კვირის ამბები

უცნაური დეტექტივების დედოფალი – “წიგნები ბათუმში“ გირჩევთ

20.01.2015
უცნაური დეტექტივების დედოფალი – “წიგნები ბათუმში“ გირჩევთ

 

ფრედ ვარგასი
ფრედ ვარგასი

აგატა კრისტის ბრწყინვალე, გენიალური ნაწარმოებების შემდეგ გვეგონა, ასეთ წიგნებს ვეღარასდროს ვეღარავინ დაწერდა. და ერთ დღესაც, გამოჩნდა ახალნათარგმნი დეტექტივი, „წამოდექით მიცვალებულებო“ და „წადი სწრაფად, დაბრუნდი გვიან“. ეს იყო ყველა დეტექტიური რომანისგან აბსოლუტურად განსხვავებული  და, ამავე დროს, კლასიკური დეტექტივის ყველა საჭირო ატრიბუტის მატარებელი წიგნები, თავისი გვამებით, თითქოს მისტიკური გარემოთი, სუნთქვისშემკვრელი დაძაბულობით, მოულოდნელი კვანძის გახსნებით… ეს იყო წიგნები, რომლებიც თამამად შეიძლება, ძალიან, თავბრუდამხვევად შეგიყვარდეთ. გენიალური, ჭკვიანური დეტექტივები,  შუა საუკუნეების ისტორიის, ძველი ხელნაწერების, ლიტერატურის ზედმიწევნით ცოდნით…

 

ამ საოცრებების ავტორი ჩვენთვის უცნობი სახელი და გვარი იყო – ფრედ ვარგასი. აფერუმ, შენს კაცობასო, ვთქვით და  მომდევნო ახალი წიგნი „წადი სწრაფად, დაბრუნდი გვიან“ გადავშალეთ. აქაც იგივე _ ისტორია, არქეოლოგია, ჩახლართული მკვლელობები და რაც მთავარია, საოცრად კოლორიტული გმირები. ვარგასის დეტექტივების მთავარი ღირსება ესაა – კომისარი ადამსბერგი, დანგლარი, ისტორიკოსი „მოციქულები“ და სხვა მუდმივი პერსონაჟები საოცრად გამორჩეულები და დახვეწილები არიან. სრულყოფილები, თითქოს მკვეთრი ფერებით დახატულები, ხასიათის ძალიან გამოკვეთილი შტრიხებით. ამ ბოლო რომანის შემდეგ უკვე შეუძლებელი იყო, მეტი არ გაგვეგო ფრედ ვარგასზე და წარმოიდგინეთ, რომ ფრედერიკი სინამდვილეში ფრედერიკა აღმოჩნდა, სასიამოვნო, ქერა ფრანგი ქალი. ძლიერი, ჭკვიანი, საოცარი, გენიალური ქალი, რომლის დეტექტივები აუცილებლად ყველამ უნდა წაიკითხოს. ყველამ უნდა ამოხსნას მისი თავსატეხები, ყველამ უნდა გამოსცადოს ადამსბერგის ჩიხები. გარდა თავსატეხებისა და ლაბირინთებისა, კიდევ სამი რამაა შესანიშნავი ვარგასის წიგნებში – საფრანგეთი, პარიზი, სენა. საოცარი ქვეყნის ყოველდღიური ყოფა, ეს ლეგენდარული ფრანგი კაცები და ქალები, რომლებსაც ლამის მთელი მსოფლიო რაღაც განსაკუთრებულ  რასად მიიჩნევს, აქ კი ზუსტად ისეთები არიან, როგორებიც ქალები და კაცები მთელ მსოფლიოში – თავიანთი ტკივილით, სასაცილო სიტუაციებით, დაუძლეველი ადიქციებითა და გატეხილი გულებით.

 

 

ფრედერიკა კი ცხოვრობს თავის საფრანგეთში, მოჭუტული თვალებით აკვირდება ადამიანებს ქუჩებში და მათ ბნელ მხარეებზე ფანტაზიორობს, მერე ამ ფანტაზიებს თავის უკიდეგანო ცოდნას ურევს (ის მედიევისტი და ცნობილი არქეოლოგია), და წერს და წერს გენიალურ, გადასარევ, ინტელექტუალურ, მაგრამ თან ცოტა სასაცილო, ირონიულ წიგნებს. წარმატებები, ფრედერიკა!


მაღაზია „წიგნები ბათუმში.“ მისამართი: აბაშიძის (ყოფილი სტალინის) #60 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: