კვირის ამბები

რეაბილიტაციის მიღმა დარჩენილი სკოლები

20.04.2015 • 2888
რეაბილიტაციის მიღმა დარჩენილი სკოლები

 

თხილვანის საჯარო სკოლა
თხილვანის საჯარო სკოლა

აჭარაში სულ 229 საჯარო სკოლაა. როგორც „ბათუმელებს“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უთხრეს, სკოლების 74% უკვე რეაბილიტირებულია, დანარჩენი სკოლების რეაბილიტაცია კი, ეტაპობრივად მოხდება.

 

აჭარის განათლების სამინისტრო სკოლების რეაბილიტაციისთვის ორ პროექტს ახორციელებს. საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის სამინისტრო 4 268 520 ლარს დახარჯავს. გასულ წელს იგივე საქმისთვის 2 419 808 ლარი დაიხარჯა.

 

1 587 446 ლარია გათვალისწინებული საპანსიონო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ინვენტარით აღჭურვისათვის. გასულ წელს იმავე მიმართულებით   703 736 ლარი დაიხარჯა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ თანხით წელს დასრულდება და ინვენტარით აღიჭურვება  დაბა შუახევის საჯარო  სკოლის საპანსიონო კორპუსის მშენებლობა.

 

განათლების სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციით, წელს რეაბილიტაცია 7 სკოლას ჩაუტარდება: ქედაში – სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლას, ხულოში – ძირკვაძეების საჯარო სკოლას, ქობულეთში – ქვედა სამების საჯარო სკოლას. სოფელ ხიხაძირის საჯარო სკოლაში მოეწყობა გათბობის სისტემა. ამავე თანხაში გათვალისწინებულია ბათუმის #20 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის სახურავის და სკოლის ფასადის რეაბილიტაცია. ბათუმის #27 საჯარო სკოლის შენობის ფასადის რეაბილიტაცია. ასევე ბათუმის #26 საჯარო სკოლის პირველი სართულის რეაბილიტაცია შშმ მოსწავლეებისთვის.

დაგეგმილია ოთხი სკოლის მშენებლობა. გეგმის მიხედვით, ახალი სკოლის შენობები ექნება ტუნაძეების საჯარო სკოლას, ფურტიოს, ზედა ჭარნალისა და ბათუმის #1 საჯარო სკოლებს.

 

სამინისტრო ასევე გეგმავს მაწყვალთის, სოფელ კვირიკეს #1 და სოფელ დანდალოს საჯარო სკოლების პროექტების შეძენას, ახალი სკოლების ასაშენებლად. პროექტს შეიძენენ შუახევში, სოფელ ჟანივრის დამწვარი სკოლისთვისაც.

 

ცალკეა გამოყოფილი თანხა სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის. ამ მიზნით სამინისტრო 347 500 ლარს დახარჯავს. დაგეგმილია 7 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის მოწყობა.

 

სპორტული დარბაზები ქედაში, სოფელ ვაიოს საჯარო სკოლაში, დაბა ხულოს საჯარო სკოლაში, ხიჭაურის საჯარო სკოლაში, ხელვაჩაურში სოფელ ჭარნალისა და სოფელ ერგეს საჯარო სკოლებში, ასევე ქობულეთში სახალვაშოსა და ცეცხლაურის საჯარო სკოლებში მოეწყობა.

 

სკოლების რეაბილიტაცია აჭარაში 2005 წელს დაიწყო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ხნის მანძილზე სკოლების 74 % გარემონტდა. როგორ დგება პრიორიტეტები. როგორ ირჩევა რომელი სკოლა უნდა გარემონტდეს და რომელი არა? – ამ კითხვით განათლების სამინისტროს მივმართეთ.

 

„აჭარის განათლების სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი, ტენდერის პირობებით აჭარის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მდგომარეობა უნდა შესწავლილიყო. სიმძიმის მიხედვით უნდა განსაზღვრულიყო, თუ რომელი სკოლა უნდა გაკეთებულიყო პირველ რიგში. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეისწავლა ყველა სარეაბილიტაციო სკოლა, რომელიც აჭარის ტერიტორიაზეა და ამის შემდეგ შედგა სარეაბილიტაციო სკოლების სია. სამინისტრო სწორედ ამ სიით ხელმძღვანელობს,“ – ამბობს აჭარის განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა ვადაჭკორია.

 

მისი თქმით, სკოლების რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილებას არც მინისტრი და არც მინისტრის მოადგილეები არ იღებენ. 

 

„სამინისტროში დღე არ არის, რომ არ მოდიოდნენ მოქალაქეები. რეალურად ის ადამიანი მუშაობს ცუდ პირობებში, მისთვის ის ცუდი პირორები საკმარისია იმისთვის, რომ ჩათვალოს – მისი სკოლა სარეაბილიტაციოა. მას უნდა პირობების გაუმჯობესება. უბრალოდ, სამინისტროს არ აქვს იმის მატერიალური საშუალება, რომ ერთდროულად დაიწყოს 229 სკოლის რეაბილიტაცია,“ – ამბობს თეა ვადაჭკორია.

  

თხილვანას სკოლა, რომელიც სარეაბილიტაციოა, 80-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ რემონტი არასდროს ჩატარებია. „განათლების სამინისტროს პასუხი მოგვივიდა, რომ 2016 წელს თუ რაიმე გარემოებამ არ შეუშალათ ხელი, სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება. იყვნენ მოსული შემოწმებაზე, წინასწარი პროექტი შეიმუშავეს, თუ რა ესაჭიროება სკოლას და რა რემონტი უნდა ჩატარდეს. ისე არის დაზიანებული ყველაფერი, მხოლოდ კარკასი უნდა დარჩეს, დანარჩენი ყველაფერი შესაცვლელია,“ – ამბობს სკოლის დირექტორი ედუარდ ბოლქვაძე.

 

სოფელ ხიხაძირის სკოლა 4 წლის წინ გაარემონტეს USAID-ის ფინანსური დახმარებით. როგორც „ბათუმელებს“ ხიხაძირის საჯარო სკოლის დირექტორმა თენგიზ გაბაიძემ უთხრა, სკოლაში სამშენებლო სამუშაოები ერთ კვირაში დაიწყება – გათბობა უნდა დაამონტაჟონ.

 

წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლასაც. აქ მთლიანად შეიცვლება ინვენტარი.

 

„ავარიულ მდგომარეობაში იყო ჩვენი სკოლა. ფაქტობრივად, მხოლოდ კედლებს არ შეეხებიან. სხვა მხრივ ყველაფერი უნდა შეცვალონ,“ – ამბობს ძირკვაძეების სკოლის დირექტორი დონარ აბულაძე.

 

2015 წლის პრიორიტეტებში მოხვედრილ რამდენიმე სკოლასთან შედარებით სოფელ თხილვანას სკოლა გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია. მაგალითად, წელს თანხა იხარჯება სკოლების ფასადების შესაკეთებლად, მაშინ როცა თხილვანას სკოლაში მოსწავლეებისთვის სწავლა არც თუ ისე უსაფრთხოა.

 

გარდა სკოლების რეაბილიტაციის პროგრამისა, განათლების სამინისტროს 2015 წელს დაგეგმილი აქვს 7 საჯარო სკოლის ინვენტარითა  და ლაბორატორიით აღჭურვა. 

 

ქედაში, ოქტომბრის საჯარო სკოლის, ხულოში აგარის საჯარო სკოლის, ქობულეთში  ცეცხლაურის N2 და ქვედა სამებას საჯარო სკოლების, ხელვაჩაურში კირნათის, ახალშენის N2  და სოფელ ფერიის საჯარო სკოლების ინვენტარით აღსაჭურვად 2015 წელს 266 720 ლარი დაიხარჯება. ასევე ლაბორატორიის კომპლექტით (ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის) აღიჭურვება ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების თითო საჯარო სკოლა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: