კვირის ამბები

რატომ უნდა შეუნახოთ შვილს ჭიპლარის სისხლი

22.05.2015 • 3978
რატომ უნდა შეუნახოთ შვილს ჭიპლარის სისხლი

 

 

 

ბატონო გოჩა, რა არის ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები?


ბავშვის დაბადების შემდეგ პლაცენტაში რჩება ჭიპლარის სისხლი. ეს არის ბიოლოგიური ნაშთი. ადრე პლაცენტასა და მასში მოთავსებულ სისხლს ისე ექცეოდნენ, როგორც ნარჩენს, მაგრამ ბოლო ათეული წლებია მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ჭიპლარის სისხლის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით არის ღეროვანი უჯრედები, რომლებიც უკვე მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. ეს არის მოუმწიფებელი, ახალგაზრდა უჯრედი, რომელსაც შესწევს თვითგანახლების უნარი. ისინი არა მარტო სისხლის, არამედ სხვა – ხრტილის, ძვლის, კუნთის, ნერვული ქსოვილის, სისხლძარღვების, ღვიძლის ქსოვილების წარმომქმნელი უჯრედებია.

ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების უნიკალურობა იმაშია, რომ ეს არის ყველაზე მაღალი პოტენციალის მქონე ღეროვანი უჯრედები, თანაც მათზე ინფექციურ დაავადებებს, გამოსხივებას, სტრესს, ქიმიურ და სხვა მავნე ფაქტორებს არ უმოქმედია. ჩვილის ღეროვანი უჯრედები 20-ჯერ უფრო მაღალი აღდგენის უნარით გამოირჩევა, ვიდრე მოზრდილის ღეროვანი უჯრედები.

როგორ ხდება სისხლის შეგროვება და გამოგზავნა რეგიონებიდან?


ჭიპლარის სისხლს მშობიარობის შემდეგ სტერილურად, სპეციალურ კონტეინერში, რომელიც სისხლის შესაგროვებელი პაკეტის მსგავსია, აგროვებენ ჩვეულებრივად მეანები ან ბებიაქალები, შემდეგ კი ხდება მისი ტრანსპორტირება. სისხლი უნდა ჩამოვიდეს ბანკში 24 საათის განმავლობაში. ტემპერატურულ რეჟიმს რაც შეეხება, გარკვეული პირობები არსებობს, თუმცა საკმაოდ ლიბერალური. ტრანსპორტირება უნდა მოხდეს 4 გრადუსიდან 25 გრადუსამდე ტემპერატურის პირობებში, ამიტომ ჩვენ სპეციალური კონტეინერები გვაქვს, რომლებშიც ვარეგულირებთ ტემპერატურას. რეგიონებიდან სადღეისოდ ჭიპლარის სისხლის ტრანსპორტირებას, შესაბამისი შეფუთვის შემდეგ, ბავშვის ოჯახის წევრი ან მისი ახლობელი ახორციელებს. ბათუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომწოდებელია ქუთაისის შემდეგ. ჩვენი ბანკი 2007 წლიდან არსებობს, პირველი მოწოდება ბათუმიდან კი, 2008 წელს განხორციელდა.

რისთვის გამოიყენება ღეროვანი უჯრედები?


ეს მეთოდი ლეიკემიის, ლიმფომის, სისხლის სხვა ონკოლოგიური დაავადებების (მაგალითად, მიელომური დაავადების), სისხლის არაონკოლოგიური დაავადებების – ჰემოგლობინოპათიების, თალასემიების დროს და ზოგიერთი იშვიათი გენეტიკური დაავადების სამკურნალოდ უკვე აპრობირებულია და დედმამიშვილის ჭიპლარის სისხლმა შეიძლება გადაარჩინოს და ან ძმა (როგორც წესი, დედმამიშვილებში სრული თანხვედრა უნდა იყოს, რომელიც 25% შემთხვევაშია). ტრანსპლანტაციურ მედიცინაში დაახლოებით 80 დაავადებაა, რომლის დროსაც ამ უჯრედებს იყენებენ. იგი გამოიყენება ასევე რეგენერაციულ – აღდგენით მედიცინაში. ეს უჯრედები ორგანიზმის თვითგანახლების წყაროა, ამიტომ საკუთარი ჭიპლარის სისხლის გადასხმით ეფექტურად მკურნალობენ ცერებრალურ დამბლასაც, რომლის დროსაც გაუმჯობესება თითქმის ყველა პაციენტში შეიმჩნევა. ნეიროდეგენერაციულ დაავადებებში ოდნავი გამოკეთებაც მნიშვნელოვანია და ხშირ შემთხვევაში, ლამის ნორმალურ მდგომარეობამდეც კი მიდიან – ბავშვებს ეძლევათ დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალება, იწყებენ მეტყველებას, საკუთარი ხელით ჭამას და ა.შ.

მნიშვნელოვანი შედეგებია თავის ტვინის ტრავმებისა და ზურგის ტვინის დაზიანების მკურნალობის დროს, ასევე, ლეიკემიებისა და ლიმფომების მკურნალობისას ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა სიცოცხლის გადარჩენის შანსს 50%-მდე ზრდის. ძნელია ყველა შედეგის ზუსტი პროცენტობით გამოსახვა, რადგან კვლევების საბოლოო შედეგი არ არის დადებული, თუმცა იმის თქმა ზუსტად შეიძლება, რომ მკურნალობის ყველა შემთხვევაში პაციენტთა მდგომარეობა 20-30 %-ით გაუმჯობესდა.

კერძო ბანკებში სადღეისოდ 6 მილიონამდე ადამიანის სისხლია შენახული, ეს ხდება უკვე 24 წელია და შესაბამისად, ყველაზე ხანდაზმული კლიენტი 23-24 წლისაა, 70 წლის ასაკში ალბათ ჭიპლარის სისხლის გამოყენება ლამის ყველას დასჭირდება. მეცნიერები აქტიურად ცდილობენ მის გამოყენებას სხვა დაავადებების მკურნალობაშიც, რადგან რეგენერაციისთვის ეს უმნიშვნელოვანესი წყაროა.

 

რა პროცედურას გულისხმობს ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა?


მნიშვნელოვანია რა დაავადებას მკურნალობენ. აქ რამდენიმე მიმართულებაა. როდესაც არის ლიფომებისა და ლეიკემიის მკურნალობა, წინასწარ უნდა ჩატარდეს მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია და შემდგომ მოხდეს ძვლის ტვინის აღდგენა ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედებით, რაც ხდება ინტრავენური გადასხმით. იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ ორგანოში შეყვანაა საჭირო, მაგალითად, გულში, შეიძლება შეიყვანონ უშუალოდ გულის კუნთში ოპერაციის დროს, ან ინტრავენურად, ან კონორარული არტერიების ანუ უშუალოდ გულის სისხლძარღვებით. ღვიძლის დაავადების დროს ღეროვანი უჯრედების შეყვანა შესაძლებელია ღვიძლის არტერიაში. თუ ხერხემლის ტრავმული დაზიანებაა, შესაძლებელია ინტრავენურადაც შეიყვანონ, მაგრამ უფრო ეფექტურია ხერხემლის არხში შეყვანა ან უშუალოდ ზურგის ტვინში, დაზიანების სიახლოვეს.

რა ღირს ჭიპლარის სისხლის შენახვა?


ფასი ასე ნაწილდება – აღება, შენახვა, ტრანსპორტირება, დამუშავება, გამოკვლევა და შენახვა პირველი წლის განმავლობაში ჯდება 780 ევროს ექვივალენტი ლარში. ყოველი მომდევნო წელი არის ერთჯერადი გადასახადი, წელიწადში 100 ევროს ექვივალენტი ლარებში. ეს კერძო, კომერციული ბანკია, საზღვარგარეთ კი ასეთი საჯარო ბანკებიც არსებობს, სადაც ალტრუისტული დონაცია ხდება – მშობიარე დედა აწერს ხელს, რომ უანგაროდ გადასცეს თავისი ჩვილის ჭიპლარის სისხლი ჭიპლარის ბანკს. ამის შემდეგ ხდება მისი გამოკვლევა, დამუშავება, ბანკირება და შენახვა ხანგრძლივი დროით.

აშშ-ში ბოლო 10 წელია სახელმწიფო პროგრამა არსებობს, რომლის ფარგლებშიც 150 000 ჭიპლარის სისხლის ნიმუში ინახება საჯარო და კერძო ბანკებში. ამ პროგრამის ღირებულება 100 მილიონი დოლარია.

რა რაოდენობისაა ეს სისხლი და შესაძლებელია თუ არა რაოდენობის გაზრდა?

პლაცენტაში საშუალოდ რჩება 40-დან 140 მილილიტრამდე სისხლი. დღეს ამ უჯრედების გამრავლების საშუალება არსებობს – უკვე ასეულობით პაციენტმა იმკურნალა გამრავლებული უჯრედებით. ჩვენ წარმატებულად გავზარდეთ მათი რაოდენობა 2009 წელს. წელს კიდევ ვაპირებთ სხვა ტიპის ღეროვანი უჯრედების გამრავლებას, რომლის შედეგადაც შესაძლოა სინჯარაში მივიღოთ სხვადასხვა ქსოვილი – ხრტილი, კუნთი და მათი ტრანსპლანტაციაც განვახორციელოთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: