კვირის ამბები

რა იწვევს სახსრების ტკივილს

24.01.2015 • 24727
რა იწვევს სახსრების ტკივილს

სიმსუქნე, გენეტიკური წინასწარგანწყობა, ასაკი, სახსრების ტრავმა, ჩონჩხის თანდაყოლილი დისპლაზიები და სტატისტიკის დარღვევა (სქოლიოზი, ბრტყელტერფიანობა), სახსრის ფუნქციური გადატვირთვა (სპორტული, პროფესიული და საყოფაცხოვრებო) – რევმატოლოგი ნერიმან ცინცაძე ოსტეოართროზის რისკ-ფაქტორებს თვლის. „რადგანაც ოსტეოართროზის დროს ტკივილი დიდხანს არ ვლინდება, ეს დაავადება ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში რჩება ყურადღების გარეშე, სანამ არ განვითარდება ხრტილის შეუქცევადი დაზიანება“ – ამბობს ის.

ოსტეოართროზი (ოსტეოართრიტი) რევმატიულ დაავადებებს შორის ერთ-ერთი მეტად გავრცელებული დაავადებაა, რომელიც რევმატიულ დაავადებათა 60-70% შეადგენს, უფრო ხშირად გვხვდება ქალებში.

ყველაზე ხშირად რა ასაკის ადამიანებს აწუხებს ოსტეოართროზი? ნერიმან ცინცაძე ამბობს, რომ ავადდებიან ყველა ასაკის პირები, მაგრამ ყველაზე მეტად შრომისუნარიანი ასაკის ხალხი და დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად და თან სდევს ადამიანს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. დაავადების მიზეზი ხრტილის პირველადი დისტროფიაა.

„ხრტილის დისტროფიის მიზეზი არის მეტაბოლიზმის დარღვევა, რის შედეგადაც ხრტილი კარგავს დრეკადობას და ელასტიურობას, ხდება ხორკლიანი, შემდგომში კი სკდება და წყლულდება, ხდება მისი ალაგ-ალაგ განლევა და გაქრობა. ზოგჯერ ხრტილოვანი ნაწილაკი ნატეხების სახით გამოიყოფა სასახსრე ღრუში და იწვევს ანთებითი პროცესების განვითარებას. ხრტილის ქვემოთ ძვალი მექანიკურად ცვდება და მკვრივდება. ამავე დროს სასახსრე ზედაპირის კიდეებთან ხდება ხრტილის კომპენსაციური ზრდა, შემდგომში მისი გაძვალება და ოსტეოფიტების წარმოქმნა.“ – განმარტავს ნერიმან ცინცაძე.

მისივე თქმით, ოსტეოართროზის დროს ყველაზე ხშირად ზიანდება ქვედა კიდურების სახსრები ან ხერხემალი, ზოგ შემთხვევაში კი პროცესში ჩართულია ყველა სახსარი. „დასაწყისში ტკივილი სახსარში მხოლოდ დატვირთვის შემდეგ ვლინდება, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. თანდათანობით ტკივილი ძლიერდება და მუდმივ ხასიათს იღებს. დამახასიათებელია „სტარტული ტკივილი“, რომელიც თან ახლავს პირველ ნაბიჯებს, შემდეგ ქრება და ჩნდება სახსრის გადაღლის შემდეგ“  – ამბობს რევმატოლოგი.

„ოსტეოართროზს მძიმე ფორმებიც აქვს“  –  ამბობს ნერიმან ცინცაძე, „მაგალითად, მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართროზი-კოკსართროზი, რომელიც ძირითადად ქალებში ვითარდება და კლიმაქტერულ  პერიოდს ემთხვევა. ტკივილი იწყება თანდათან და შემდგომში ხდება ინტენსიური, ძლიერდება ფიზიკური დატვირთვისას, იზღუდება ბარძაყის როტაცია; კიდური მოკლდება, ავადმყოფი იწყებს კოჭლობას. ორმხრივი კოკსართროზის დროს დამახასიათებელია „იხვისებურად“ სიარული  და აღინიშნება კუნთების ატროფია.

გონართროზის (მუხლის სახსრის ართროზი) დროს ვითარდება ტკივილი კიბეზე ასვლისას, განსაკუთრებით ჩასვლის დროს.

ხერხემლის ართროზული დაზიანებისას კი აღინიშნება ტკივილი და შებოჭილობა  ხერხემლის სხვადასხვა უბანში, რეფლექსების შესუსტება, მოტორიკის დარღვევა, თავბრუ, თავის ტკივილი და ტკივილი გულმკერდის არეში.“

როგორ ხდება ოსტეოართროზის მკურნალობა?

ნერიმან ცინცაძე ამბობს, რომ ამ დაავადების მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. მისი თქმით, მკურნალობა ძვირადღირებულია და არა მხოლოდ მედიკამენტოზური: „მკურნალობის ძირითადი მიზანია ხრტილის დეგენერაციის შეჩერება, მეტაბოლიზმის გაუმჯობესება. ოსტეოართროზის ბაზისურ თერაპიას წარმოადგენს ქონდროპროტექტორებისა და ფიზიოთერაპიის მეთოდების გამოყენება: ფონოფორეზი, ინდუქტოთერმია, ულტრაბგერა, ასევე მკურნალობა ბალნეოლოგიურ კურორტებზე – წყალტუბო, მენჯი, ახტალა, ცაიში. ასევე მკურნალობის კომპლექსი გამოიყენება მასაჟი და სამკურნალო მასაჟი. ხშირად საჭირო ხდება ქირურგიული მკურნალობაც – განსაკუთრებით კოკსართროზის და გონართროზის დროს.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: