კვირის ამბები

რამდენ ხანს და რისთვის უნდა ვატაროთ ბრეკეტები

29.08.2015 • 21507
რამდენ ხანს და რისთვის უნდა ვატაროთ ბრეკეტები

ქეთევან ბალაძე

რა არის არასწორი თანკბილვა და რა იწვევს მას? – ექიმი ორთოდონტი ქეთევან ბალაძე ამბობს, რომ ყბა-სახისა და კბილთა სისტემის ანომალიების ეტიოლოგიას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას სტომატოლოგიის დარგი – ორთოდონტია შეისწავლის. ორთოდონტული მკურნალობის ძირითადი ამოცანაა ყბა-კბილთა სისტემის ფორმის გაუმჯობესება, ანუ კბილების ან კბილთა მწკრივის გადანაცვლება, თანკბილვის რეგულირება, ქვედა ყბის სახსრების ფუნქციის მოწესრიგება, საღეჭი კუნთების ფუნქციის მოწესრიგება და სხვა. თანკბილვა კბილების შეკვრის სახეა. ნორმად მიიჩნევა ორთოგნათიული თანკბილვა, რომლის დროსაც ზედა კბილები ოდნავ გადმოკბილავენ ქვედა კბილებს. ყბასთან ან კბილებთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი შეიძლება იყოს როგორც გენეტიკური, ისე შეძენილი – სხვადასხვა ტრავმის, ბავშვობაში თითის წოვის, ან კბილების დაკარგვის შედეგად.

ბრეკეტ-სისტემის ნაირსახეობები – ექიმი ორთოდონტი ამბობს, რომ თანკბილვის ანომალიების სამკურნალოდ გამოიყენება მოსახსნელი და მოუხსნელი, პირშიგნითა და პირგარეთა, ფუნქციური და მექანიკური მოქმედების ორთოდონტიული აპარატები. პაციენტებისთვის კარგად ნაცნობი ბრეკეტები მოუხსნელი აპარატია. ბრეკეტები დამაგრებულია თითოეული კბილის ზედაპირზე და ერთმანეთთან მავთულითაა დაკავშირებული. იგი შეიძლება იყოს მეტალის, კერამიკისა და საფირის. “თუ პაციენტი გამძლეობის მიხედვით ირჩევს ბრეკეტს – მეტალის სჯობს, ესთეტიურად კი კერამიკა და საფარი აჯობებს, რადგან შორიდან ორივე მათგანი თითქმის შეუმჩნეველია”, – განმარტავს ქეთევან ბალაძე. არსებობს ლინგვალური ბრეკეტებიც, რომლებიც შიგნიდან ეწებება კბილებს და პრაქტიკულად შეუმჩნეველია უცხო თვალისთვის. ორთოდონტის თქმით, ლინგვალურ ბრეკეტებს უფრო მცირე პათოლოგიების დროს იყენებენ. ნაკლებად გამოხატული პათოლოგიების გამოსასწორებლად გამოიყენება გამჭვირვალე, მოსახსნელი კაპებიც.

რა ფუნქცია აქვს ბრეკეტებს – ქეთევან ბალაძე ამბობს, რომ პაციენტებს ბრეკეტების მთავარი ფუნქცია წინა კბილების გასწორება ჰგონიათ, თუმცა რეალურად ორთოდონტიული აპარატების ძირითადი მიზანი, პირველ რიგში, საფეთქელ-ქვედა ყბის ფუნქციის მოწესრიგება, შემდეგ საღეჭი კბილების კონტაქტის აღდგენა და ბოლოს – წინა კბილების გასწორებაა. ბრეკეტებით შესაძლებელია ასევე კბილთა კალების გასწორება ორთოგნათიული ოპერაციის წინ. თუ პაციენტს არ მოსწონს თავისი სახე, უნდა ყბის გაზრდა ან დაპატარავება, პროფილის შეცვლა, აწუხებს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი, მაშინ ორთოდონტი და ორთოგნათი ქირურგი გეგმავენ, პაციენტს რომელი კბილის
ამოღება სჭირდება და ბრეკეტებით რომელი მიმართულებით უნდა გადანაცვლდეს კბილები. 1,5-2 წელიწადში პაციენტის ყბები მზადაა ოპერაციისათვის. ოპერაციიდან 6 თვის შემდეგ იხსნება ბრეკეტები.

რა ასაკიდან შეიძლება ორთოდონტული აპარატების ტარება – ქეთევან ბალაძე ამბობს, რომ საამისოდ ასაკი განსაზღვრული არ არის. “ადრე მიიჩნეოდა, რომ ცალკეული კბილების დგომის გასასწორებლად მხოლოდ პატარა ასაკში უნდა გაკეთებულიყო ბრეკეტები, მაგრამ ახლა შეიცვალა მიდგომა და შეიძლება ნებისმიერ ასაკში მოუნდეს კბილის გადანაცვლება ადამიანს. მაგალითად, პაციენტს სჭირდება კბილის ჩასმა, რისთვისაც საჭიროა კბილების გადანაცვლება გარკვეული მიმართულებით”, – ამბობს ის. თუ ბავშვს აღენიშნება რასწორი
თანკბილვა, ორთოდონტი სპეციალური ფირფიტოვანი აპარატით ან კაპებით, ბრეკეტების გარეშე გაუსწორებს მას კბილებს. ბავშვების კბილების გასწორება ბრეკეტ-სისტემის გარეშე შესაძლებელია მხოლოდ 10-11 წლის ასაკამდე, როდესაც კბილები უფრო დამყოლია და მათი ადგილმდებარეობის შეცვლა შესაძლებელია ფირფიტებით.

ორთოდონტის თქმით, გართულებების თავიდან აცილება ადრეული ასაკიდანვე, სპეციალური მასაჟებითაც არის შესაძლებელი, როცა ექიმთან
კონსულტაციის შემდეგ, დედა საჭირო მიმართულებით აწვება ბავშვის კბილს. “როცა ბავშვს არასწორად ამოდის კბილი, მისთვის უკვე შეიძლება მასაჟის გაკეთება და კბილებისთვის სწორი მიმართულების მიცემა. მასაჟები ეფექტურია 7 წლამდე. მაგალითად, ჩემს შვილს მასაჟი ვაკეთებინე ენით, ათი დღის განმავლობაში ვეუბნებოდი, რომ ენით მიწოლოდა ზედა ორ კბილს ერთად და მივიღეთ კარგი გადმოკბილვა”, – ამბობს ქეთევან ბალაძე.

რა დრო სჭირდება მკურნალობას – ეს პათოლოგიის სიმძიმეზეა დამოკიდებული. თუ ბრეკეტ-სისტემა პაციენტს ორივე ყბაზე უკეთდება და
სწორდება თანკბილვა, მკურნალობის დრო წელიწადნახევრიდან ორ წელიწადნახევრამდე გრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული კბილების გადანაცვლება უნდა მოხდეს, შეიძლება ბრეკეტების ტარება სამი ან ექვსი თვე დასჭირდეს პაციენტს.

როგორ მოვუაროთ ბრეკეტებს – ქეთევან ბალაძის თქმით, პაციენტს ბრეკეტებით ეკრძალება საკვების ჩაკბეჩა. “უნდა ჭამოს დანითა და ჩანგლით. არ შეიძლება საღეჭი რეზინი, შოკოლადი, ნუგა, ე.წ. “სუხარიკები” და სხვა მაგარი საკვები. ასევე, ჩიფსი და კოკა-კოლა, რომლებიც ირგვლივ ერტყმის ბრეკეტს და იწვევს ემალს დაზიანებას”. ექიმის თქმით, ჰიგიენა უნდა იყოს იდეალურად დაცული. ყველა ჭამის შემდეგ პაციენტმა, სპეციალური ჯაგრისების საშუალებით კარგად უნდა გაიწმინდოს კბილები, რათა არ დაიშალოს ან არ დაზიანდეს ემალი. საამისოდ აფთიაქებში იყიდება სპეციალური ჯაგრისები და ირიგატორები – ჰიდრომასაჟორი, რომელიც სითხის ძლიერი ჭავლის შეფრქვევით გამორეცხავს კბილებს შორის შუალედებს. მისი ფასი დაახლოებით 100 ლარამდეა.

საქართველოში მეტალის ბრეკეტების ფასი (ერთ ყბაზე) საშუალოდ 600 ლარამდე, კერამიკისა კი – 1000 ლარამდეა. გამჭვირვალე კაპების ფასი კი 50 ლარიდან იწყება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: