კვირის ამბები

ინტერვიუ ბსუ-ს ახალ კანცლერთან

29.06.2015 • 1554
ინტერვიუ ბსუ-ს ახალ კანცლერთან

 

ჯემალ ანანიძე

 

ბატონო ჯემალ, რის შეცვლას აპირებთ იმ პოლიტიკაში, რასაც თქვენი წინამორბედები ატარებდნენ?

ჩემი მენეჯმენტის მიმართულება არის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. გარკვეული მონახაზი უკვე გვაქვს – მომავალი ორი წლის განმავლობაში ყველა აუდიტორია და ლაბორატორია უნდა აღიჭურვოს მინიმალური ტექნოლოგიებით, რაც აუცილებელია სასწავლო-სამეცნიერო პროცესების წარმართვისთვის. ასევე ვფიქრობთ მოვაწყოთ ეგრეთ წოდებული სიმულაციური კაბინეტები, პრაქტიკასთან მიახლოებული იქნება ჩვენი თეორიული სწავლება. დავიწყებთ მუშაობას რომ ჩავრთოთ კერძო კომპანიები, მათი ინტერესიც უნდა იყოს, რომ, ვთქვათ, მინიმალურად 5 ათასი ლარის ფარგლებში გაგვიწიონ დახმარება ტექნიკის მოწოდებით და შესაბამისად, კაბინეტებს დავარქმევთ მათ სახელებს, განვათავსებთ მათ ლოგოებს.

 

ვაპირებთ, რეაბილიტაცია ჩავუტაროთ ძირითად კორპუსებს, გვაქვს სახელმწიფო მხარდაჭერა, რესურსები გამოყოფილია საქართველოს განათლების სამინისტროდანაც. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი 2-3 წელი იქნება ის პერიოდი, როცა ბათუმში დასრულდება უნივერსიტეტში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვა.

 

გარდა ამის, ჩაფიქრებული გვაქვს ანაზღაურების სისტემის მოწესრიგება, მოწვეული სპეციალისტებს აქვთ მინიმალური ანაზღაურება და ამის შესახებ არსებობს პრეტენზიები.

 

ამასთან, გვინდა სტუდენტებთან მიმართებაში დაფინანსების მხარდაჭერა. ზოგჯერ ჩვენ სტუდენტებს სტატუსი უჩერდებათ თანხის ვერგადახდის გამო. ჩვენ ვაკეთებ უფასო სესხის პროექტს სტუდენტებისთვის – ძირითად თანხას დაფარავს სტუდენტი, ხოლო საპროცენტო განაკვეთს, თუ შესაძლებელი იქნება, მერიის ან აჭარის მთავრობის სტუდენტური მხარდაჭერის პროგრამა.

 

ვმუშაობთ იმაზეც, რომ სტუდენტებმა მიიღონ უპროცენტო სესხი ბანკებიდანაც.

 

ჩამოთვლილთაგან რომელიმე არის თუ არა კონკრეტულად თქვენი იდეა, თუ თქვენს მისვლამდეც არსებობდა ეს გეგმები?

ჩემი იდეაა მატერიალურ ტექნიკური-ბაზის გაუმჯობესებაში კერძო კომპანიების ჩართვა. ახალი იდეაა მუნიციპალური ან სახელმწიფო პროგრამების შემოღება სტუდენტებისთვის უპროცენტო დაფინანსებით მხარდასაჭერად. ასევე გვსურს, აქტიურად ვითანამშრომლოთ რეგიონის სკოლებთან, დასავლეთ საქართველოსთან და გვქონდეს მათთვის კონკურსები, რომლის ფინალური ეტაპი ჩატარდება უნვერსიტეტში და აქვე დავაჯილდოვებთ მათ. ამ გზით მოსწავლეებს, სკოლებს წავახალისებთ.

 

ბათუმის სკოლებისთვის გვინდა შემოვიღოთ პროექტი – ერთი დღე ბსუ-ში, სადაც სკოლაში მიღებული ცოდნის შესაბამისად ცდებს ჩაატარებენ ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ჩვენს ლაბორატორიებს დავუთმობთ.

 

ასევე გვსურს ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია, ზოგიერთის სამსახურებრივი დატვირთვა მოძველებულია, გვინდა თანამედროვე მართვის სტრუქტურა ჩამოვაყალიბოთ. ასევე ვგეგმავთ ბიუჯეტის ოპტიმიზაციას – ვცდილობთ, მოკლე პერიოდში გავცხრილოთ არაეფექტური საბიუჯეტო ხარჯები, გრძელვადიან პერიოდში კი ჩვენი სტრატეგია იქნება ის, რომ ყოვეწლიურად მინიმუმ 300-500 სტუდენტით გაიზარდოს უნივერსიტეტის სტუდენტების კონტგენტი.

 

ამბობთ, რომ აპირებთ გადახედოთ მოწვეული სპეციალისტების სახელფასო განაკვეთს. შეგიძლიათ დეტალურად თქვათ რას აპირებთ?

ვფიქრობ, რომ 70-80 პროცენტით უნდა გაიზარდოს მათი ხელფასები და მიუახლოვდეს  ძირითადი საშტატო დატვირთით მყოფ აკადემიური პერსონალის ანაზღაურებას. ეს შესაძლებელია ახალი სასწავლო წლიდან. მართალია, გარკვეული ხარჯები გაიზრდება მაგრამ მე ვთვლი, რომ ამ ხარჯების გაზრდა აუცილებელია, რადგან ეს სწავლების ხარისხზე აუცილებლად აისახება. როცა ანაზღაურება დაბალია, ვერ ვაწესებთ მაღალ სტანდარტებს და ამითი ხარისხი იკარგება. ხელფასები იმდენად დაბალია, რომ ზოგჯერ ადგილობრივ აკადემიურ პერსონალს არ სურს აკადემიური საათების აღება და სხვა სპეციალისტები მოგვყავს.

 

ასევე გვინდა საბიბლიოთეკო ფონდის გადახალისება. სტუდენტს არ უნდა სჭირდებოდეს წიგნის დაქსეროქსება, მისთვის საკმარისი ლიტერატურა უნდა იყოს ბიბლიოთეკაში. გვაქვს ასევე პრობლემა კვების ბლოკთან დაკავშირებით –  ამ სისტემის მოდერნიზაციაც აუცილებელია. ასევე გადაიხედება არსებული საიჯარო ხელშეკრულებები.

 

თქვენს ამ გეგმებს უნივესიტეტის მმართველი რგოლი უკვე იცნობს?

არჩევით თანამდებობაზე გეგმის წარდგენა პროცედურული აუცილებლობა იყო. სხვაგვარად, თუ არ წარვუდგენდი კონცეფციას, აკადემიური თუ წარმომადგენლობით პერსონალისგან მხარდაჭერას  ვერ მივიღებდი.

 

ამ თანამდებობაზე კონკურენტი არ გყოლიათ. თქვენი აზრით, ასე რატომ მოხდა?

ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. მოთხოვნაში არ იყო არავითარი შეზღუდვა. ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მონაწილეობის მიღება, ვისაც მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო სტაჟი ჰქონდა და წარადგენდა სამოქმედო გეგმას. როცა გამოცხადდა კონკურსი, მე ერთი კვირის შემდგომ შევიტანე განაცხადი,  იმის გამო, რომ მიკერძოებაში ან რაიმე ზემოქმედებაში არ ჩამთვლოდა, არავისთან არანაირი წინასაარჩევნო შეხვედრა არ მქონია.

 

უნივერსიტეტში არსებობს ჯგუფები, რომლებიც იყვნენ და არიან ფინანსების გადანაწილებით უკმაყოფილო. ამის ნიადაგზე მუდმივად არის დაპირისპირებები, რომლებიც ზოგჯერ საჯარო ხდება, ზოგჯერ მხოლოდ უნივერსიტეტის ფარგლებს არ სცდება.  ამ ჯგუფებს შორის ლავირებისთვის თუ გაქვთ რამე კონკრეტული გეგმა?

მე უნივერსიტეტში ვმუშაობ 1994 წლიდან – რამდენიმე წლიანი წყვეტა მქონდა ჩემი მერიაში მუშაობის დროს. ასე რომ, ჩემთვის ცნობილია, როგორც უნივერსიტეტის პრობლემები, ისე წარმატებები. მე ასეთი მიდგომა მაქვს –  რადგანაც ფინანსები  შეზღუდულია, ვფიქრობ ფაკულტეტების მიხედვით გარკვეული ლიმიტები შემოვიღოთ. ეს ლიმიტები დამტკიცების მიზნით უნდა წარვუდგინოთ აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს. ყველა ფაკულტეტს ეცოდინება, რომ მისი რესურსების ფარგლებში შეეძლება თავისუფალი მოქმედება – კონფერენციებში მონაწილეობა, მივლინებებში წასვლა. არ შეიძლება ერთი ფაკულტეტი იყოს პრივილეგირებული და მეორეს არ ჰქონდეს ამის საშუალება.

 

ყველა ფაკულტეტმა წინასწარ უნდა იცოდეს თავისი ლიმიტები და თვითონ გადაწყვეტს ვინ ისარგებლებს ამ ლიმიტით. ვფიქრობ, ამ გზით საწყის ეტაპზე პრობლემები დარეგულირდება. შეხვედრები მქონდა დეკანებთან, სხვადასხვა სამსახურებთან, რომლებსაც ვთხოვე, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე წარმოადგინონ აუცილებელი მოთხოვნები და პრობლემის გადაწყვეტის მათეული ხედვა, რომ ახალ სასწავლო წელს შევხვდეთ მაქსიმალურად გამართულად.

 

თქვენს გეგმებს შორის ყველაზე რთულად შესასრულებლად რა მიგაჩნიათ?

რთული არაა მაგრამ როგორც ვატყობ, ცოტა მოიკოჭლებს ფუნქციების დელეგირება. ყველა პირს უნდა ჰქონდეს საკუთარი პასუხისმგელობა და არა ზოგადი პასუხისმგებლობა. აქ ასეა – დეპარტამენტი ინაწილებს პასუხისმგებლობას. ცალკეულ სპეციალისტზე ვაპირებ ამ პასუხისმგებლობების ჩაშლას. არ მსურს ახალი ადამიანიური რესურსების მოყვანა, ცოტა ეჭვი კი მეპარება, მაგრამ მგონი არსებულ რესურსებს აქვთ ის ძალა, რომ ახლებური მიდგომით გამოვაცოცხლოთ უნივერსიტეტი. მთავარი პრობლემა ეს არის, უნივერსიტეტში ფინანსების მოძიება. ჩვენ გვაქვს ფაკულტეტები, სადაც ძალიან ნაკლებია სტუდენტური ნაკადი, არადა ხარჯი იგივეა. ამიტომაც საჭიროა გავზარდოთ კონტიგენტი სამომავლოდ. თუ ჩვენ სწორედ წავიყვანთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, თუ სწორად მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს შესახებ მომავალ სტუდენტებს, ეს ერთ-ორ წელიწადში პოზიტიურად აისახება ჩვენს კონტიგენტზე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: