კვირის ამბები

რატომ სჭირდება მასწავლებელს ფსიქოლოგის დახმარება

22.06.2015 • 2347
რატომ სჭირდება მასწავლებელს ფსიქოლოგის დახმარება

 

პედაგოგების ტრენინგები
პედაგოგების ტრენინგები

ბულინგი, სუიციდის პრობლემები, ემოციების მართვა და მოსწავლეებთან საურთიერთობო ლექსიკა, ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რის შესახებაც საჯარო სკოლის მასწავლებლებმა, უნარ-ჩვევები გაიუმჯობესეს ტრენინგზე – „საზოგადოებრივი ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის“. „მე, როგორც პედაგოგს, რომელსაც ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს მოზარდებთან, ძალიან მეხმარება მსგავს საკითხებში პროფესიონალთა გამოცდილების გაზიარება“, – ამბობს ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ხათუნა ჯანელიძე, რომელმაც აღნიშნული ტრენინგი გაიარა.

 

ხათუნას თქმით, არიან ბავშვები, რომლებიც ახლოს გიშვებენ და არიან ისეთებიც, რომლებიც იკეტებიან საკუთარ თავში:  „ასეთ დროს აუცილებელია მასწავლებელმა სწორად წარმართოს მათთან ურთიერთობა. ფსიქოლოგის რჩევები ძალიან მეხმარება, მოსწავლეებთან ურთიერთობა შედეგიანი რომ იყოს. ჩვენ სწორად უნდა გავიგოთ რა უხარიათ, რა აწუხებთ და რაში სჭირდებათ ახალგაზრდებს დახმარება“.

 

თამარ თევზაძეც ისტორიის მასწავლებელია. მისი აზრით, მოზარდების საკმაოდ დიდი ნაწილი საჭიროებს ფსიქოლოგიურ დახმარებას: „არ ვიცი ეს რისი ბრალია, შეიძლება იმის, რომ ისინი ვერ რეალიზდებიან ისე, როგორც მათ სურთ. პედაგოგებიც ხშირად მოსწავლეებთან ურთიერთობაში არასწორ ლექსიკას ვიყენებთ: „შენ დააშავე“, „შენ გააფუჭე“ – ასეთი მიდგომა აღიზიანებთ მათ“.

 

პედაგოგის აზრით, ის, რაც ძველი თაობის საზოგადოებისთვის მთავარი ღირებულება იყო, ახალი თაობისთვის აღარ არის მნიშვნელოვანი: „ამიტომ ჩემი ვალდებულებაა, გავიგო რა სურთ მოზარდებს“.

 

თამარ თევზაძის აზრით, სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანი რომ იყოს, მოსწავლეებთან ურთიერთობა კი უფრო კომფორტული, ფსიქოლოგების რჩევების გათვალისწინება აუცილებელია. „როცა სწავლობ ემოციების მართვას, მაშინ გაცილებით ადვილია მოსწავლესთან ურთიერთობა“, – ამბობს ის. – „ფსიქოლოგიის გარდა, სამართლებრივი საკითხების ღრმად შესწავლა მასწავლებელს ეხმარება გამოსავალი იპოვოს კრიტიკული შემთხვევების დროს. როცა მოსწავლე არღვევს შინაგანაწესს, შენ ესაუბრები მას არა მარტო მის უფლებებზე, ვალდებულებებზეც. როცა ნათლად უხსნი და სთავაზობ მას პროცესებში თანამონაწილეობას, ის მოდის ამ ურთიერთობაზე და არც შეცდომის აღიარება უჭირს. აღიარება ეს უკვე მიღწევაა“.

 

თამარ თევზაძე ამბობს, რომ პედაგოგებს ძალიან სჭირდებათ ისეთ საკითხებზე ფსიქოლოგის რჩევები, როგორიცაა ბულინგი, სუიციდი და ძალადობის სხვა შემთხვევები, რომლის პრევენციასაც სკოლა უნდა ახდენდეს.

 

„როცა მოსწავლე თანაკლასელს ეძახის „აჩკარიკას“, ესეც ბულინგია. პედაგოგი ვალდებულია სწორად განუმარტოს მოსწავლეს, რატომ არ შეიძლება მსგავსი ფრაზების გამოყენება“, – გვეუბნება თამარ თევზაძე.

 

ფსიქოლოგის რჩევებს სკოლის მანდატურებიც ითვალისწინებენ. ნათია სარალიძე, რომელიც გასულ წელს ერთ-ერთ წარმატებულ მანდატურად დაასახელეს, ამბობს, რომ ფსიქოლოგის რჩევები არა მარტო პედაგოგებსა და მანდატურებს, მშობლებსაც აუცილებლად სჭირდებათ:

 

„ამჟამად ჩაქვის საჯარო სკოლაში ვმუშაობ. სხვა სკოლაში მუშაობის დროს სუიციდის შემთხვევა აღვკვეთეთ. ამის შემდეგ იყო ხანძარი, ქურდობა, ყველა შემთხვევაზე გვქონდა დროული რეაგირება და ალბათ ამის გამო დამასახალეს წარმატებულ მანდატურად~.
ნათიას აზრით, მოზარდებთან საერთო ენის გამონახვა სკოლას და ოჯახს თანაბრად უნდა შეეძლოს: „არიან მშობლები, რომლებიც არ ურთიერთობენ შვილებთან. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს მხოლოდ ძვირადღირებული ტელეფონი და ტანსაცმელი არ სჭირდებათ, მათთვის აუცილებელია მშობელთან ურთიერთობა, საუბარი. ის ბავშვი, რომელსაც სუიციდის მცდელობა ჰქონდა, სწორედ მშობლებთან უთანხმოების გამო მივიდა ამ მდგომარეობამდე“.

 

ნათია ამბობს, რომ პედაგოგებს, მშობლებს სჭირდებათ მეტი უნარი, ამოიცნონ რას გრძნობენ ბავშვები, რომ ისინი არ მივიდნენ სავალალო ქცევამდე. „პროფესიონალი ფსიქოლოგები კი ამ უნარების გაუმჯობესებაში ძალიან გვეხმარებიან“, – მიიჩნევს ნათია.

 

რა სჭირდება სკოლას, ოჯახს და სახელმწიფოს იმისთვის, რომ მოზარდებისთვის გარემო გახდეს უსაფრთხო და ამ სამ ინსტიტუტს შორის ეფექტური კომუნიკაცია შედგეს? ფსიქოლოგი მაია ცირამუა, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი ტრენერია, იმ პრობლემებზე აკეთებს აქცენტს, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებმა ერთობლივად უნდა მოაგვარონ.

 

პედაგოგების ტრენინგები
პედაგოგების ტრენინგები

„აშკარაა, რომ ასეთი ინფორმაციის დეფიციტი არის არა მხოლოდ სკოლებში, ასევე ოჯახებსა და მთლიანად საზოგადოებაში“, – ამბობს მაია ცირამუა. ფსიქოლოგის აზრით, დღეს სკოლა ნაკლებად განიხილავს ოჯახს პარტნიორად, ოჯახი კი – სკოლას. „როცა პრობლემა ჩნდება, ფაქტობრივად, ერთმანეთს ადანაშაულებენ, იმის ნაცვლად, რომ ორივე მხარემ ბავშვის პრობლემები გააცნობიეროს და ბავშვზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები მიიღონ. ხშირად არც სკოლამ და არც ოჯახმა არ იცის სწორად როგორ ირეაგიროს რთულ შემთხვევებზე – ან უგულებელჰყოფს ბავშვის საჭიროებებს ან ზედმეტად რეაგირებს. გავრცელებული პრაქტიკაა – თუ მოსწავლეს აქვს ქცევითი სირთულეები, სკოლა მას, უბრალოდ, თავიდან იშორებს (სკოლიდან რიცხავს) ან მკაცრად სჯის, რაც კიდევ უფრო ართულებს პრობლემას. ბავშვის რთული ქცევა ერთგვარი საგანგაშო სიგნალია იმისა, რომ ბავშვის გარემოში რაღაც ისე არ არის. ჩვენ, უფროსებს, უნდა გვქონდეს უნარი სწორად წავიკითხოთ მათი ქცევა და მის მოგვარებაზე ვიზრუნოთ.“

 

მაია ცირამუას აზრით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო პოლიტიკაც: „ეს არ არის ერთი კონკრეტული სკოლის ან ოჯახის გადასაწყვეტი პრობლემა, განათლების და, ზოგადად, ბავშვთა მიმართ პოლიტიკა მაქსიმალურად ბავშვზე ორიენტირებული უნდა გახდეს, ხოლო სკოლამ საკუთარი როლი უნდა გააცნობიეროს ამ პროცესში“.

 

მაია ცირამუას აზრით, პრობლემაა ისიც, რომ ხშირად მშობლები სტიგმის არსებობის გამო ვერ ხედავენ ფსიქოლოგიური სერვისის გამოყენების აუცილებლობას: „ჩემი შვილი გიჟი კი არ არის!“ – ამბობენ ისინი. ეს სკოლასა და მშობელს შორის კომუნიკაციის პრობლემაზეც მიანიშნებს, რადგან, სავარაუდოდ, ოჯახს კარგად ვერ მიაწოდეს ინფორმაცია ამ სერვისის დანიშნულებაზე“.

 

მაია ცირამუა საუბრობს ისეთ პრობლემაზე, როგორიც ძალადობაა: „პედაგოგებს სჭირდებათ უნარები, ამოიცნონ არის თუ არა მოსწავლე ფიზიკური, სექსუალური ან ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ, ხომ არ ხდება მისი უგულებელყოფა. ხშირად პედაგოგები თავს იკავებენ და ცდილობენ არ ჩაერიონ ასეთ საკითხებში, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ოჯახთან დამატებითი კონფლიქტის მიზეზი შეიძლება გახდეს. სოციალური სამსახურისათვის ან პოლიციისთვის ასეთ შემთხვევებზე შეტყობინება პედაგოგის პროფესიული ვალდებულებაა. სამწუხაროდ, პედაგოგებმა ამის შესახებ ან არ იციან, ან საკითხი დაჰყავთ ლოკალური ურთიერთობების დონეზე“.

 

ბათუმის რესურსცენტრის მონაცემებით, მარტო გასულ წელს კლასში 273 მოსწავლე ჩარჩა. ისინი თვეების განმავლობაში არ დადიოდნენ სკოლაში. ფსიქოლოგის აზრით, ეს მონაცემებიც იმაზე მიანიშნებს, რომ სკოლასა და ოჯახს შორის დიდი ბარიერია და სკოლას კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი არ გააჩნია.

 

„ფაქტობრივად, უფსკრულია ოჯახსა და სკოლას შორის. თითქოს არც არავის არ აღელვებს ის ფაქტი, რომ ბავშვი საგანმანათლებლო სივრცის გარეთ რჩება. სწორედ სკოლისა და ოჯახის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობაზე მეტყველებს ეს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბავშვის ცხოვრება მიდის ცალკე და უფროსების – ცალკე“.

 

მაია ცირამუას თქმით, პრობლემაა ისიც, როცა პედაგოგებს, მშობლებს უჭირთ მოზარდებთან სენსიტიურ თემებზე სწორად საუბარი: „არაინფორმირებულობის შედეგია ნაადრევი ქორწინება და სხვა მისი თანმდევი პრობლემები. ამ თემაზე არც ერთი მხარე არ საუბრობს. არც საზოგადოებას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია. დისკუსიის შედეგად იქამდე მაინც მივიდა საქმე, რომ დღეს პედაგოგი თავს ვალდებულად მიიჩნევს ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით შეტყობინება გააკეთოს“.

 

ერთ-ერთ პრობლემად განიხილება მოზარდებში სუიციდის მომატებული მაჩვენებელი. „სუიციდის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო სკოლა, ყველა სხვა ინსტიტუტი – ოჯახი, სოციალური მომსახურების სააგენტო, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები თანმიმდევრულად და სწორად იყოს ჩართული. ეს ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება. თუ ერთი აკეთებს სწორად, მეორე უშვებს შეცდომას, ერთიანი ხედვა არ არსებობს“.

 

ფსიქოლოგის აზრით, იმისათვის, რომ შედეგი დადგეს, საუნივერსიტეტო პროგრამები შესაცვლელია – მომავალმა პედაგოგებმა საფუძვლიანად უნდა შეისწავლონ ბავშვისა და მოზარდის ფსიქოლოგია: „ხშირად, პედაგოგები, რომლებიც თუნდაც სამოქალაქო განათლებას ასწავლიან, თვითონ არიან არატოლერანტულები, იყენებენ დრომოჭმულ საბჭოთა მეთოდიკას და ლექსიკას, სახეზეა დისკრიმინაციული დამოკიდებულებები სხვადასხვა ჯგუფის მიმართ. არ შეიძლება პედაგოგი არ იცნობდეს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რასაც მათი მოსწავლეები იყენებენ, თანამედროვე ლიტერატურას, მოდას… „ჩემ დროს სხვანაირად იყო“ და „ჩვენ სულ სხვა ბავშვები ვიყავით“ – ამ დამოკიდებულებით ვერ შეძლებ მოზარდებთან ნორმალურ კომუნიკაციას. დემოკრატიული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი უნდა გახდეს პედაგოგების შერჩევისას“, – ამბობს ფსიქოლოგი.

 

ტრენინგები, რომლებიც ეხებოდა მოზარდთა ქცევისა და ემოციურ პრობლემებს ძირითადად მე-7 და მე-9 კლასის პედაგოგებმა გაიარეს. ტრენინგის თემები სხვადასხვა ეტაპზე იყო: მოზარდობის ასაკის თავისებურებები, პიროვნების განვითარების თეორიები, რთული ქცევა და მისი გამომწვევი მიზეზები; რთული ქცევის მართვა; ეფექტური კომუნიკაცია რთული ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე მოსწავლეებთან, ბულინგი სკოლაში, სექსუალური ძალადობის საიდენტიფიკაციო ნიშნები, სუიციდისა და თვითდაზიანების პრედიექტორები, კრიზისებზე რეაგირება და მართვა.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ტრენინგები გაიარა 130-ზე მეტმა პედაგოგმა, მანდატურმა და სკოლის დირექტორმა.
პროექტის დონორი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: