მთიანი აჭარა

მოგზაურობა, როგორც ნარკოტიკი

26.03.2013 • 4047
მოგზაურობა, როგორც ნარკოტიკი

 

„ყველაზე ბედნიერი და თავისუფალი ვარ ლაშქრობებში. ფაქტობრივად მთელ შენ ცხოვრებას დროებით ქალაქში ტოვებ და სულ სხვა სამყაროში მიდიხარ, სადაც წინასწარ არასოდეს იცი რა მოხდება. დილაობით კოცონზე მოდუღებული ყავა მიყვარს  ყველაზე მეტად, ნელ-ნელა რომ ფხიზლდები, ბალახზე ზიხარ, ხელში ცხელი ჭიქა გიჭირავს და ცხვირს ორთქლზე ითბობ. კიდევ ლაშქრობებში შემთხვევით შემოფეთებული მასპინძლები, მეცხვარეები, მენახირეები, მონადირეები, საინტერესო ისტორიებს ყვებიან ხოლმე და თავიანთი კუთხის გემრიელობებით გვიმასპინძლდებიან,“  – ამბობს მაიკო ლუხუმაიძე, იგივე “პერწკლი”, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოხეტიალე ბლოგერი ქართულ ინტერნეტსივრცეში.

 

ხშირად ადამიანებს არ ესმით, რატომ დადიან სხვა ადამიანები ლაშქრობაში, რატომ იკლებენ კომფორტს, რატომ გაურბიან ცივილიზაციას. “პერწკლი” ამას ასე ხსნის:

 

„საინტერესოა ახალი ადამიანები, ახალი ემოციები, განცდები, ახალი ადგილები. ორდღიანი ლაშქრობიდან ემოციურად იმდენად დადებითად დამუხტული ჩამოვდივარ ხოლმე, ჩვეულებრივ პირობებში ალბათ ერთი თვე დამჭირდებოდა. რაღაც მომენტში საკუთარი თავის გამოცდაცაა, საკუთარი თავის სხვა მხრიდან დანახვის შესაძლებლობა. მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ დღეში 10 საათი გაუჩერებლად სიარული შემეძლო, თან დიდი ზურგჩანთით. კი, დამღლელია, მაგრამ დაღლილ-დაქანცული რომ ადიხარ აღმართზე, მეტი რომ აღარ შეგიძლია, მწვერვალს რომ ახვალ, ჩანთას მოიხსნი და უზარმაზარ სივრცეს გახედავ, რომელიც დაბლა მოიტოვე, იმხელა ბედნიერებაა, რომ ამად ღირს. ჩვენ ყველას გვაქვს კომფორტის ზონა, საიდანაც, როგორც წესი, იშვიათად გამოვდივართ. მაგრამ ერთხელ უნდა გარისკო და გამოხვიდე ამ ზონიდან,“ – ამბობს მაიკო ლუხუმაიძე.

 

„პირველ რიგში უკვე მოთხოვნილებად მექცა, რომ რაღაც პერიოდში ქალაქს მოვწყდე და ბუნებაში გავატარო დრო. მიყვარს თვითონ ლაშქრობის ატმოსფერო, დაწყებული წასვლისთვის მომზადებიდან, დამთავრებული სიარულით. საშუალება გაქვს  გაიცნო საინტერესო ხალხი, დაუმეგობრდე, ცეცხლის გარშემო დალიო და მოისმინო საინტერესო ისტორიები. უკან დაბრუნებული  ქალაქს უკვე სხვანაირად აღიქვამ და ერთფეროვანი აღარ გეჩვენება რაღაც პერიოდი,“ –  ამბობს გეომორფოლოგი დავით ბახსოლიანი.

 

„ლაშქრობა არის ისეთი მომენტი, ერთხელ თუ წახვედი და შეიგრძენი, ნარკოტიკივით არის. ნარკოტიკი შეიძლება გადააგდო, მაგრამ ლაშქრობას ვერ გადააგდებ. კარგი ჩვევაა, რომელსაც ვეჩვევი. პირველ რიგში, ეს არის ემოცია და მეტი არაფერი. ბუნებასთან რჩები შენ და საერთოდ სხვა სამყაროში გადადიხარ. პარალელური სამყაროა ქალაქიდან რადიკალურად განსხვავებული. საერთოდ აღარ ფიქრობ არაფერზე, რასაც ფიქრობ ჩვეულებრივად, სამსახურში როცა ხარ. საერთოდ იცვლება ადამიანი, რადიკალურად ტრიალდები,“ –  ამბობს მათე მაყაშვილი,  რომელიც საქართველოში ბევრს მოგზაურობს.  

 

       ფოტო: მაიკო ლუხუმაიძე

 

კითხვაზე, რას აძლევს ბუნება და მოგზაურობა, მათე პასუხობს:

 

„სხვანაირი ადამიანი ხდები. შენს რეალურ სახეს პოულობ ბუნებასთან ურთიერთობის დროს. ქალაქში ყველა დადის ნიღბით, ბუნებაში ამას ვერ ითამაშებ. გამორიცხულია. ბუნება არ გიქმნის ისეთ პირობებს, შენ ნიღაბი მოირგო. ხარ ის, რაც ხარ. ცხოვრების მუღამიც ეს არის, რომ  შენი თავი იპოვო რაღაც  ვარიანტში. ბუნებაც გეხმარება ამაში. ხვდები ვინ ხარ საერთოდ, სხვებსაც იცნობ. ადამიანის ხასიათის გაგება ყველაზე ადვილი არის მაშინ, როდესაც მასთან ერთად მიდიხარ ბუნებაში. ლაშქრობაში წასვლა ჩემთვის არის წმინდა რიტუალი. ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება, წამიყვანე, წამიყვანე. მე დიდხანს ვფიქრობ, მესიამოვნება თუ არა იმ ადამიანთან ერთად წასვლა. სამსახური ხელს გიშლის იმაში, რომ ორ დღეზე მეტით წახვიდე. თითქმის ყოველდღე ვნახულობ სიზმარში, რომ ვარ სადღაც მთის წვერზე, კარავში… კოცონთან ვზივარ ჩემს მეგობრებთან ერთად, ვლაპარაკობ. ან კიდევ სადღაც ციხის ქონგურზე ვზივარ და ზემოთ არწივები დაფრინავენ. ასეთ დროს მარტო ძველი ფოტოების თვალიერება თუ მშველის,“ –  ამბობს მათე.

 

რა უნდა ახსოვდეს ყოველთვის მას, ვინც სალაშქროდ წასვლას გადაწყვეტს? დავით ბახსოლიანი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ზურგჩანთა სწორად გქონდეს ჩალაგებული.

 

„ყველას აქვს რაღაც ჩვევები, მაგრამ ჩემი აზრით აუცილებელია, რომ „რუგზაკი“ კომპაქტურად გქონდეს ჩალაგებული, რომ კომფორტულად მოირგო ზურგზე.  აუცილებლად უნდა გქონდეს საწვიმარი და ფეხზე გეცვას კომფორტული ფეხსაცმელი, შუა გზაში, რომ არ დაგაღალატოს. ტანსაცმელი უნდა იყოს რაც შეიძლება მსუბუქი და თბილი. აუცილებელი აღჭურვილობაა კარავი, საძილე ტომარა, რუგზაკი, “პარალონი”. კარგია თუ წინასწარ გაქვს მარშრუტი კარგად გაწერილი, მაგრამ მეტი თავგადასავლისთვის შეიძლება მანდ ცოტა იცუღლუტო,“ – ამბობს დავითი.

 

„ზოგადად, ლაშქრობაში რომ მიდიხარ, უნდა იცოდე, როგორ მოიქცე, რომ საკუთარ თავს და სხვებს პრობლემები არ შეუქმნა. განსაკუთრებით მაშინ, როცა გამოუცდელი ხალხი ბევრია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წესი ე.წ.  “ჩამკეტის” წესია. ჯგუფის სიარულის დროს „ჩამკეტი“ ყველაზე ბოლოს მოდის და აკონტროლებს, არავინ ჩამორჩეს. ყოფილა შემთხვევები, როცა ჯგუფიდან ხალხი ჩამორჩა და ღამის გათევა ციცაბო ქედზე მოუწიათ, ყოველგვარი აღჭურვილობის და სითბოს გარეშე,“ –  ამბობს მაიკო ლუხუმაიძე.

 

მათე მაყაშვილი ყველაზე რთულ მოგზაურობას იხსენებს და ამბობს, რომ სირთულეების მიუხედავად ლაშქრობა მაინც ყველაზე საუკეთესო რამაა.

 

„წელს ფშავიდან გადავედით თუშეთში ბორბალოს უღელტეხილით. რთული იყო იმიტომ, რომ პირველ რიგში ჯიპიესი გაგვიფუჭდა და დავიკარგეთ. უცნაურ ხეობაში ჩავედით, ჩანჩქერებით იყო დახუნძლული. რატომღაც ძალიან ცუდ შეკიდულ ადგილას გავშალეთ კარავი, სადაც დათვები დასეირნობდნენ. მერე იქიდან როგორც იქნა გადმოვედი, მერე ერთი ცუდად გახდა, მერე კიდევ გზა აგვერია, მერე მდინარეს მივყვებოდით, მერე კლდეზე ჩამოვცურდი, ფეხი გავიხიე, სიკვდილს თვალებში ჩავხედე და ასე გრძელდებოდა ერთი კვირის განმავლობაში. ეს იყო ყველაზე რთული, მაგრამ ყველაზე სასიამოვნო ლაშქრობა ჩემს ცხოვრებაში. მომწონს ადგილობრივებთან ურთიერთობა, სხვა ადამიანები არიან და მე ვხედავ სხვა სივრცეებს, რომლებიც არსებობს ჩვენ გარშემო. ამას ქალაქში მყოფი ადამიანი ვერასდროს მიხვდება“. 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი