კვირის ამბები

თბილისელი ოსტატის ნახელავი და ხელოვნების ნიმუშთა მუზეუმი ანკარაში

14.10.2015 • 2940
თბილისელი ოსტატის ნახელავი და ხელოვნების ნიმუშთა მუზეუმი ანკარაში

 

თურქული კულტურა, ზოგადად, საქველმოქმედო ფონდების კულტურად იწოდება. ჯერ სელჯუკთა და შემდეგ ოსმალთა სასულიერო დაწესებულებების ფარგლებში ტრადიციულად იქმნებოდა ფონდები, სადაც ხდებოდა გარკვეული ქონების აკუმულირება, რაც საშუალებას იძლეოდა დახმარებოდნენ გაჭირებულ მოსახლეობას, გამოეკვებათ ისინი, ემკურნალათ, მიეცათ განათლება. ფონდების მუშაობა სპეციალური კანონებით იყო დარეგულირებული. რელიგიურ ცენტრებისთვის შეწირული სხვადასხვა დანიშნულების ნივთები საუკუნეების განმავლობაში სწორედ ამ ფონდებში გროვდებოდა.

 


ყველა სიძველე, ხალიჩები, ფარდაგები, კერამიკული ჭურჭელი, ხის ავეჯი, თითბრის შანდლები, ხელნაწერი დოკუმენტები, საათები თუ სხვა ათასი წვრილმანი – დროთა განმავლობაში დრომოჭმულ და უსარგებლო ნივთებად იქცა. ცვეთისა და სიძველის გამო მათი დიდი ნაწილი საცავებში იყრიდა თავს. პრემიერის სამსახურთან არსებული საფონდო გაერთიანების დირექტორატის ინიციატივით, ეს საცავები გაიხსნა, ნივთები აღირიცხა, შეისწავლეს, რესტავრაცია ჩაუტარეს და რეალურად გადაარჩინეს. დაახლოებით იგივე პროცესი, რასაც თავის დროზე ექვთიმე თაყაიშვილი ეწეოდა, როდესაც დასაკარგად განწირულ საეკლესიო ნივთებს სამუზეუმო ექსპონატებად აგროვებდა. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში კი ამ ბნელი საცავებიდან წარსულის უნიკალურმა ნივთებმა თანამედროვედ აღჭურვილ საგამოფენო დარბაზებში გადაინაცვლეს.

 

ასე შეიქმნა საქველმოქმედო ფონდების ხელოვნების ნიმუშთა მუზეუმები თურქეთის სხვადასხვა ქალაქში: სტამბოლში, ანკარაში, გაზიანტეპში, კონიაში, თოკატში, ედირნეში, კასტამონუსა და სხვა პატარა ქალაქებში.

 

ამგვარი მუზეუმების შექმნით, სადაც გამორჩეული ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი, მემკვიდრეობა წარსული თაობიდან ახალ თაობას გადაეცემა. იმ ფასეულობების სწორად აღქმა და შეფასება, რომელიც საზოგადოებისთვის საბაზრო ეკონომიკით მინიჭებულ ფასზე უფრო ღირებული უნდა იყოს.

 

ანკარის მუზეუმი 2008 წელს გაიხსნა და მდებარეობს ანკარის გულში, სიჰიეს უბანში, ათათურქის ბულვარზე. გადაღმა ოპერის და ბალეტის შენობაა, გვერდით კი – ეთნოგრაფიული და ფერწერისა და ქანდაკების მუზეუმები. მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაშია განთავსებული, შენობა ადრე რესპუბლიკურ ხანას ეკუთვნის.

 

როდესაც ათათურქმა თურქეთის რესპუბლიკა დააფუძნა და 1923 წელს დედაქალაქად ანკარა გამოაცხადა, მაშინ ანკარა პატარა და პროვინციული ქალაქი იყო. შესაბამისად, არ არსებობდა აქ ინსტიტუციები და არც მათთვის შესაფერისი შენობები. სწორედ ადრე რესპუბლიკურ პერიოდს ეკუთვნის ანკარის ყველაზე გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობები, მათ შორისაა ამ მუზეუმის შენობაც. 1927-1928 წლებში ის აშენდა როგორც სამართლის სკოლა. შენობას ათიოდე წლის უკან რესტავრაცია ჩაუტარდა ავთენტური ელემენტების შენარჩუნებით და იმავდროულად მოხდა სივრცის სამუზეუმოდ ადაპტირება.

 

ანკარის მუზეუმს უფრო ხალიჩების მუზეუმის სახელით იცნობენ, თუმცა აქ გაცილებით მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ხალიჩების კოლექცია.
XVIII საუკუნის ქააბას საბურველის ფრაგმენტი აბრეშუმის მსუყე ნაქარგობით ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია მდიდრულად ნაქარგ ქსოვილთა შორის. წარწერა იტყობინება, რომ ის აქ ნევშეჰირის ქებირ ქურშუნლუს მეჩეთიდან მოხვდა. აქვეა წარმოდგენილი ჰაჯის პილგრიმობისას მომლოცველთა მიერ მექადან ჩამოტანილი სხვადასხვა სამახსოვრო ნივთი და სუვენირი.

 

მუზეუმში ხელნაწერთა მცირე, მაგრამ გამორჩეული ხარისხის კოლექციაა დაცული. წიგნების უმეტესობა ბაროკოს სტილშია გაფორმებული, რომელიც ოსმალეთის ისლამურ ხელოვნებას XVIII საუკუნიდან ახასიათებდა. აქ არის როგორც ყურანები, ასევე სხვადასხვა საკანცელარიო დოკუმენტები, რვეულები, ხოლო საქველმოქმედო ფონდების რეგულაციების წიგნების შემკულობის ხარისხი მოწმობს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ოსმალეთში საქველმოქმედო საქმიანობასა და ფონდებს.

 

მუზეუმს ხალიჩებისა და ფარდაგების მრავალფეროვანი კოლექცია გააჩნია, რომელთა უმეტესობა ანატოლიის სხვადასხვა რეგიონიდანაა თავმოყრილი: კონია, კულა, გორდეზი, კირშეჰირი, ბერგამა, უშაკი და სხვა, ასევე წარმოდგენილია ნიმუშები ანტალიის რეგიონიდან და კავკასიიდან. ყველა ეს ნამუშევარი თურქეთის ხალხთა ქსოვის კულტურის ამსახველია.

 

მნახველს პირველივე დარბაზში ანატოლიელი ოჯახის იმიტირებული სახლი ეგებება, კუთხეში ქალი ხალიჩას ქსოვს, დაზგა კი ორიგინალია. ხალიჩები და ფარდაგები სპეციალურ მოძრავ სტენდებზეა დამაგრებული, რომელთა გადაადგილებით ახალ-ახალი ფერად-ფერადი დიდი ხალიჩები იხსნება, პატარა ხალიჩები კი წიგნებივით აკინძულ სტენდებზეა გაწყობილი და მათი დათვალიერება სტენდების „გადაფურცვლითაა“ შესაძლებელი. ყველაზე დიდი ხალიჩები კი მინის იატაკის ქვეშაა მოქცეული და მნახველს ზედ გავლაც კი შეუძლია. ამგვარი თანამედროვე მექანიზმების გამოყენებით ბევრად მეტი ექსპონატი ხდება ხელმისაწვდომი. მნახველს კი შესაძლებლობას აძლევს, პასიური მაყურებლიდან აქტიურ დამთვალიერებლად იქცეს.

 

როგორც მოგახსენეთ, ყველა ნივთი მეჩეთებთან არსებული საფონდო საცავებიდან მომდინარეობს. შესაბამისად, აქ წარმოდგენილი ხალიჩებისა და ფარდაგების კოლექცია ერთ დროს მეჩეთების ინტერიერებს ამშვენებდა. ასეთი წესი არსებობს, მიცვალებულის სახელზე მეჩეთს ხალიჩას ან ფარდაგს სწირავდნენ, ამ ხალიჩების აბსოლუტური უმრავლესობა ანატოლიელი ქალების ნახელავია, რომლებიც არა კომერციული მიზნებით, არამედ საოჯახო მოხმარებისთვის იქმნებოდა. ამდენად, ყველა ფარდაგი თუ ხალიჩა არის ერთადერთი, განუმეორებელი და უნიკალური. თუმცა ამ ერთადერთობის ფონზე ისინი იმ კულტურის, თემის ან საზოგადოების ნიშან-თვისებებსა და სულიერ განწყობებს ატარებენ, რომელსაც მქსოველი ქალი ეკუთვნოდა.

 

მუზეუმში სტუმრობისას გიდი გვიხსნიდა, რომ ხალიჩები და ფარდაგები ანატოლიელი ქალების ისტორიას ყვებიან, მათ ცხოვრებას, მათ განცდებს, მათ ფანტაზიებს. რას ჩააქსოვდა ახალგაზრდა გოგონა თავის ხალიჩაში, ამით ხვდებოდნენ ოჯახის წევრები მზად იყო თუ არა ქალი ოჯახის შესაქმნელად, რა იყო მის გულში – ბედნიერება თუ სევდა.

 

ორნამენტები, რომელიც ქსოვისას გამოიყენებოდა, ცხადია, სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს ფერებს, რომლითაც ხალიჩის ექსპერტები არა მხოლოდ მის რეგიონალურ კუთვნილებას, არამედ ასაკსაც იოლად ადგენენ.

 

ჩემს კითხვაზე, თუ რომელია ყველაზე ძველი ხალიჩა, მასპინძლებმა XVI საუკუნის ხალიჩის ფრაგმენტი მიჩვენეს, რომელიც საუკუნეების მანძილზე ქალაქ კასტამონუს ნასრულაჰის მეჩეთში ინახებოდა.

 

– სელჯუკური სალოცავი ნოხი არაა დაცული? – იყო ჩემი შემდგომი კითხვა.
– ნოხი არა, მაგრამ ხეზე კვეთის ფრაგმენტები არის.

 

ამ ეპოქის წარმოსაჩენად მათ ხეზე კვეთის ბრწყინვალე ნიმუშებთან მიმიყვანეს და დასძინეს, რომ რეალურად აქ დაცულ ნივთებს შორის ყველაზე ძველი ნიმუშები სწორედ ესაა: ხის კარი და ხუთი პანელი დივრიღიდან.

 

დივრიღი სელჯუკური ხელოვნების გამორჩეული და უნიკალური არქიტექტურული კომპლექსია, რომელიც ცენტრალურ თურქეთში, ქალაქ სივასთან ახლოს მდებარეობს. იუნესკოს ძეგლთა სიაში არსებული კომპლექსი XIII საუკუნით თარიღდება და მოიცავს მეჩეთსა და ჰოსპიტალს, რომელთა ქვის პორტალები უნიკალურია ისლამური არქიტექტურისათვის და განსაკუთრებით მაღალი რელიეფის გეომეტრიული ორნამენტითა და ფიგურული გამოსახულებებით გამოირჩევა. დივრიღი სელჯუკთა ერთ-ერთი წარმატებული შტოს, მენგუჯუკთა დინასტიის წარმომადგენლების – აჰმადშახისა და თურან მალიქის მიერ იყო აშენებული 1228-1229 წლებში.

 

დივრიღის წარწერებში მშენებელ ოსტატთა შორის ნახსენებია ვინმე აჰმად, პირველად აღმოსავლეთის პორტალის მშენებლად, დაზიანებულ წარწერაში, სადაც სახელის შემდეგ წარწერა აღარ იკითხება, მეორედ კი ხის მინბარის ოსტატად, Aḥmad ibn Ibrāhīm al-Tiflīsī, სადაც უკვე გარკვევით ჩანს მისი წარმომავლობა – თბილისი.

 

სწორედ ამ მინბარის ფრაგმენტებია დაცული ანკარის მუზეუმში, ჩემი შორეული თანამოქალაქის, ეტყობა მუსლიმი ქართველის ნამუშევარი, რომელიც, როგორც ჩანს, სამუშაოს საძიებლად მონღოლობადატეხილ თბილისს გამოექცა და შემოქმედებითი ასპარეზი აქ, ანატოლიის პლატოზე ჰპოვა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: