კვირის ამბები

ლეგენდა და სინამდვილე სელიმ ბეგზე

04.02.2015 • 9287
ლეგენდა და სინამდვილე სელიმ ბეგზე

სელიმ ხიმშიაშვილის საფლავი სოფელ ნიგაზეულში

სელიმის საფლავიდან ბედენის სერზე მდგარი ნიგაზეულის ციხე ჩანს. ამ ადგილს ნაბეგვარსაც ეძახიან. ექვსგოდოლიანი ციხე-გალავნის მშენებლობა მე-17 საუკუნეში სელიმ ხიმშიაშვილის მამას, აბდულ ბეგს დაუწყია. მას შემდეგ, რაც 1782 წელს აბდულ ბეგი გურიაში, აკეთთან ბრძოლაში მოკლეს, ციხის მშენებლობა სელიმმა დაასრულა. ბეგი ოსმალეთის სულთნის ნდობით აღჭურვილი პირი იყო და ზემო აჭარას მართავდა. მამის სიკვდილის შემდეგ აჭარის მართვა სელიმმა გადაიბარა. სელიმი ზემო აჭარას სწორედ ნიგაზეულიდან მართავდა. ნიგაზეულის ციხის შუა ადგილას, იქ, სადაც ახლა საუკუნის მეჩეთია, სელიმ ბეგ ხიმშიაშვილის სახლი მდგარა. მისთვის ეს ყოფილა საცხოვრებელი სახლიც და სამუშაო რეზიდენციაც.

ისტორიამ მხოლოდ მშრალი ფაქტები შემოინახა სელიმ ბეგზე. ლეგენდა მის სიმამაცესა და გამბედაობაზე კი იქაურების მეხსიერებაში ცოცხლობს. სელიმი განათლებული კაცი ყოფილა, თურმე ქართულ, რუსულ, სპარსულ და თურქულ ენებზე საუბრობდა. ამბობენ, რომ მთელი ცხოვრება აჭარას მიუძღვნა და საქართველოს გამთლიანებაზე ოცნებობდა.

სელიმმა ახალციხის საფაშოდან ჯაყელები განდევნა და ახალციხის ბეგი გახდა. ეს იყო პირველი ფაქტი ისტორიაში, როცა ახალციხის საფაშო ტახტი ჯაყელების გარდა სხვამ დაიკავა. სელიმს სურდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველო ოსმალოთაგან დაეხსნა. საწადელის მიღწევას რუსეთთან კავშირების გაბმით ცდილობდა.

რუსეთთან გაჭიანურებულმა მოლაპარაკებამ შერიფ ჯაყელი, რომელსაც სელიმმა ახალციხის საფაშო ტახტი წაართვა, გააძლიერა. შორეულ 1809 წელს, შერიფ ჯაყელი თავს დაესხა ახალციხის საფაშოს. სელიმი დამარცხდა, მაგრამ ბრძოლა არ შეუწყვეტია. სელიმ ბეგმა 1812 წელს კიდევ ერთხელ გაილაშქრა შერიფ ჯაყელის წინააღმდეგ და მეორედ წაართვა ახალციხის საფაშო.

„მისი ორჯერ ასვლა ახალციხის საფაშო ტახტზე, ფაქტობრივად, იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა. მაგრამ მაშინ რეალურად ვერ შეფასდა სელიმის მოღვაწეობა. 1803-1812 წლებში, სრულიად შესაძლებელი იყო ამ ტერიტორიების გამოხსნა ოტომანთა იმპერიიდან და საქართველოსთან შემოერთება. გაწირა მაშინ სელიმი რუსეთმა,“ – იხსენებს ისტორიკოსი შაქრო ხიმშიაშვილი.

სელიმის ფარული ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ და რუსეთთან კავშირის დამყარების მცდელობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა სულთნისთვის, რომელმაც სელიმს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

სელიმის სიკვდილთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, თურქეთის სულთანს, არზრუმის სერასკირს ფეჰლევან ბაბა-ფაშასთვის სელიმ ბეგ ხიმშიაშვილის შეპყრობა და სიკვდილით დასჯა უბრძანებია. 1815 წელს ბაბა-ფაშა ჯარით წამოსულა აჭარაში და სოფელ ნიგაზეულში სელიმის რეზიდენციას მიდგომია. სელიმი იქ არ დახვედრია, ხიხანის ციხისთვის შეუფარებია თავი. მაშინ გაბრაზებულ ბაბა-ფაშას სელიმის სახლი გადაუწვავს. ოსმალოები აჭარის სოფლებს შესევიან. ამბობენ, ხიხანის ციხეში გამაგრებულმა სელიმ ბეგმა როცა დაინახა როგორ წვავდნენ სახლებს და აწოკებდნენ ხალხს, თავის ნებით ჩაბარება გადაწყვიტა. 

სელიმ ხიმშიაშვილის პორტრეტი. მხატვარი: გ. ფუტკარაძე

მეორე ლეგენდა თედო სახოკიას აქვს მოთხრობილი წიგნში – „მოგზაურობანი“. სახოკიამ აჭარის მთაში მე-19 საუკუნის ბოლოს იმოგზაურა. აი, რას წერს სელიმის  შესახებ:

„ახალციხეში გაფაშების შემდეგ სელიმს რაღაც უსიამოვნება მოსვლია არტაანის ბეგ ჰამზა-ალისთან. ბეგს მისი ცოლი ავად უხსენებია. სელიმმა უთხრა თურმე: „ქალის შეურაცხყოფა კაცობა არ არის და რადგან ეს შემომკადრე, ულვაში არ მსხმია, თუკი ერთი წლის განმავლობაში თავი არ მოგჭერ და შენი ცოლები ხიხანის ციხეში არ დავისვი ცოლებადო“. სელიმს თავისი მუქარა აუსრულებია. ჰამზა-ალის მემკვიდრეები სულთანთან წასულან, წაუღიათ მისი სისხლიანი ტანსაცმელი და სელიმის საქციელი მოუხსენებიათ. სულთანმა მაჰმუდ-ურანფაშა გამოგზავნა აჭარაში ჯარით.  დაუვალებია, სელიმ ფაშას თავი მოჰკვეთეო. სელიმმა სულთნის გადაწყვეტილების შესახებ როდესაც შეიტყო 400 კაცი შეკრიბა და ხიხანის ციხეში გამაგრდა. ლეგენდის თანახმად, ციხეში ერთი წლის სამყოფი სურსათ-სანოვაგე მოიმარაგეს.

მეჩეთი და მუზეუმი ნიგაზეულში

მაჰმუდ ფაშა 12-ათასიანი ჯარით ხიხანის ციხის ძირას დაბანაკებულა. ორ თვეს ცდილობდა ფაშა ციხის აღებას, მაგრამ ვერ შეძლო. ამასობაში სელიმს სულთანთან შიკრიკი გაუგზავნია – ნება მომეცი, მოვიდე და საქმის ვითარება მოგახსენოო.

სანამ სულთნის პასუხი მოვიდოდა, სელიმ ბეგს უღალატეს. თქმულების მიხედვით, სელიმის ბაირაღთარის ერთგულებას ვერცხლის სიყვარულმა სძლია და მაჰმუდ ფაშას ციხის გასაღები გადასცეს.

ერთ ღამეს, როცა სელიმს თავის ცოლ-შვილთან და ჯართან ერთად ეძინა, ციხის კარი გაიღო. მაჰმუდ ფაშამ სელიმი შეიპყრო. ამბობენ, რომ სელიმი უბრძოლველად დანებდა. ფაშასთან მისვლამდე, როცა ცოლ-შვილს ეთხოვებოდა, მათთვის უთქვამს ძვირფასეულობა მიეცათ. სასიკვდილოდ მიმავალს რად უნდოდა ოქრო, სელიმს უპასუხია: „ჯალათს უფლება აქვს მკვდრის ჯიბე გასინჯოს. რაც გამოჩნდება ყველაფერი მისი იქნება. ჯიბეებს რომ დამისინჯავს და ვერაფერს იპოვის, ხომ შემაგინებს: „ფუ ამის კაცობას, ცარიელი დანავალაო“. ჯიბეში ძვირფასი თვლები ჩაუწყვია.

„სელიმი ხიხანის ციხიდან გამოიყვანეს და სამი დღე-ღამე არ აძინეს,  რომ თავის მოკვეთის დროს ტანჯვა არ ეგრძნო. აჰა, მისი მოკვლის დღეც დადგა, მაგრამ ეს არავინ იკისრა. ბოლოს, ერთი არტანუჯელი სომეხი გამოჩნდა. მისცეს ერთი ოქრო და მოჰკვეთა სელიმს თავი სოფელ ბაკოს ზემოთ, სწორედ იმ ადგილას, რომელსაც „სერი ყანა“ ჰქვია და სადაც გლეხები დღესაც სთესავენ პურს. მერე ეს სომეხი სელიმის შვილს არტანუჯში მოუძებნია და მოუკლავს,“ – წერს თედო სახოკია.

გადმოცემის თანახმად, მას შემდეგ, რაც სელიმს თავი მოჰკვეთეს, მოვიდა სულთნის ფირმანი, რომლითაც ის მაჰმუდ ფაშას სელიმ ბეგის სტამბოლში ცოცხლად ჩაყვანას სთხოვდა. სელიმის ნაცვლად მაჰმუდ ფაშამ სულთანს სელიმის თავი ჩაუტანა. სულთანს უკითხავს, თუ რატომ არ გაითვალისწინა მისი ბრძანება. „სიკვდილის შემდეგ მოვიდა ფირმანიო,“ – უთქვამს მაჰმუდ ფაშას. „რაკი ასეთი კაცის დაფასება არ გცოდნია და არც დაგნანდა, არც მე დამენანებიო,“ – უთქვამს სულთანს და მაჰმუდ ფაშასთვის თავი მოუკვეთია.

სელიმის თავი სტამბულშია დაკრძალული. ტანი ჯერ ხიხანის ციხესთან ახლოს, სოფელ შიგანაში დაასაფლავეს. მოგვიანებით კი სელიმის მეუღლემ, ელმასხანუმ სურმანიძემ ნიგაზეულში გადაასვენა და წყანიშურის უბანში, საგვარეულო სასაფლაოზე დამარხა.

სელიმ ხიმშიაშვილის მუზეუმი

ნიგაზეულის ციხის გალავანში, იმ ადგილთან ახლოს, სადაც სელიმ ბეგის სახლი იდგა, დღეს მუზეუმია განთავსებული. როგორც მუზეუმის გამგე, ელგუჯა ხიმშიაშვილი ამბობს, დაცული ექსპონატებიდან არც ერთი არ ეკუთვნოდა სელიმ ხიმშიაშვილს. სოფელში არის ერთი სახლი, რომელშიც სელიმს ადრეული ბავშვობა აქვს გატარებული. ამ სახლში დღემდეა შემორჩენილი ორასი წლის კარი. როგორც სახლის ამჟამინდელი მფლობელი, ენვერ ხიმშიაშვილი ამბობს, სახლი ასი წლისაა და სელიმის ნასახლარზე დგას.

„მამაჩემის ბაბუამ ააშენა ეს სახლი ამ ფორმით. ადრე აქ სელიმის ოჯახი ცხოვრობდა. მერე ციხის ეზოში გადავიდნენ, ის სახლი კი დაინგრა. გადმოცემით ვიცი, რომ ეს კარი, სელიმის ძველ სახლს ჰქონდა შებმული,“ – მოგვითხრობს ენვერ ხიმშიაშვილი.

სელიმს ოთხი შვილი ჰყავდა: აბდი, ხუსეინი, ახმედი და დედე. მამის სიკვდილის შემდეგ ზოგი აჭარაში, ზოგიც სოფელ ნიგაზეულში დარჩა საცხოვრებლად, ზოგი თურქეთში წავიდა.


ნაძვი და მუხა საფლავზე

გადმოცემის თანახმად, როცა სელიმს სერი ყანაში თავს ჰკვეთდნენ, სიკვდილის წინ უთქვამს: „მე მჭრით თავს, მაგრამ გეტყვით – გურჯისტანი სამუდამოდ ოსმალოს არ შერჩება. იმის ხსოვნას მე ჩემს შვილებს დავუტოვებ“. შვილებმა ეს ხსოვნა შეინახეს. 1877 წელს, როცა კავკასიის ფრონტზე საომარი მოქმედებები დაიწყო, სელიმ ბეგის შვილიშვილი შერიფ ხიმშიაშვილი ჩაერთო ბრძოლაში თურქების წინააღმდეგ. 1878 წელს სან-სტეფანოს ზავით თურქეთმა აჭარა დაუთმო რუსეთს.

წყანიშურის უბანში, იქ, სადაც სელიმის საფლავია, ნაძვი და მუხა ერთმანეთსაა შეზრდილი. თქმულების მიხედვით, ეს ორი ხე ბუნების საჩუქარია. მუხა, როგორც სელიმის ძლიერების და მარადმწვანე ნაძვი, როგორც სამუდამო ხსოვნის. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: