კვირის ამბები

”მთავარია, ბავშვები ნუ იქნებიან მშივრები” – სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ცოლ-ქმრის ცხოვრება განქორწინების შემდეგ

01.09.2015 • 1465
”მთავარია, ბავშვები ნუ იქნებიან მშივრები” – სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ცოლ-ქმრის ცხოვრება განქორწინების შემდეგ

 

ნოდარი და ნაზი ოფიციალურად რამდენიმე თვის წინ განქორწინდნენ. ნაზი, შვილებთან ერთად, ნოდარის დედისგან მემკვიდრეობით მიღებულ ხის სახლში ცხოვრობს, ნოდარი კი მშობლიური სახლის გვერდით წლების წინ აშენებულ ავარიულ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. ნაზი ამბობს, რომ განქორწინების მთავარი მიზეზი სიღარიბე და ამის გამო ოჯახში მუდმივ კონფლიქტები გახდა. 

 

„მომბეზრდა ასეთი ყოფა, ყოველდღე ჩხუბი, გაჭირვება, გაუსაძლისი მდგომარეობა. ბოლოს ქმარსაც ოფიციალურად გავშორდი, მე ჩემთვის ვიქნები ის მისთვის, ასე ჯობს“, –  ამბობს ნაზი.

 

სახლს, სადაც ათი წლის ტყუპები იზრდებიან, ელექტროენერგია არ მიეწოდება. ნაზის და ნოდარს ოთხი შვილი ჰყავთ, ოჯახში არავინ მუშაობს და სოციალური შემწეობაც მოუხსნეს.

როგორც ნაზი შაინიძე ამბობს, იმისთვის, რომ შუქი ჩაურთონ, აბონენტად დრეგისტრირებაა საჭირო, რაც დამატებით ხარჯებს მოითხოვს.

 

„შუქის ჩართვისთვის 400 ლარი გვჭირდება. გვეუბნებიან, ამისთვის აბონენტი უნდა გახდეთო. 

არ ვმუშაობ, შემოსავალი არ მაქვს და სად ვნახო ერთდროულად 400 ლარი? იმდენი მიწა მე არ მაქვს ბოსტნეული მოვიყვანო და გავყიდო, ან პირუტყვი მოვაშენო. ერთი წელია დახმარებაც აღარ გვაქვს, მოგვიხსნეს. მიზეზი არ ვიცი. ისე გავმწარდი, ავედი სოციალურ სააგენტოში და ვუთხარი, რით ვარჩინო ბავშვები, რატომ არ მინიშნავთ დახმარებას, ავდგები და სულ წავალ სახლიდან-მეთქი და მერე ვინ მიხედავს ბავშვებს?! თქვენ მიხედავთ?! ასე მითხრეს, ქულა პროგრამას გამოჰყავს, ჩვენ არაფერს შუაში არ ვართო“, – ამბობს ნაზი.

 

სახლში, სადაც ეს ოჯახი ცხოვრობს, არც მაცივარია და არც გაზქურა. იატაკი ამოცვენილია.

 

„მისაღებ ოთახში იატაკი რომ ამოცვივდა, გვერდით ოთახში გადმოვინაცვლეთ. კარ-ფანჯარაც დალპა, გამოსაცვლელია. 2013 წელს სამასალე მერქანის მოსატანად ნებართვა მივიღეთ და 360 ლარიც გადავიხადეთ. ერთი წლის ვადა მოგვცეს, თუმცა ვადამდე ადრე შეგვიჩერეს ნებართვა, ვერ მოვახერხეთ მასალის გამოტანა, მას შემდეგ ასე ვართ, იატაკამოცვენილ ოთახებსა და ჩამპალ კარ-ფანჯრებში. გადახდილი თანხა მაინც დაგვიბრუნონ ან ნებართვა გაგვიგრძელონ“, – ამბობს ნაზი.

 

სახლი, სადაც ნოდარი მარტო ცხოვრობს, დაზიანებულია. გეოლოგიურ დასკვნაში წერია, რომ საცხოვრებელი სასწრაფოდ გამაგრებას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში – სიცოცხლისთვის სახიფათოა. აქ ცხოვრება რომ საშიშია, ნოდარმაც იცის, თუმცა სახლის გამაგრება დამოუკიდებლად ვერ შეძლო.

 

„არ ვმუშაობ და სახლის გასამაგრებლად საჭირო თანხა სად მენახა? აი, ნახეთ ბზარები“, – ნოდარი შპალერს წევს და კედელზე ბზარებს მაჩვენებს. იგი ამბობს, რომ სოციალური შემწეობის აღდგენის მოთხოვნით წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და ორგანიაზაციას გაუგზავნა. მას არავინ გამოხმაურებია.

 

„მე არ ვითხოვ დამინიშნონ დახმარება. ბავშვებს დაუნიშნონ სოციალური შემწეობა. ჩემთვის მთავარი ბავშვების მდგომარეობაა, ისინი არ დარჩნენ მშივრები, მათ არც დახმარება აქვთ და არც ელექტროენერგია.
ნოდარს ჰქონდა მცდელობა, ბავშვებისთვის ელექტროენერგია ჩაერთო, მაგრამ, თავად ამბობს, რომ ეს მცდელობა პატიმრობად დაუჯდა.

 

„2012 წელს ენერგოკომპანიამ ჩემი ელექტროგაყვანილობის ხაზი აიღო. კომპანიას ვთხოვდი, ჩემი ქონების დაბრუნებას, მაგრამ არ დამიბრუნეს. ვუჩივლე. კომპანიის თანამშრომელმა, მერაბ აბულაძემ ჩვენება მისცა, რომ თითქოს გაყვანილობა არ არსებობდა. ერთ დღეს, როდესაც ეზოში შეშას ვხერხავდი, მერაბიმ გამოიარა. გავეხუმრე, თუ სიმართლეს არ იტყვი, მოგკლავ-მეთქი. ხელი გამკრა და „დრუჟბამ“ გაკაწრა. ორი თვის შემდეგ პროკურატურაში დამიბარეს, განზრახ მკვლელობაში დამადანაშაულეს. წინასწარი პატიმრობა 5 თვეს გაგრძელდა, ბრალი ვერ დამიმტკიცეს და სასამართლომ გამომიშვა. ამდენი პრობლემის მერე შუქი მაინც არ ჩართეს“, – ყვება ნოდარი.

 

ნოდარის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. ხშირად ავადმყოფობს ყოფილი მეუღლე – ნაზიც.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბუჩაძე აცხადებს, რომ ამ ოჯახებს დახმარების თხოვნით გამგეობისთვის არ მიუმართავს. მისი თქმით, გამგეობა ფინანსურად მხოლოდ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახებს ეხმარება. გამგებელი ამბობს, რომ ოჯახის მდგომარეობით დაინტერესდებიან:

 

„უფლება გვაქვს სააგენტოში შუამდგომლობა გავუწიოთ იმ ოჯახებს, რომლებიც მოგვმართავენ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას სააგენტო იღებს. ფინანსური დახმარების პროგრამა გვაქვს, რომლითაც სოციალურად დაუცველი ოჯახებზე, ერთჯერადად, 50-200 ლარს გავცემთ, თუმცა ოჯახს ამ ტიპის დახმარებაზეც არ მოუმართავს. მათთან დაკავშირებით აუცილებლად ვიმსჯელებთ“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: