანონი პროგრესული გადასახადების შესახებ (მეტი შემოსავლის მქონე ადამიანები ბიუჯეტში მეტ გადასახადს იხდიან) და მეორე იმიტომ, რომ ამ კანონს იცავენ. ჩვენთან კანონი არ ირღვევა, მაგრამ იგი შორსაა სოციალური თანასწორობისგან“.

სოციალური უფლებების მნიშვნელობაზე ისაუბრა ბათუმში რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტმა, სალომე ასათიანმა, საჯარო შეხვედრაზე – „დასავლეთი, რუსეთი და „სიმართლისშემდგომი ეპოქა“ – როგორ გავიგოთ კრიზისი“.

მისი თქმით, ადამიანი, რომელსაც იმის პრობლემა აქვს, თუ რა აჭამოს ხვალ შვილს, ვერ მიიღებს მონაწილეობას ვერც დემოკრატიულ პროცესებში და ვერც ქვეყნის განვითარებაში, რადგან დემოკრატია უთანასწორობის პირობებში არ ვითარდება.

„თავისუფალი ბაზარი“ სხვაგვარად ესმით… თავისუფლების ცნებაა ცოტა გახუნებული და რეალურ შინაარსს გამოცლილი, როგორც სიტყვა „თავისუფლება“… ბაზარზე თუ დომინანტურ ძალას წარმოადგენენ კორპორაციები და ოლიგარქები, თავისუფლება მაშინ ნიშნავს თავისუფლებას სოციალური თანასწორობისგან, თავისუფლებას სოლიდარობისგან, გარემოს დაცვისგან… და ეს უკვე ნიშნავს დემოკრატიისგან თავისუფლებას. როცა ხალხის უმეტესობას ეზღუდება უფლება, რომ თავისუფალი იყოს შიმშილისგან და სიღარიბისგან, სამუშაო ადგილებზე ხიფათისგან და სიკვდილისგან, რა თქმა უნდა, იქ მატულობს ნიჰილიზმი“, – აღნიშნა სალომე ასათიანმა.

ზოგიერთი ეკონომისტი და ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სოციალური უთანასწორობა, ანუ იგივე ჯინის ინდექსი, საქართველოში უნდა შემცირდეს. `მთავრობა იხსნის პასუხისმგებლობას და ამბობს, რომ ყველაფერი ბაზარმა დაარეგულიროს, საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა გადაწყვიტონ, რომელი სექტორი უნდა დაფინანსდეს ეკონომიკაში და რომელი არა, რა უნდა განვითარდეს და როგორ. მსხვილი ბიზნესი კი გადასულია საკუთარი შემოსავლების ზრდაზე. სახელმწიფომ რომ დააწესოს მეტი რეგულაცია ბაზარზე, ეს არ უნდა მიიჩნეოდეს ბოროტებად“, – ამბობს ზურაბ კუკულაძე. ამის მაგალითად მას ევროპა მოჰყავს, სადაც ერთმნიშვნელოვნად არსებობს უფრო სამართლიანი გადანაწილების სისტემა და ამას სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს. კუკულაძის თქმით, ევროპაში ეკონომიკა ვითარდება სწორედ იმის ხარჯზე, რომ იქ ეკონომიკას სწორი რეგულაციებით მართავენ.

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან