კვირის ამბები

კულტურული მემკვიდრეობა – ბათუმის ფოსტა

04.04.2015 • 4966
კულტურული მემკვიდრეობა –  ბათუმის ფოსტა

 

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული, იტალიური რენესანსის და ბაროკულ სტილში გადაწყვეტილი ძველი ფოსტის შენობა (თავდაპირველად – ბათუმის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორა) დომინანტურ როლს ასრულებდა უბნის განაშენიანებაში. იგი გამოირჩეოდა თვალსაჩინო ურბანული და მხატვრულ-ისტორიული ღირებულებით. 2004 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად ექსპერტებმა ნაგებობას ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს.

 

დანგრეული შენობის ფასადებზე ჯერ კიდევ შერჩენილია ნალესობით გამოყვანილი მცენარეული და ფიგურული გამოსახულებები. მემედ აბაშიძის ქუჩის მხარეს განთავსებულ სადარბაზოების წინ – თუჯის სვეტებზე დაყრდნობილი, აჟურული დეტალებით მორთული მსუბუქი ჩარდახები. ამავე მხარესაა მონოგრამითა და კონვერტის გრაფიკული გამოსახულებით გაფორმებული კედლის “საფოსტო ყუთი”.

 

ნაძერწი დეტალებით მორთული დარბაზები, სადაც  თავდაპირველი თუჯის სვეტები იყო შემონახული, აღარ არსებობს.

 

ძველი ფოსტის შენობა, 2012 წლის ფოტო
ძველი ფოსტის შენობა, 2012 წლის ფოტო

ნგრევის პარალელურად მიმდინარეობს  “მშენებლობა”.  პროექტი გამოკრულია სამშენებლო მოედნის შემომფარგვლელ ღობეზე, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ  არქიტექტურული ძეგლის ადგილზე, მისი ფასადების უკან ამოიზრდება მრავალსართულიანი, მაღალი მანსარდით დასრულებული კოშკისებური ნაგებობა.

 

ფოსტის შენობის “საფოსტო ყუთი”
ფოსტის შენობის “საფოსტო ყუთი”

ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში მივიღებთ გაუგებარ “არქიტექტურულ კურიოზს”, რომელიც ერთბაშად  გადააჭარბებს ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის ძეგლებზე განხორციელებულ ყველა უმასშტაბო დაშენებას, გუმბათებს, მანსარდებს და ა.შ. უცნაური ისაა, რომ ნაგებობას კვლავ ძეგლის სტატუსი გააჩნია, რასაც ადასტურებს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 6 აგვისტოს მიღებული №46 დადგენილება, რომელიც გამოქვეყნებულია  “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. ადგილზე, უშუალოდ სამშენებლო მოედანზეც დამიდასტურეს, რომ ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.

 

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება დაისვას კითხვა: ხომ არ ფიქრობენ პროექტის ავტორები, ის ინსტანციები, რომლებმაც ეს პროექტი დაამტკიცეს, რომ ხდება ძეგლის შენარჩუნება და მისი ე.წ. რეაბილიტაცია? თუ ეს ასეა, სახეზეა უკანონობა, კონფორმიზმი, არაპროფესიონალიზმი და პროფესიული ეთიკის დეფიციტი.  


მომზადებულია პროექტის – “რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის”– ფარგლებში. 

 

ძველი ფოსტის “ახალმშენებლობის” პროექტი
ძველი ფოსტის “ახალმშენებლობის” პროექტი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: