კვირის ამბები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 9 აპრილი და არა 26 მაისი

25.05.2015 • 5409
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 9 აპრილი და არა 26 მაისი

 

26 მაისი კი, უპირველეს ყოვლისა იმით არის აღსანიშნავი, რომ ამ დღეს საქართველოს ისტორიაში პირველად აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტი. რაც შეეხება 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტს, ის უბადრუკმა „მენშევიკურმა“ დამფუძნებელმა კრებამ გერმანიის მთავრობის დაჟინებული მოთხოვნით, სულ ტირილ-ტირილით მიიღო, რუს ამხანაგებს როგორ ვუღალატოთო.

 

ამასთან, ხაზი უნდა გაესვას კიდევ ერთ გარემოებას, ამიერკავკასიის სეიმი სომხეთსა და აზერბაიჯანს რომ არ დაეტოვებინათ, საქართველოს მაშინდელი მთავრობა დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე არც კი იფიქრებდა. მეტიც, ქართველი სოციალ-დემოკრატები, როგორც რუსული სოციალ-დემოკრატიის ნაწილი, საქართველოს ავტონომიურობის საკითხსაც კი არ განიხილავდა.

 

1918 წლის 26 მაისს, როდესაც დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, დარბაზში ტაშიც კი აქა იქ გაისმა და ისიც მხოლოდ ეროვნულ-დემოკრატების მხრიდან. საზოგადო მოღვაწის, შალვა ამირეჯიბის მოგონებებიდან ვგებულობთ, რომ იმ შენობის წინ, სადაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, წითელი დროშები ფრიალებდა.

 

საპირისპირო სურათი იხატებოდა 1991 წლის 9 აპრილს. ყველას გვახსოვს უზენაესი საბჭოს სხდომათა დარბაზში ზვიად გამსახურდიას ისტორიული სიტყვა, დამსწრე დეპუტატთა მხურვალე ემოციები, გვახსოვს რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში, ხარობდა სრულიად საქართველო, უზენაესი საბჭოს შენობის წინ კი, სახალხო ზეიმი მიმდინარეობდა. ამგვარად, ყველამ უნდა გააცნობიეროს, 1918 წლის 26 მაისს იმდროინდელ ხელისუფლებას დამოუკიდებლობა ძალით გამოაცხადებინეს, ხოლო 1991 წლის 9 აპრილს, გამსახურდიას საქართველომ გმირული ბრძოლით მოიპოვა.

 

აქვე ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ არა 31 მარტის რეფერენდუმი, ჩვენი დამოუკიდებლობის საერთაშორისო ცნობა გართულდებოდა. რეფერენდუმის ჩატარება კი გმირობის ტოლფასი იყო. მასში მონაწილეობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიიღო (აფხაზებისა და ოსების ჩათლით).

 

ის, რომ 1991 წლის 9 აპრილია (და არა 26 მაისი) ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, დასტურდება საქართველოს კონსტიტუციით, სადაც პირველი თავის ზოგადი დებულების პირველ მუხლში გარკვევით წერია: „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩტარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით“.

 

ამასთან, მხოლოდ ის ფაქტი რად ღირს, რომ 1992 წელს, საქართველოს გაეროში გაწევრიანების საერთაშორისო დოკუმენტში, შავით თეთრზე წერია: „საქართველო არის გაეროს წევრი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმისა და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საფუძველზე“.

 

მთავარი მიზეზი დამოუკიდებლობის თარიღის შეცვლისა იყო ის გარემოება, რომ 1991 წლის 22 დეკემბერს დაწყებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს კრიმინალმა პუტჩისტებმა. მათმა ბელადმა, ედუარდ შევარდნაძემ, გააცნობიერა რა, რომ მის უკანონო ხელისუფლებას არ ჰქონდა სამართალმემკვიდრეობა, რაც აუცილებელი პირობაა სახელმწიფოს იურიდიული ცნობისთვის, თავი საქრთველოს პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ გამოაცხადა. ეს კი, სამართლებრივი იდიოტიზმია.

 

დღევანდელმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყანას ჰყავს დე-იურე კანონიერი ხელისუფლება, მისი უზენაესი საბჭოს სახით, რომელიც არც გადამდგარა და არც არავისთვის გადაუცია ძალაუფლება და დროა ხელისუფლება კანონიერ პატრონს დაუბრუნდეს!

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: