კვირის ამბები

გაფერმკრთალებული ურთიერთობები სამეზობლოში

12.12.2014 • 2623
გაფერმკრთალებული ურთიერთობები სამეზობლოში

ნაზი მიქელაძე და ზურა მსახურაძე

ბათუმში, კოსტავას ქუჩაზე, ე.წ. იტალიურ ეზოში ნაზი მიქელაძე უკვე რვა წელია ცხოვრობს. მანამდე ის ქალაქის სხვა უბანში სახლობდა. ამბობს, რომ დღეს არა მარტო იტალიური ეზოს ხიბლია გაუფერულებულია. „სამეზობლო ურთიერთობების კულტურით საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა. იმ უბანში, სადაც უფრო დიდი ხანი გავატარე, უფრო ახლოს ვიყავით ადამიანები. მეტი სითბო გვაკავშირებდა. არც რვა წელია ცოტა დრო, მაგრამ ამ ეზოში იმ სიყვარულსა და თანამოზიარეობას ვეღარ ვგრძნობ, რაც მანამდე მიგრძვნია ან მსმენია ძველი თაობისგან“, – გვეუბნება ის.

ადამიანური ურთიერთობების გაცივება ნაზი მიქელაძის აზრით, სოციალური პრობლემების ბრალია: „ვისაც პრობლემები არ აქვს, ის უფრო ჩაკეტილია, აღარ უნდა სხვისი გაჭირვება დაინახოს და ამით დაიმძიმოს ცხოვრება. ადრეც დადიოდა ხალხი სამსახურში, ადრეც არსებობდა პრობლემები, მაგრამ ერთად ყოფნის, თუნდაც ყავის დალევის სურვილი ყოველთვის იყო. ურთიერთობის ეს ძაფები ნელ-ნელა წყდება“.

ნაზი მიქელაძე გვეუბნება, რომ ახლა სამეზობლოში მიმოსვლაც შერჩევითია: „თუ მეგობრობ ოჯახთან, იმ შემთხვევაში მიდიხარ და მოდის ისიც. მეც ასე ვარ, ამ ეზოში მარტო ერთი მეზობელია, ვისთანაც შეიძლება სტუმრად გადავიდე“.

სამეზობლო ურთიერთობების ტრადიციის დაკარგვას ნაზის მეუღლე, ზურა მსახურაძეც ამჩნევს. მას მიაჩნია, რომ დღეს ურთიერთობები ანგარებაზეა აგებული: „თუ შენ ხარ კარგად, მეზობელიც კარგად არის შენთან. სხვისი გაჭირვების გაზიარება არავის აღარ სურს. ცხოვრებამ თავისებური დაღი დაასვა ყველაფერს. სითბო და ხალისი დაიკარგა ადამიანებში და ეს ურთიერთობებიც რაღაცნაირად გადააგვარა“.

ზურა მსახურაძე მიიჩნევს, რომ ადამიანებს შორის გაუცხოება უფულობისა და დაუსაქმებლობის შედეგია. „ეზოში, ქუჩაში უხაროდათ ადამიანებს ერთმანეთის დანახვა, ახლა უფრო ფორმალურია მისალმებაც კი. ხალხი ლუკმა-პურის შოვნაზე ფიქრობს და აღარც კი უნდა ვინმეს ეკონტაქტოს. მეც ასე ვარ, შეიძლება მთელი დღე სახლში ვიყო, ერთ ადგილზე ვიბრუნო და ასე შემომაღამდეს. არ მომინდეს გარეთ გასვლა, მეზობელთან გადასვლა, რადგან შეიძლება ისე გულგრილად დაგხვდეს, მეორედ აღარ მოგინდეს მისვლა“.

მადონა სოსელია

მადონა სოსელიაც ძველი ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს. მისი აზრით, სამეზობლო ურთიერთობების გაცივება თაობათა ცვლას უკავშირდება: „ბევრმა გაყიდა ბინა და წავიდა, ზოგიც სოციალური პრობლემების გამო გადავიდა სოფელში, ნაწილი მოხუცდა. ახალგაზრდები მუშაობენ, ზოგი კიდევ ბავშვებზე, ოჯახზე ზრუნავს და აღარ არის იმის დრო, რომ სასაუბროდ ჩამოსხდნენ“.

მადონა სოსელიას აზრით, სამეზობლო კულტურა საქართველოში ბოლომდე გამქრალი არ არის: „შეიძლება ძველებური სითბო აღარ ახლავს ამ კავშირებს, რადგან ადამიანები დაღალა რუტინამ, მაგრამ ჩვენს ეზოში ბავშვები ჯერ კიდევ დადიან მეზობელთან დაუპატიჟებლად და ეს არ არის დაკარგული. რაღაც წყდება და იკარგება, რაღაც ჯერ კიდევ სუნთქავს“.

ურთიერთობების გაფერმკრთალებას, ადამიანები თაობათა ცვლასაც უკავშირებენ. „მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, ვესალმები და მოვიკითხავ კიდეც, თუმცა სტუმრად არ დავდივარ. არც ახალგაზრდებთან მაქვს ახლო ურთიერთობა, რადგან ვისაც ვიცნობ, მათგან განსხვავებული გემოვნება და ინტერესები მაქვს, ამიტომ მათთან დროის ხარჯვას, მეგობართან უერთიერთობა მირჩევნია“, – გვეუბნება 16 წლის მარიამ ლაკია.

სამეზობლო გულგრილობაზე საუბრობს 17 წლის სალომე დეკანაძეც: „პირველ მეზობლებთან უფრო თბილი ურთიერთობები მქონდა, ახლა აღმაშენებლის უბანში ვცხოვრობ და დეპრესიაში ვარ, რადგან ვერც გარემოს ვეგუები და ვერც სამეზობლოს. ასე მგონია, რომ კვდებოდე, არავინ მოგაქცევს ყურადღებას. შეიძლება ჩემი ბრალიცაა, რადგან საერთო ენა ვერავისთან გამოვნახე“.

„ჩემი კარის მეზობელთან ვიყავი ბოლოს სტუმრად, სამი წლის წინ. ჩემი თანატოლი არავინ ცხოვრობს იქ, ალბათ ამიტომ“, – ამბობს 16 წლის გურამ ზენაიშვილიც.

შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ეთნოლოგი ინეზა ზოიძე ახალი ტიპის სამეზობლო ურთიერთობებს რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს: „პირველი ფაქტორი საზოგადოების ცხოვრების წესის ცვლილების, არის ადამიანებში ნდობის ხარისხის შემცირება. ამან განაპირობა ის, რომ ადამიანებს პრივატული სივრცის დაცულობის მეტი მოთხოვნილება გაუჩნდათ. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ჩემი აზრით, ეკონომიკური მდგომარეობაა. ურთიერთობები, ხშირად, სწორედ ამ ფაქტორებზეა მიბმული. დღეს უკვე აღარ სურთ ადამიანებს საკუთარი დრო თუ ფინანსები სხვას დაახარჯონ. თვითდამკვიდრების სურვილი, კონკურენცია და ახალი ცხოვრებისეული გამოწვევები ადამიანებს აიძულებს, შეცვალონ ცხოვრების წესი, რაც ყველა გარდამავალ ეტაპს ახასიათებს და ყოველთვის მტკივნეულია“.

ინეზა ზოიძე მიიჩნევს, რომ გლობალიზაცია და თანამედროვე მოთხოვნები გარკვეული ტრადიციების გადახედვასაც გვკარნახობს: „თუმცა, სამეზობლო ურთიერთობების ტრადიცია არ შედის ამ კატეგორიაში, რადგან ის დაკავშირებულია მეტ პატივისცემასთან ადამიანებს შორის, ტოლერანტობასა და თანადგომასთან. ამიტომ არის, რომ მისი სახეცვლილება, გაუფერულება ამ ურთიერთობების, ბევრი ადამიანის გულისტკივილს იწვევს“.

ინეზა ზოიძის აზრით, ურბანულ ცხოვრებაში ეს ცვლილება შესაძლებელია უკავშირდებოდეს ადამიანების ხშირ მიგრაციასაც, თუმცა პრობლემა მეტ-ნაკლებად შეეხო სოფელსაც. `ჩვენ ხშირად გვესმის დღეს: „მე ჩემი პრობლემები მაქვს“, „მე ჩემი ცხოვრება მაქვს“, „არ მინდა სხვის საქმეში ჩავერიო“, – ეს ყველაფერი გულგრილობაც არის და პასუხისმგებლობის თავიდან აცილების ერთგვარი ფორმაც. ამ წინააღმდეგობების მთავარი ხერხემალი ადამიანებს შორის უნდობლობაა და ისიც, რომ ადამიანი ვეღარ ანაწილებს დროსა და შესაძლებლობებს“.

უნდობლობის შესუსტების ასპექტში, ეთნოლოგის აზრს, ფსიქოლოგი ქეთი ბერიძეც იზიარებს. ისიც მიიჩნევს, რომ ადამიანური ურთიერთობების გაცივება უკავშირდება ნდობის საკითხს, თუმცა ნაკლებად სამეზობლო კავშირს. „თუ ადამიანი მომწონს და მასთან ურთიერთობა მსიამოვნებს, არ აქვს მნიშვნელობა ჩემი მეზობელია თუ არა. დღეს არა მარტო სამეზობლოში, ზოგადად, შეცვლილია ურთიერთობები, რადგან ვინც მუშაობს, მთელი დღე დაკავებულია და ხშირი მისვლა-მოსვლის დრო აღარ აქვს. დღეს სტუმრად ვეღარ წახვალ, თუ არ შეუთანხმდი მასპინძელს“, – ამბობს ის.

რაც შეეხება საზოგადოების ღიაობას, ფსიქოლოგი ამბობს: „ვსაუბრობთ იმაზე, რომ ადრე უფრო ღია იყო საზოგადოება და უფრო ღია იყო სახლის კარებიც. თუმცა  ფსიქოლოგიაში ეს „ღია კარები“ არ არის სწორი, რადგან ყველა ადამიანს სჭირდება თავისი პირადი სივრცე. კარი იმიტომ არსებობს, რომ გაიღოს ან დაიხუროს, როცა საჭიროა“.

ფსიქოლოგის თქმით, დღევანდელ სამეზობლოს ერთი რამ მაინც აერთიანებს – ხანძარი და სასწრაფო დახმარების მანქანა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: