კვირის ამბები

პოლიტიკა ბინძური საქმე არ არის

25.02.2015 • 3006
პოლიტიკა ბინძური საქმე არ არის

 

დღევანდელი ჩემი მოსაზრება, ჩვენი გუნდის მაგალითით მინდა განვიხილო. მას შემდეგ, რაც თავისუფალი დემოკრატები დავაფუძნეთ, ყოველდღიურ რეჟიმში დეზინფორმაციის ნაკადი არ წყდება ჩვენი გუნდის და მისი ლიდერების მიმართ. ამას ბუნებრივია კრიტიკა არ ჰქვია. ეს ტალახის სროლასაც აღარ ჰგავს, ეს უფრო მეტია და ამას არც ბოლო უჩანს.  იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიბინძურე დიდხანს არ  მორჩება, რადგან ქართული პოლიტიკის უკვე ჩამოყალიბებული ხასიათია და თუ ხარ ქართულ პოლიტიკაში ეს დინება (მაინც ტალახისფერი) გემუქრება და მერე როგორ.

 

სულხან ღლონტი
სულხან ღლონტი

მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი დემოკრატები სულ რაღაც ხუთი წლისაა, ჩვენს შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ამ საქმის უკვე ვეტერანები ვართ. ეს დინება ჩვენთვის უკვე ისეთი ნაცნობია, რომ მისი შენაკადის (ფერად შავი) ყველა ტოტის დიალექტიკასაც კი ვცნობთ. უკვე ვიცით არა თუ ვინ დგას ამის უკან, არამედ იმასაც ადვილად ვხვდებით, რამდენად მოხდა „მეტალახეების“ კოოპერაცია, ერთი გვიტევს თუ რამდენიმე ერთად.  ასეც ხდება ხოლმე, ერთი შეხედვით განსხვავებული მრწამსის პოლიტიკოსებს უმალ აერთიანებთ ჩვენზე გალაშქრების სურვილი და მე ამ მოვლენას როგორც საპორტო ქალაქის მკვიდრი  სარკაზმით მეცხრე ტალღის ეფექტს ვეძახი.

 

არჩევანი არის ყოველთვის და ეს არჩევანი არის იმ შემთხვევაშიც, თუ თალახისფერი ნიაღვარი პირდაპირ შენს  მიმართ არის მომართული.  რატომ არ უნდა იყო მორევის წესების მონაწილე?! პასუხი მარტივია, წარმოუდგენელია ამ მორევმა შვას რაიმე ღირებული, ის იმდენად გაჯერებულია ნეგატივით და პირადი ანგარიშსწორებით, რომ მასთან ნებისმიერი წილნაყარობა მსგავსებას ნიშნავს. მსგავსება რაიმესთან, რასაც  პოზიტიური ხასიათი არ აქვს, ნიშნავს მსგავსებას მუდმივ ნეგატივთან, რისი ბოლოც გარდაუვალი დაღუპვაა.  „რომელი შეეხოს ფისსა გაშავდეს“ ისუ ზირაქის ეს სენტენცია არის გზამკვლევი და თავისთავადი პასუხიც, როგორ უნდა იქცეოდე ასეთ დროს. 

 

ჩემი ეს მოსაზრება არ ეხება რომელი კონკრეტულ პოლიტიკურ პროცესს, იგი ეხება ქართული პოლიტიკის ზოგად ხასიათს და ჩვენი გუნდის დამოკიდებულებას მის მიმართ.  დღეს რთულია იცხოვრო განსხვავებული პოლიტიკური დღისწესრიგით  საქართველოში, რადგან განსხვავებულობა ნიშნავს განცხადებულ პრეტენზიას დამკვიდრებული, დომინანტი ქცევის  წინააღმდეგ და იგი საქართველოში არსებული წარმოდგენების თანახმად დასჯადია. მსგავსნი თანხმდებიან და ერთიანდებიან, გასხვავებულის წინააღდმეგ  და აქვთ ერთი მიზანი ან დაგიმსგავსონ ან განგდევნონ. ჩვენ და ისინი საწინააღდმეგო ლოგიკით ვცხოვრობთ და ამიტომაც ჩვენი პოლიტიკური მისწრაფებები მიუღებელია მათთვის. 

 

და მაინც, რატომ არის პოლიტიკა ბინძური საქართველოში?! რამ დააჭუჭყიანა იგი?! ჩვენი ქვეყნის პოლიტიკოსების უმრავლესობა, ოპონირებას როგორც პოლიტიკის შემადგენელ, აუცილებელ მოცემულობას არ ცნობს. მათი პოლიტიკური კლასის (თუ ის საერთოდ არსებობს ქართულ პოლიტკაში) შეფასება ვერ ცდება დამაკმაყოფილებელსაც კი. საწინააღმდეგო მოსაზრება აღიქმება პირად მტრობად და მტრები კავკასიაში დამკვიდრებული ადათების მიხედვით არ უყვართ. თუ გადაწყვიტა, რომ ხარ მტერი (სინამდვილეში ოპონენტი), იყენებს ყველა მეთოდს შენს გასანეიტრალებლად და გამარჯვებასაც ზეიმობს დაუსრულებელი ნადიმებით. საქმე პოლიტიკას რომ არ ეხებოდეს, სადაც ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება, თან იმ ქვეყნისა, რომელსაც ყველა ჭრილობა ჯერ კიდევ ღია აქვს და მუდმივად კარგავს სასიცოცხლოდ საჭირო ენერგიას, სანერვიულოც არაფერია, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. საქმე ეხება ოკუპირებული ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრს, რომლის მუდმივი ამოცანა ერთობის ძიება უნდა იყო ქვეყნის შიგნით  (მხარდამჭერების ქვეყნის გარეთ) ყველა კანონიერი ღონე უნდა მიმართოს საზოგადოების პოლარიზების წინააღდმეგ.

 

„ბინძური პოლიტიკა“ სახეს უკარგავს პოლიტიკურ ლიდერებს და მორალურად ანადგურებს პოლიტიკურ ისტებლიშმენტს. საზოგადოებას კი უკარგავს რწმენას და რწმენადაკარგული საზოგადოება მხოლოდ იმედის იმედად რჩება. ვიცი, რომ აპათიური მდგომარეობა დავხატე, მაგრამ ეს ფორმულა უნივერსალურია და ყველგან ასეთი შედეგების გამომწვევი.

 

პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე, თუ პოლიტიკოსები შეიგნებენ, რომ პოლიტიკური კონკურენცია არ არის მტრობა. თუ ისინი მაღლა დადგებიან, იქ, სადაც პროფესიული ეთიკის ადგილია, თუ ისინი არ მიმართავენ აკრძალულ ხერხებს და მეთოდებს. ამ შემთხვევაში ტალახისფერი მორევის მკვიდრნი დარჩებიან უმცირესობაში და მათი სიმცირე ნიაღვარს ძალას დაუკარგავს. ვიცი, ეს მომავლის პერსპქტივებია, მაგრამ მანამდე მოკლედ ჩამოვთლი (რამდენად რთული დასაჯერებელიც არ უნდა იყოს) რა ხერხებს არ მივმართავთ ჩვენ:

 

არ ვუკვეთავთ სტატიებს და სიუჟეტებს სხვათა ოჯახების დისკრედიტაციის მიზნით, არ ვამზეურებთ პერსონალურ ინფორმაციებს, არ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ რესურსებს სხვისი ავტორიტეტის განსაქარვებლად, არ ვსარგებლობთ პრივილეგიებით სხვათა თავისუფლებების ხელყოფისთვის,  არ ვქმნით ყალბ  „ექაუნთებს“ ფეისბუკში და არ ვწერთ, უსახელოდ და უგვაროდ, სხვისი სახელისა და გვარის დამაცირებელ კომენტარებს.

 

რას ვაკეთებთ? ვაკეთებთ იმას, რომ არ ვაკეთებთ არც ერთს ზემოთჩამოთვლილს და ვეძებთ ჩვენს მსგავს მოქალაქეებს, რომ მალე უმრავლესობა ვიყოთ!!!

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: