მთიანი აჭარა

ერთი წლის ანდრიას წამალი და საკვები სჭირდება

01.10.2014 • 1849
ერთი წლის ანდრიას წამალი და საკვები სჭირდება

 

აბუსელიძეების ოჯახის მთავარი საფიქრალი პატარა ანდრიას ჯანმრთელობაა. ანდრია ერთი წლისაა და ბრონქები აწუხებს, ბავშვს სუნთქვა უჭირს და საყლაპავი მილის პრობლემაც აქვს. ამასთან, პატარას მარცხენა ფეხის ბარძაყი არ უვითარდება. მშობლების თქმით, ანდრიას ფეხზე დროული მკურნალობა თუ არ ჩაუტარდა, შესაძლოა სიარული ვერ შეძლოს, ხოლო შესაბამის წამლებს თუ არ მიიღებს, ბავშვი გაიგუდება. სუნთქვის გასაუმჯობესებლად ჟანგბადის აპარატი მას ნათესავებმა უყიდეს. ანდრიამ სუნთქვა რომ შეძლოს, ჟანგბადის აპარატის გარდა სპეციალური წამლების მიღებას დღეში სამჯერ საჭიროებს.

 

 

ერთი წლის ანდრიას მუდმივი მკურნალობა სჭი­რდება, ამის თანხა კი ოჯახს არ გააჩნია. ოჯახი სოციალურად დაუცველია, ოთხსულიანი ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს, ოთხივეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. პატარას გადასარჩენად მშობლები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

 

 

„ბავშვს განუვითარებელი საყლაპავი მილის გამო საკვების მიღება უჭირს. დღეში სამჯერ ჟანგბადი და მასთან ერთად წამალი რომ არ გავუკეთოთ, ცუდად ხდება. წამალი კი ძვირია, თან არამარტო ერთი დასახელების წამალი, რამდენიმე სჭირდება. ჟანგბადის აპარატიც ნათესავმა გვიყიდა, მუდმივი მკურნალობა სჭირდება ხუთ წლამდე, რომ განიკურნოს.

 

 

ივნისში ბათუმიდან შუახევში ექიმების ჯგუფი იყო ამოსული და მოსახლეობას უფასო გამოკვლევებს უტარებდნენ. რადგან ბავშვი ავადაა, ვიფიქრე გავასინჯებ-მეთქი, გასინჯეს,  რენტგენი გადაუღეს და ექიმმა მითხრა, მარჯვენა ფეხის ბარძაყი არ უვითარდებაო, მკურნალობა და მასაჟი სჭირდება განვითარებისთვის და თუ დროულად არ ჩაუტარდა კურსი, შესაძლოა ვერ გაიაროსო. მას შემდეგ სამ თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ სამკურნალოდ ვერ წავიყვანე, ამის საშუალება არ მაქვს, ჩემი ოჯახის შემოსავალი საარსებო შემწეობა – 204 ლარია და ისიც წამლებში არ მყოფნის… ყველას ვთხოვ დამეხმარონ, ბავშვი ცუდადაა და დროული მკურნალობა სჭირდება“, – ამბობს ბავშვის დედა, ნინო გოგიაშვილი.

 

 

რადგან ბავშვს საყლაპავი მილი არ აქვს განვითარებული, სპეციალური საკვები სჭირდება, რაც დამატებით ხარჯებს მოითხოვს. აბუსელიძეები ამბობენ, რომ ხშირად ბავშვის საკვებს – „ჰუმანას“ ნისიად ყიდულობენ.

 

 

ნანული დავითაძე
ნანული დავითაძე

„რადგან ასე მძიმედ არის, ჩვეულებრივ საკვებს ვერ ვაძლევ. მხოლოდ „ჰუმანას“ ვაჭმევთ, კვირაში 15 ლარის საკვები არ ჰყოფნის, ბავშვის საკვებზე რამე როგორ ან რანაირად ვთქვა, მაგრამ რამდენჯერ ნისიად გვიყიდია „ჰუმანა“, გამყიდველმაც რომ არ მომცეს, ხომ დამრჩა ბავშვი მშიერი, ახლა რა გვეშველება არ ვიცი, საარსებო შემწეობის მიღებამდე რამდენიმე დღეა, ოჯახში კი ერთი თეთრიც არ გაგვაჩნია. ბავშვს სასწრაფოდ წამლები, საჭმელი სჭირდება, რით ვიყიდო, ან საარსებო შემწეობით ოჯახი როგორ ვარჩინოთ, როცა ყველა სამკურნალოა, ყველას წამლები სჭირდება, წამალს თუ იყიდი, ტკივილი გაგივლის, მაგრამ დარჩები მშიერი, ულუკმაპურო. ფული რომ არ მქონდა, მაღაზიიდან ხან ფქვილი ამოვიტანე ნისიად, ხან შაქარი, ხან ბავშვის საკვები და 500 ლარი მაქვს გადასახდელი, იქაც ვერ მივდივარ. როგორ ვიარსებოთ?!

 

ავადმყოფი ქალი ვარ, თირკმელი მაწუხებს და თითქმის ყოველ დღე სასწრაფო მასულიერებს, მაგრამ სადმე ადგილს რომ ვნახავდე, ვიმუშავებ და ბავშვს საჭმელს მაინც ვუყიდი“, – ამბობს ანდრიას ბებია ნანული დავითაძე.

 

 

რთულადაა ანდრიას დედის, ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ექიმებმა ნინოს ჩირქოვანი ჰაიმორიტის და გლანდების დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფო ოპერაცია ურჩიეს, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, უფულობის გამო ჯანმრთელობას ვერ მიხედა, ხშირად გაუსაძლისი თავის ტკივილი აწუხებს.

 

 

„ავად კი ვარ, მაგრამ რა ვქნა? ჩემს თავზე არ ვფიქრობ, ოღონდაც ბავშვს ვუმკურნალებდე და შიშით არ ვიძინებდე, რომ ბავშვი არ გაიგუდოს. მაგრამ მეც თუ ჩავვარდი, პატარას ვინ მიხედავს?!“ –  ამბობს ნინო.

 

 

საოპერაციოა ანდრიას მამა, 22 წლის თემურიც. მასაც სასწრაფოდ აქვს ოპერაცია გასაკეთებელი. მდგომარეობის მიუხედავად თემური სამსახურის ძიებაშია, ამბობს, რომ მისთვის არც დახმარება გამოინახა და ვერც სამუშაო ადგილი.

 

 

„გასულ წელს ოპერაცია გავიკეთე, ფიზიკური მუშაობა ჩემთვის არ შეიძლება, ახლა კი საოპერაციო ვარ. ექიმმა მითხრა, თუ ოპერაციას დროულად არ გაიკეთებ, ჩირქი დაგიგროვდებაო, მაგრამ ჩემს თავს არ ვჩივი, ოღონდ სამსახურს ვნახავდე. არაერთხელ მივედი გამგებელთან, ავუხსენი ჩემი ოჯახის ვითარება, რომ ბავშვი მყავს სამკურნალო, მისი მდგომარეობა კრიტიკულია, ვთხოვე, ჰესების მშენებლობაზე დავესაქმებინე მედროშედ ან მზარეულის თანაშემწედ. მართალია, კერძო კომპანია აშენებს, მაგრამ გამგებლის შუამდგომლობის გარეშე არავის ასაქმებენ, გამგებელი მეუბნებოდა, მოიცადე ერთი თვე და დაგასაქმებო, ერთი თვის შემდეგ ანალოგიურ პასუხს ვიღებდი და ამ ლოდინში გავიდა თვეები, სამსახური კი ჩემთვის ვერა და ვერ გამოინახა. სხვას არაფერს ვთხოვ, ოღონდაც სამსახურს ვნახავდე და ოჯახში პურის ფულს შევიტანდე. ფიზიკურად ვიმუშავებდი, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ მიწყობს“, – ამბობს თემური.

 

 

„დაწერეთ რა მდგომარეობაც გვაქვს. აი, ხომ ხედავთ, რაც გაგვაჩნია, ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ოროთახიანი ბინა, რომელიც მომცეს და მადლობელი ვარ, რომ ისევ არ მაწვიმს სახლში, როგორც წლების განმავლობაში, მაგრამ მეც მშია და მტკივა. როცა ხედავ ბავშვი ავადაა, შია და შენ ვერც წამალს ყიდულობ და ვერც საჭმელს, ეს საშინელებაა, ყველას ვთხოვ დამეხმარონ, ბავშვს სამსახური გამოუნახონ მაინც, ნუ მიმიყვანებენ იმ დონემდე, საავტომობილო გზა გადავკეტო ასაკოვანმა ქალმა“, – ამბობს ნანული.

 

 

შუახევის მუნიციპალიტეტის  გამგებელი ტარიელ ებრალიძე „ბათუმელებთან“  ამბობს, რომ ოჯ­ახის მდგომარეობას პირადად შეისწავლის და შესაბამის დახმარებას გაუწევს. მან აქვე აღნიშნა, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდა.

 

 

ტარიელ ებრალიძე: „სოციალურად დაუცველი ოჯახი რომ არის და უჭირს ვიცოდი, თუმცა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ. გაჭირვებული ოჯახია და ხელისუფლებამ ამიტომ გადასცა საცხოვრებელი ბინა სოციალურ სახლში, ოჯახი იღებს საარსებო შემწეობას – 204 ლარს და ოჯახის ორი წევრი უფასო მუნიციპალური სასადილოთი სარგებლობს, ესეც ერთ-ერთი დიდი შეღავათია ოჯახისთვის. მუნიციპალიტეტში დავაარსეთ საქველმოქმედო ფონდი „ქველმოქმედება“, რომლის თავმჯდომარეც მე გახლავართ, ამ ფონდიდან აბუსელიძეებს 210 ლარით დავეხმარეთ. ამ თვის ბოლოს შევეცდები ფონდიდან ბავშვის საკვებისთვის 100 ლარი გავცეთ.

 

 

შევეცდები ის ახალგაზრდა კაცი დასაქმდეს, კიდევ ერთხელ გადავურეკავ შუახევჰესის მშენებელ კომპანიას, ავუხსნი, რომ ოჯახი მძიმე მდგომარეობაშია, ყოველდღიურად სჭირდება თანხა და ვთხოვ დაასაქმონ. ოჯახის მდგომარეობას პირადად შევისწავლი. ბიუჯეტში თანხა არ მაქვს, მაგრამ რაც შესაძლებელი იქნება დავეხმარები, თუნდაც საკუთარი ჯიბიდან, რომ საჭირო პრეპარატები ვუყიდოთ ბავშვს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: