ფინანსურ საკითხებზე კულისებში საუბრობენ

ცენტრსა და რეგიონს შორის საბიუჯეტო ურთიერთობების კუთხით, წლების განმავლობაში არსებულ ტრადიციულ გამყინვარებას, ვარდების რევოლუციამ თავისი დაღი დაასვა. ყინულმა ლღვობა დაიწყო – რევოლუციურ ტალღაგადავლილ დედაქალაქში აჭარიდან თანხები დაიძრა.

ბოლო დროს ტრადიციად ისიც იქცა, რომ წლის ბოლოს ქვეყნის ბიუჯეტის შეუსრულებლობა ხშირად აჭარას ბრალდებოდა. „აჟიტირება უკეთდებოდა ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ვალების ქონას. ახლა, საკითხის განხილვისას აღმოჩნდა, რომ ჩვენი 370 მილიონი მართებს ცენტრალურ ხელისუფლებას“, – განაცხადა ამას წინათ ასლან აბაშიძემ. რა სიახლეებს უნდა ველოდოთ, მაშინ, როცა ცენტრალური და რეგიონის მიმდინარე წლის ბიუჯეტები დაუმტკიცებელია – ალბათ ფინანსისტები გაგვარკვევენ. გასარკვევ-გადასაწყვეტი კი თბილისშიც და ბათუმშიც ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ…

ნიშანდობლივია, რომ, როცა რეგიონისა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის რაიმე დიალოგზე მიანიშნებენ, აჭარის ხელისუფლება ამას თითიდან გამოწოვილს უწოდებს და ასეთი ტიპის დიალოგების საჭიროებას კატეგორიულად გამორიცხავს ერთი მიზეზით – ჩვენ ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ…

მიუხედავად ზემოთთქმულისა, დიალოგის საჭიროებას ფინანსურ საკითხებზე არ გამორიცხავენ და აჭარასა და ცენტრს შორის ფინანსურ ურთიერთობებს, უკვე შესაბამისი კომისიაც კი სწავლობს. აღნიშნული კომისიის თუ სპეციალური ჯგუფის მუშაობის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. აჭარის ფინანსთა მინისტრის იაშა ჩავლეიშვილის თქმით, ჯგუფის წევრები ამ დღეებში ერთხელ კიდევ შეხვდებიან ერთმანეთს და ყოველივე ამის ირგვლივ, ინფორმაციასაც შემდეგ გასცემს.

აჭარის ფინანსთა სამინისტროში ინფორმაციის გაცემის კუთხით არსებულ გამყინვარებას, რომელიც ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს ეხება, არაფერი ეშველა, ეტყობა არც არაფერი ეშველება.

მიმდინარე 2004 წლის აჭარის ბიუჯეტის „ბედ-იღბალია“ ცნობილი. მის პროექტზე მუშაობა კი როგორც გვარწმუნებენ, კარგა ხანია რაც დაწყებულია.

აჭარის მეთაურის განცხადებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა კულტურის, ხელოვნების, განათლებისა და სპორტის განვითარების კუთხითაა მიმართული. მეთაურისთვის ეს ერთგვარად საამაყოც კი ყოფილა: „მარტო 2003 წელს, ამ კუთხით მიმართულია მთელი ბიუჯეტის 27,1% – ეს რაც გახარჯულია, როგორც ბიუჯეტიდან, ისე სხვადასხვა ფონდებიდან… ასეთი რამით, ალბათ, ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის“ – აღნიშნა ახალგაზრდული პარლამენტის გახსნის დღეს ასლან აბაშიძემ. „ამ კუთხით“ მუშაობა ალბათ მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

აი, „სხვა კუთხით“, აჭარის ბიუჯეტი ეტყობა ბუნდოვანია და არც არაფერია საამაყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


თედო ჯორბენაძე