Batumelebi | რა უნდა ასწავლონ მედრესეში რა უნდა ასწავლონ მედრესეში – Batumelebi
RU | GE  

რა უნდა ასწავლონ მედრესეში

 

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან წელს აჭარის მთავრობას ერთი მილიონი დოლარი და ორი მილიონ 263 ათასი ლარი გამოეყო. ამ თანხით აჭარის მთავრობამ ბათუმში, ანგისის დასახლებაში, სამუფთო სამმართველოს ორი შენობა შეუსყიდა. ერთი შენობა მედრესესთვისაა განკუთვნილი, მეორე შენობაში კი, აჭარის სამუფთო სამმართველოს რეზიდენცია განთავსდება. აჭარის მთავრობა აპირებს სამუფთოსთვის შენობების მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთიც შეისყიდოს. რა არის მედრესე, რატომ ხედავენ ქართველი მუსლიმები მისი გახსნის აუცილებლობას და რა განათლებას მისცემს ის მოზარდებს? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე საუბრობს.


 ბეგლარ ქამაშიძე
ბეგლარ ქამაშიძე

ბატონო ბეგლარ, რა არის მედრესე – სასულიერო სკოლა თუ უფრო მაღალ საფეხურს მოიცავს?


სასულიერო სასწავლებელია. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ საქართველოში გვქონდეს ისლამური თეოლოგიური უნივერსიტეტი და ამაზე ვმუშაობთ, მაგრამ მედრესე უმაღლესისგან განსხვავდება. მედრესეში რელიგიის სწავლების გარდა შეიძლება გვქონდეს ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, უცხო ენების გაკვეთილები და ა.შ.


 სასწავლებლის დასრულების შემდეგ რა კვალიფიკაცია მიენიჭებათ კურსდამთავრებულებს?


 ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ სასწავლებელში სასულიერო წინამძღვრების გადამზადების პროგრამა გავაკეთოთ, იმამი, მოლა _ ეს სტატუსი ექნებათ კურსდამთავრებულებს. ალბათ, უფრო იმამი.


 გარდა თეოლოგიური საგნებისა, თქვენ საუბრობთ სხვადასხვა საგნის სწავლებაზეც, სახელმწიფოსგან, კონკრეტულად განათლების სამინისტროსგან, გესაჭიროებათ რაიმე სამართლებრივი სტატუსი? ხომ არ აწარმოებთ მოლაპარაკებას სამინისტროსთან ამის თაობაზე?

 

შეიძლება სჭირდებოდეს, ჯერ არ ვიცით და ჩვენ მაგაზეც უნდა ვიმუშაოთ. მედრესეს თუ განათლების სფეროს მივაკუთვნებთ, შეიძლება დაჭირდეს. ის, რაც აქამდე მედერსეების სახელით იყო ცნობილი, რეალურად ესენი მედრესეები არ არის, პანსიონებია, რომლებსაც სამართლებრივად სხვა სტატუსი აქვთ. ისინი რეგისტრირებულნი არიან როგორც აიპი. ამ მედრესეს კი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი ექნება. ამიტომ, ვეცდებით, რომ მედრესეს დიპლომს მეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, ალბათ პროგრამების აკრედიტაცია დაგვჭირდება სამინისტროს მხრიდან.

 

წინამძღვრის გარდა სხვა სტატუსების საკითხს განიხილავთ?

 

 იქნებიან ყურანის მკითხველები, ისწავლიან ლოცვას და სხვა ისეთ დეტალებს, რომელიც მნიშვნელოვანია რელიგიური მსახურების შესასრულებლად. თუმცა, ამასთან ერთად, თუ მოსწავლეს სურვილი ექნება შეისწავლოს სხვა საგნები, თეოლოგიურის გარდა, ასეთ ახალგაზრდებსაც უნდა დავუდგეთ მხარში.

 

რა ასაკის ბავშვები ისწავლიან მედრესეში?


სკოლის ასაკის ბავშვები. შეიძლება მივიღოთ სრულწლოვნებიც. ამას წინასწარ ვერ გავთვლით. კონკრეტული კრიტერიუმები შესამუშავებელია, ჩვენ გვყავს რელიგიური საბჭო, დავსხდებით და დეტალებს შევიმუშავებთ.

 

კვალიფიციური სპეციალისტები გყავთ ბათუმში, თუ მათი მოწვევა დაგჭირდებათ? ასევე მაინტერესებთ, რა ლიტერატურაა საჭირო მედრესეში სასწავლებლად, გარდა ყურანისა და თუ არის ეს ლიტერატურა თარგმნილი ქართულ ენაზე?

 

 სასულიერო ლიტერატურის 90 პროცენტი უკვე ნათარგმნია არაბულიდან. ყურანის გარდა არის გარკვეული ლიტერატურა, შუამავლის ცხოვრებაზე და ესეც ნათარგმნია. რაც შეეხება პედაგოგებს, 35-მდე კვალიფიციური პედაგოგი ბათუმში გვყავს, რომლებსაც აქვთ თეოლოგიური განათლება.

 

მედრესეში მხოლოდ ბიჭები ისწავლიან თუ გოგონების მიღებასაც აპირებთ?


 ამ ეტაპზე ეს შენობა ბიჭებზეა გათვლილი, მაგრამ თუ საჭიროება იქნება, მივიღებთ გოგონებსაც.


მედრესეს რა წყაროებიდან დააფინანსებთ?


სახელმწიფომ ისედაც დიდი დახმარება გაგვიწია და კიდევ ხომ არ მოვთხოვთ ფინანსებს? ჩვენი, შიდა რესურსებით დავაფინანსებთ.


დღის განმავლობაში რამდენ საათს ისწავლიან მედრესეში ბავშვები?


 ალბათ დღის მეორე ნახევარში, რადგან დილის საათებში ბავშვები საჯარო სკოლაში იქნებიან. ამ ყველაფერზე ვიმუშავებ ჯგუფთან ერთად და ყველაფერი შეთანხმდება. ვეცდებით, რომ სექტემბრამდე ეს ყველაფერი მოვასწროთ.


საერთო საცხოვრებელი ექნება სასწავლებელს?


ეს იმაზეა დამოკიდებული, არსებული ფართობი იქნება თუ არა საკმარისი მედრესესთვის. ჯერ მხოლოდ ორი შენობა შეგვისყიდა მთავრობამ, მეორეში სამუფთო სამმართველოს რეზიდენცია უნდა განთავსდეს.


ბატონო ბეგლარ, რამდენად აუცილებელი იყო ამ მედრესეს გახსნა, რადგან როგორც თქვენ ამბობთ, გარკვეულ სასულიერო განათლებას პანსიონებშიც იღებენ მუსულმანი ბავშვები?


აუცილებლობა ის იყო, რომ ქართველი ბავშვები საქართველოში და ქართული მენტალიტეტით უნდა გაიზარდონ. მათ ეროვნული ცნობიერება უნდა ჰქონდეთ. სხვა გარემოში გაზრდილი ბავშვი ვერ იქნება ქართული აზროვნების. ჩვენ შეიძლება ვიყოთ განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის, მაგრამ ეროვნული შეგნება უნდა გვქონდეს ერთნაირი. დღეს საქართველოში მუსლიმანებს „თათრებს“ გვეძახიან და უნდა შეიგნონ ადამიანებმა, რომ რელიგია არ განსაზღვრავს ადამიანის ეროვნებას. ეროვნული შეგნება, სახელმწიფო, ყალიბდება და მსგავსი დამოკიდებულება მუსლიმების მიმართ უნდა შეიცვალოს. მე მინდა აღვზარდო შვილები ისლამის რწმენით და ქართული აზროვნებით. ეს იყო ჩვენი მიზანი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე