Batumelebi | რა თანხას სთხოვს მთავრობა სამკერვალო ფაბრიკებს რა თანხას სთხოვს მთავრობა სამკერვალო ფაბრიკებს – Batumelebi
RU | GE  

რა თანხას სთხოვს მთავრობა სამკერვალო ფაბრიკებს

 

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები მთავრობამ ბიზნესის ხელშეწყობისთვის გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. პარალელურად, იგი „საკანონმდებლო ხარვეზის გასწორებასაც“ ცდილობს, რაც ზოგ ბიზნესს ძვირი დაუჯდება. აჭარაში მოქმედ სამკერვალო ფაბრიკებში (და არა მარტო აქ) მაკონტროლებელმა ორგანომ შემოწმების ახალი ტალღა დაიწყო. სადავო გადასახადების დაკისრების პარალელურად, ზოგიერთი ინვესტორის მიერ ბიზნესის საქართველოდან გატანაზეც საუბრობენ.

 

აჭარაში მოქმედ სამკერვალო ფაბრიკებში 7 ათასამდე ადამიანია დასაქმებული
აჭარაში მოქმედ სამკერვალო ფაბრიკებში 7 ათასამდე ადამიანია დასაქმებული

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სამკერვალო ფაბრიკა „ბათუმიტექსის“ თანამშომლები ფაბრიკის შესაძლო დახურვაზე შიშობენ. მათგან ზოგი ამბობს, რომ ამის შესახებ ადმინისტრაციამ გააფრთხილა კიდეც და `მამაკაცის პერანგების“ განყოფილების მსგავსად, სხვა განყოფილებებიც ბულგარეთში უნდა გადაიტანონ, ანუ ფაბრიკა იხურება. ამ ფაბრიკიდან ერთი თვის წინ ათობით მუშა გაათავისუფლეს. ფაბრიკის პროფკავშირების თავმჯდომარე ჩიტო ანთაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გათავისუფლებულთაგან არც ერთი არ იყო მკერავი:

 

„80 ადამიანის გაშვებაზე იყო საუბარი, მაგრამ ჩვენი ძალისხმევით 15 ადამიანის დატოვება მოვახერხეთ. მამაკაცის პერანგების განყოფილების სხვა ქვეყანაში გადატანის გამო, ვინც საქონელს კეცავდა და აფასოებდა, ისინი გაუშვეს. რაც შეეხება მუშაობის შეწყვეტას, ადმინისტრაციაში ასეთი საკითხები ამჟამად არ განიხილება“.

 

„ბათუმიტექსის“ ადმინისტრაციისგან ამ საკითხზე კომენტარი ვერ მივიღეთ. „მუშაობას ჩვეულ რიტმში ვაგრძელებთ“, – გვითხრეს სხვა ფაბრიკებში: „ჯორჯიან ტექსტილში“, „აჭარა ტექსტილესა“ და „BTM ტექსტილში“. რაც შეეხება სახელმწიფოსთან ურთიერთობის არსებულ თუ მოსალოდნელ გართულებას, ამაზე კომენტარს არც ერთ ფაბრიკაში არ აკეთებენ.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სამკერვალო ფაბრიკები საგადასახადო სამსახურმა უნდა შეამოწმოს. „აჭარა ტექსტილეში“ შემოწმება დაწყებულია და, ფაქტობრივად, სრულდება, „ბათუმიტექსის“ შემოწმება 15 აპრილიდან უნდა დაიწყოს, დაგეგმილია ასევე „BTM ტექსტილის“ შემოწმებაც.

 

მთავარი პრობლემა საწარმოებისთვის ამ შემოწმებით ის არის, რომ მათ გასულ წლებში შესრულებულ ოპერაციებზე დღგ-ს გადახდას ახლა ავალდებულებენ. საუბარია იმ პროდუქციის დამზადებაზე, რომელიც შემდეგ ექსპორტზე, საზღვარგარეთ გადიოდა.

 

„ფაბრიკა ადრეც მოწმდებოდა, მაგრამ საექსპორტო საქონელი არ იბეგრებოდა, საგადასახადო არ გვთხოვდა დღგ-ს გადახდას. ახლა კი გვეუბნებიან, რომ თურმე იმ პერიოდში ჩვენ მიერ გაწეული მომსახურება ექვემდებარებოდა დაბეგვრას“, – უთხრა `ბათუმელებს“ ერთ-ერთი ფაბრიკის თანამშრომელმა. მისივე თქმით, ძველ ოპერაციებზე შეგნებულად, დღგ-თი დაბეგვრის მიზნით, ფაბრიკის „შემოწმება“ არასამართლიანია.

 

ვითარება, ფაქტობრივად, ყველა სამკერვალოში იდენტურია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის ექსპერტის, აუდიტორ კონსტანტინე გორბატკოვის თქმით, ვინაიდან წინა წლებშიც მოწმდებოდა საწარმოები, აქედან გამომდინარე, თუ უნდა ყოფილიყო დაბეგრილი და არ ბეგრავდნენ, ისმება კითხვა – რატომ? საფუძველი რა უდევს ამას? საგადასახადო უშვებდა შეცდომას? – ამ კითხვებზე შემოსავლების სამსახურმა უნდა უპასუხოს: „აშკარად სადავო საკითხია და ფაქტობრივად, ეს პრობლემაა არა მარტო ბათუმისა თუ აჭარის რეგიონის, არამედ ქვეყნის მასშტაბით. ალბათ შეამოწმებენ სხვაგანაც, რაც საკმაოდ მტკივნეული იქნება. თბილისშიც ვიცი ერთ-ერთი ფირმა, სადაც შემოწმების შემდეგ ძველი ოპერაცია დაბეგრეს“.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „აჭარა ტექსილეს“, რომელსაც ფაბრიკები ქობულეთსა (ბობოყვათი) და ბათუმში აქვს, შემოსავლების სამსახურმა ძველ ოპერაციებზე უკვე დაარიცხა „წარმოუდგენლად დიდი თანხა“. თუ წყაროს ვენდობით, ძველ ოპერაციებზე გადასახადების დაკისრების შემთხვევაში ისეთი ოდენობის თანხასთან გვექნება საქმე, რაც, ფაქტობრივად, ფაბრიკების გაჩერებას გამოიწვევს:

 

„შიდა გადამუშავების პროდუქცია იბეგრებოდა დღგ-თი, იყო ასეთი მუხლი საგადასახადო კოდექსში, მაგრამ იყო ასევე მუხლი, რომ ექსპორტი იყო ნულოვანი, ანუ არ იბეგრებოდა დღგ-თი. ახლა დაკონკრეტდა ეს საკითხი, შიდა გადამუშავება არ იბეგრება, რაც მისასალმებელია, მაგრამ, როცა მაშინ არ დაგვარიცხეს და ახლა ამბობენ, რომ უნდა დაგრიცხვოდათო… ამაზე, ალბათ, ვიდავებთ. მიგვაჩნია, რომ კანონში იყო უზუსტობა, არ იყო მკაფიოდ ჩამოყალიბებული და ორი მუხლი ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს. ეს იცოდა შემოსავლების სამსახურმა თავის დროზე, ასევე დავების საბჭომაც“.

კონსტანტინე გორბატკოვის თქმით, ფირმამ რომ იდავოს, მყარი არგუმენტი უნდა ჰქონდეს: „შეიძლება გამოვიდეს ასე – შინაარსობრივად, კოდექსით იბეგრებოდა და არ ბეგრავდენ. ფორმალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემოსავლების სამსახური მართალია, რადგან არავინ ყურადღებას არ აქცევდა და არ ბეგრავდა. ახლა რადგან ოფიციალურად დაფიქსირდა, რომ კონკრეტული ოპერაცია არ იბეგრება, ასეთი ოპერაციები 2010 წლიდან უნდა ყოფილიყო დაბეგრილი“.

 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით: „2014 წლის 25 დეკემბრამდე პირის მიერ საგადასახადო კოდექსის 234-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, კერძოდ, მხარეთა შორის დადებული გარიგების საფუძველზე საქონლის წარმოება, ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას დადგენილი წესით (18 %).

 

ხოლო შესაბამისი საქონლის (წარმოებული პროდუქციის) ექსპორტი/რეექსპორტი, კოდექსის 168-ემუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ექვემდებარება დღგ-სგან გათავისუფლებას ჩათვლის უფლებით“.

 

არსებობდა თუ არა რაიმე ხარვეზი ამ კუთხით? ან, რატომ არ ბეგრავდნენ დღგ-თი ან შესაბამის გადასახადს რატომ არ არიცხავდნენ, თუ ამას კოდექსი ითვალისწინებდა? – კითხვაზე შემოსავლების სამსახურისგან პასუხი ვერ მივიღეთ.

 

2014 წლის 12 დეკემბერს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატა ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც ჩათვლის უფლებით დღგ-სგან გათავისუფლედა:

 

„შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის გადამუშავების მიზნით აღნიშნული სასაქონლო ოპერაციის განმახორციელებელი პირის მიერ კოდექსის 234-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ შემდგომ განხორციელდა გადამუშავებული საქონლის იმპორტი)“.

 

(კოდექსის 234-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადამუშავების ოპერაციებია: „საქონლის დამუშავება, მათ შორის, მონტაჟი, აწყობა ან სხვა საქონელზე მორგება; საქონლის წარმოება; საქონლის შეკეთება, მათ შორის, აღდგენა და მუშა მდგომარეობაში მოყვანა; საქონლის გამოყენება, რომელიც არ შედის გადასამუშავებელი საქონლის შემადგენლობაში, ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავების პროდუქტის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი მთლიანად ან ნაწილობრივ იხარჯება გადამუშავების პროცესში“).

 

ანუ, დღგ-სგან გათავისუფლდა სწორედ ის ძირითადი მომსახურება, რომელსაც ზემოაღნიშნული სამკერვალო ფაბრიკები ეწევიან: შემოტანილი ნედლეულის საექსპორტოდ დამუშავება – კოდექსის ენით „შიდა გადამუშავება“.

 

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ეს ნორმა ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე (2014 წლის 24 დეკემბერს); „ხოლო ცვლილების მიხედვით, მისი გავრცელება ამ ნორმის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე არ გაითვალისწინება“.

 

ანუ, დაახლოებით 2010 წლიდან დღემდე შიდა გადამუშავებაზე, რაზედაც დღგ-ს არ არიცხავდნენ სამკერვალო ფაბრიკებს, ამ ოპერაციას დღეს ბეგრავენ და სოლიდურ გადასახადსაც აკისრებენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აჭარის ტერიტორიაზე მოქმედ სამკერვალო ფაბრიკებში დაახლოებით 7 ათასი ადამიანია დასაქმებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე