კვირის ამბები

“ლარი როგორც მსხვერპლი “ , ანუ რატომ გაუფასურდა ტურისტულ სეზონზე ეროვნული ვალუტა

26.08.2015 • 1759
“ლარი როგორც მსხვერპლი “ , ანუ რატომ გაუფასურდა ტურისტულ სეზონზე ეროვნული ვალუტა


ქეთი კრიალაშვილი
ქეთი კრიალაშვილი

ქალბატონო ქეთი, ლარის კურსთან დაკავშირებით მთავრობა ტურისტულ სეზონზე აკეთებდა გათვლას, სეზონის ბოლოს ლარი ისევ გაუფასურდა. მთავრობის მოლოდინი არ გამართლდა. რატომ?

ვალუტის კურსზე არამარტო ტურიზმი, არამედ  გარკვეული ეკონომიკური პროცესები ახდენს ზეგავლენას – ექსპორტი, იმპორტი და ასე შემდეგ. თუმცა, ჩვენ ამ ეკონომიკური პროცესების კვალდაკვალ ვერ მივიღეთ ის შედეგი, რაც უნდა დაფიქსირებულიყო ლარის კურსთან მიმართებაში. შედეგად ჩნდება ეჭვი, რომ აქ იკვეთება გარკვეული ჯგუფების ინტერესები, რაზეც ჩვენთვის ცნობილი არ არის.

 

შესაძლებელია სწორედ გავლენიანი ვიწრო ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე უფასურდება ლარის კურსი და მასთან მიმართებაში ეკონომიკური პროცესები თითქმის აღარაფერ შუაში არ არის. ის, რასაც შეიძლებოდა გაემყარებინა ლარი, ანუ მოლოდინი ტურიზმთან მიმართებაში, ვერ სრულდება. თუ რა დაემართება ლარის კურსს ხვალ და ზეგ, ამის თქმა ჩვენ სწორედ იმიტომ არ შეგვიძლია, რომ გათვლები აბსოლუტურად სხვა შეიძლება ყოფილიყო და შედეგები არ გვაქვს შესაბამისი.

 

 

 მაინც ვის მიმართ ჩნდება ეჭვი, შეგიძლიათ დააკონრეტოთ?

 ჩვენ ვნახეთ ინფორმაცია რამდენიმე კერძო ბანკის მოგებაზე, რომლებსაც გაცემული ჰქონდათ სესხები დოლარში. ეროვნულ ბანკს ჰქონდა უფლება და ვალდებულიც იყო გაემკაცრებინა პოლიტიკა, კერძო ბანკები შეეზღუდა ლარებში სესხების გაცემისგან. მაგრამ ეროვნულმა ბანკმა ეს არ გააკეთა. დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც ლარი მყარდებოდა, ეროვნულმა ბანკმა ისევ გააფუჭა კურსი. ამასთან დაკავშირებით ეკონომისტებმა გამოთქვეს საყვედური ეროვნული ბანკის მიმართ. გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი  ეროვნული ბანკი არ იქცევა ისე, რომ შედეგად ლარის კურსი დასტაბილურდეს. ის ჩაერია უხეშად და ლარის კურსი გააუფასურა.

ერთადერთი, რაც შეიძლება მთავრობამ გააკეთოს, ეს არის შეწყვიტოს ლარის მიწოდება ბაზარზე. იგივე დამოკიდებულება იყო `ქამრების შემოჭერის პოლიტიკის~ დროს _ ხარჯების შემცირება, ლარის მასის ბაზრზე შეზღუდვა. ამ შემთხვევაში ეს იქნება მთავრობის მხრიდან ყველაზე გამართლებული. ფულის მასის შემცირების შემთხვევაში ლარს მეტნაკლებად დავასტაბილურებთ. ზოგადად, ჩვენ არ გვაქვს მცურავი ვალუტა, ჩვენ გვაქვს მართვადი მცურავი ვალუტა. ეს მართვადი მცურავი ვალუტა, სამწუხაროდ, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის არაკოორდინირებული მუშაობის მსხვერპლი აღმოჩნდა.

 

 

 ეროვნული ბანკის კრიტიკას დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ  და ამბობენ, რომ ეს ინფლაციის მოლოდინს ზრდის მოსახლეობაში ეს რამდენად რეალურია?

 ეროვნული ბანკი დუმდა, როდესაც ლარის გაუფასურება დაიწყო. ეროვნულ ბანკს არ გაუვრცელებია საკმარისი ინფორმაცია, თუ რას და როგორ აპირებდა, რომ მოსახლეობას ან ექსპერტებს ჰქონოდათ გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალება. დღემდე ხდება ისე, რომ მისი მომავალი გეგმები _ თუ რას აპირებს და როგორ, არ არის ცნობილი. საზოგადოების, ექსპერტების და მთავრობის დამოკიდებულება ეროვნული ბანკის მიმართ არის სამართლიანი, რადგან მათი ქმედებები და მომავალი გეგმები არ არის საჯარო. სწორედ ეროვნულ ბანკს ევალება ვალუტაზე მოახდინოს ზეგავლენა და ის, სამწუხაროდ, პირიქით აკეთებს. ბოლო პერიოდი სწორედ ამაზე მიუთითებს. პოლიტიკური დაპირისპირებაც მატულობს, რასაც ვერ დავაბრალებთ ლარის გაუფასურებას.

 

 

 ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, პარალელურად მოსახლეობას ლარში სესხებიც გაუძვირდა, უნდა ველოდოთ სოციალური ფონის უფრო დამძიმებას?

 გაუძვირებდა, რადგან დოლარში სესხების მოცულობა საკმაოდ დიდი იყო ჩვენს მოსახლეობაში. შესაბამისად, ამით კერძო ბანკებმა დიდი მოგება მიიღეს, მოსახლეობას გაეზარდა სესხები. ჩვენ არ ვიცით ხვალ და ზეგ რა დაემართება ლარს, სავარაუდოდ სესხები ისევ გაძვირდება. შეიძლება მოსახლეობა შეკრთეს და აიღოს სესხი ისევ უცხოურ ვალუტაში, რაც კიდევ უფრო დიდი საფრთხის მატარებელია. მე მაინც ვურჩევდი მოსახლეობას, რომ სესხი აიღოს იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი, თუნდაც პროცენტი იყოს უფრო მეტი.

ამავდროულად, დოლარის გამყარების ტენდენცია საერთაშორისო მასშტაბითაც ფიქსირდება. პარალელურად იყო საბერძნეთის კრიზისი, რომელმაც გარკვეული ზეგავლენა მოახდინა, _ გზავნილების რაოდენობა შემცირდა. რუსეთშიც გაუფასურდა რუბლი და აქედანაც შემცირდა გზავნილები. ეს არის ეკონომიკური ასპექტები, რაზეც შეგვიძლია გარკვეული დასკვნების გაკეთება, მაგრამ ლარი გაცილებით მეტად გაუფასურდა, ვიდრე ამ ფაქტორებს შეეძლო მოეხდინა ზეგავლენა. შესაბამისად, ჭირს დასკვნების გაკეთება – ხვალ და ზეგ როგორ იქნება ლარის კურსი.

 

 

 პრემიერმა თქვა, რომ მოსახლეობა და ინვესტორები დოლარს ინახავენ, რაც პრობლემააო…

მოსახლეობა და ინვესტორები ინახავენ დოლარს, რადგან აქვთ მოლოდინი, რომ დოლარი უფრო გამყარდება. შესაბამისად, არასტაბილურ ეკონომიკურ პირობებში ისინი ვერ თვლიან, სად შეიძლება მოახდინონ ინვესტირება. დღეს არამყარი, არასტაბილური და არაჯანსაღი ეკონომიკური გარემო გვაქვს, შესაბამისად, ეს შეიძლება იყოს გარკვეული ეჭვის საფუძველი. ნებისმიერი ადამიანი ფიქრობს, რომ დოლარის შენახვა უფრო მეტად მომგებიანი იქნება, ვიდრე მისი ბიზნესში დაბანდება, რადგან იმ შედეგს ვერ მიიღებს, რასაც დოლარის შენახვით. დოლარის გამყარება უფრო მეტ პროცენტულ მოგებას იძლევა საბოლოო ჯამში, ვიდრე დღეს ბიზნესში ფულის ჩადება. არასტაბილურობის განცდა და მოლოდინი იმისა, რომ ხვალ რა იქნება არ ვიცით – ეს გამართლებული შიშია. ამ შემთხვევაში უფრო მეტი მოტივაცია უნდა მივცეთ ბიზნესმენებს, რომ ეკონომიკაში ფული ჩადონ. უნდა გაკეთდეს მასტიმულირებელი პროგრამები, რომლებიც აიძულებს მათ დოლარი ჩადონ ეკონომიკაში. პრემიერი ალბათ ემყარება კვლევებს, თუმცა მოსახლეობისა და ბიზნესმენების მხრიდან არის აბსოლიტურად გამართლებული შიში იმ ბიზნესკლიმატის გამო, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია.

 

 

 პრემიერი ამბობს ასევე, რომ ექსპერტების დასკვნას ეყრდნობა, როცა ამბობს, რომ ლარი აღარ გაუფასურდება. აქვს პრემიერს ამის თქმის საფუძველი?

პრემიერი იმასაც ამბობს, რომ გარკვეულწილად ბიზნესი არ მუშაობს. ბიზნესის მუშაობა საჭიროა, რადგან დაბალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ჩვენ გვქონდა სოციალურ ეკონომიკური სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ეკონომკური ზრდან გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე შარშან გვქონდა და დღეს გვაქვს. შესაბამისად, ის გათვლები, რომ ვალუტა უნდა ყოფილიყო გაცილებით მყარი, ვერ სრულდება და არ სრულდება. პრემიერი ამბობს და კარგი იქნება თუ მეტად აღარ გაუფასურდება ლარი, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს უნდა გვითხრას ეროვნულმა ბანკმა, რომელიც ამას არ ამბობს და მისი ქმედებები არის შიგადაშიგ საპირისპირო. ეს არის შიდა დაპირისპირება, პლუს საერთაშორისო დონეზე დოლარის გამყარების შედეგი.

 

რამდენად მოსალოდნელია სოციალური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება?

 სოციალური ფონი დამძიმდა, საარსებო მინიმუმი გაგვეზარდა. თუ არ ვცდები 175 ლარზეა საუბარი, თუმცა სტატისტიკის დეპარტამენტი როგორ ითვლის საარსებო მინიმუმს, ეს ჩემთვის საეჭვოა. როცა გამოვითხოვე ინფორმაცია დეპარტამენტიდან,  აღმოჩნდა, რომ გარკვეულ პროდუქციაზე ისინი არ აწარმოებენ კვლევას. შესაბამისად, საარსებო მინიმუმი უფრო მეტია, ვიდრე პენსია, რომელიც სექტემბრიდან იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: