კვირის ამბები

ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა საყრდენი გეგმის გარეშე

11.12.2014 • 2157
ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა საყრდენი გეგმის გარეშე

 

2015 წლის ბიუჯეტის პროექტში ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა ვერ მოხვდა. ბიუჯეტში მის გასათვალისწინებლად შენიშვნა ფრაქცია „რესპუბლიკელებმა“ გამოთქვეს.

 

„ალბათ ჩათვალეს, რომ საყრდენი გეგმა არ არის პირველადი და ბიუჯეტში არ გაითვალისწინეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, რადგან თუ არ არის საყრდენი გეგმა, არ ჩანს სახელმწიფოს პოლიტიკა კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. როცა ეს გეგმა იქნება, ამის მიხედვით გაიცემა რეკომენდაციები, რისი გაკეთება შეიძლება ქალაქის ისტორიულ ნაწილში და რისი არა“, – განაცხადა „რესპუბლიკელმა“ თემურ ყურაშვილმა.

 

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 42-ე მუხლში განმარტებულია, რომ ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა არის სპეციალური კომპლექსური სამეცნიერო-კვლევითი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისა და მათში არსებული ძეგლების, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს ამსახველ ინფორმაციულ და ანალიტიკურ მასალას და შეიცავს რეკომენდაციებს მათი დაცვისთვის აუცილებელი ქალაქთმშენებლობით და გეგმარებითი რეგლამენტაციის შესახებ. 2014 წლიდან, როცა ამოქმედდა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი, საყრდენი გეგმა სავალდებულო გახდა თვითმმართველი ერთეულებისთვის.

 

ბათუმი ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

 

ბათუმის ყოფილი მთავარი არქიტექტორისა და ბათუმის მერის მრჩევლის გიორგი რამიშვილის თქმით, გეგმის შემუშავება შეუძლია როგორც ბათუმის მერიას, ასევე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოს – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს.

 

„თვითმმართველობის შესახებ კანონში პირდაპირ არის მითითებული, რომ კულტურული-ისტორიული ძეგლის მოვლა-აღმოჩენა-ფიქსაცია არის თვითმმართველობის ამოცანა. ამიტომ ლეგიტიმურია გეგმის შემუშავება შეუკვეთოს როგორც მერიამ, ასევე სააგენტომაც, ან ორივემ ერთობლივად“. 

 

სააგენტოს ხელმძღვანელის თენგიზ ცინცაძის განმარტებით, საყრდენ გეგმაზე მუშაობა ბათუმის მერიის კომპეტენციაში შედის, თუმცა თუ გეგმის შემუშავება დაიწყება, სააგენტო თავის წვლილს შეიტანს.

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე, ბიძინა აფხაზავა კი ამბობს, რომ გეგმის შექმნას „უზარმაზარი თანხა უნდა“: „ეს არის ძალიან რთული და შრომატევადი სამუშაო,“ – ამბობს ბიძინა აფხაზავა. იგი პირველ რიგში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერის აუცლებლობას ხედავს: „პირველ რიგში რაცაა გასაკეთებელი, ესაა შენობების თავიდან აღწერა. 100 000 ლარის ფარგლებში მხოლოდ აღწერას დასჭირდება. შემდეგ პასპორტიზაციაა, რომელიც უფრო დიდი თანხებთანაა დაკავშირებული. მერეა საყრდენი გეგმის შემუშავება. უნდა ჩვენ ჩვენი სპეციალისტები არ გვყავს ამიტომ უნდა მოვიწვიოთ სპეციალისტები და გადავუხადოთ ფული“.

 

თავის შენიშვნაში საკრებულოს წევრი თემურ ყურაშვილი აღნიშნავს, რომ 2007 წელს იყო მცდელობა შექმნილიყო საყრდენი გეგმა.

 

„საქართველოს მაშინდელმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საყრდენი გეგმის შემუშავება ტენდერის საფუძველზე შპს „გეოგრაფიკს“ დაუკვეთა. გაიმართა პრეზენტაციაც, თუმცა გეგმა არ იქნა მიღებული და გათვალისწინებული. ამის მერე ქალაქიც გაიზარდა და საყრდენ გეგმაზე თავიდან უნდა გამოაცხადოს ტენდერი მერიამ ან „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული გეგმა განახლდეს“.

 

ბათუმს ამ დროისთვის არ გააჩნია საყრდენი გეგმა. არ არის ცნობილი კონკრეტულად თანხის რაოდენობაც, რაც მის შემუშავებას დასჭირდება. მერიაში აცხადებენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის რეგულირება 2009 წელს მიღებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, ქალაქის ურბანული განვითარების ფარგლებში ხორციელდება.

 

ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ახალაძე ამბობს, რომ საყრდენი გეგმა არის გენერალური გეგმის შემადგენელი ნაწილი და კონტექსტიდან ამოვარდნილად ვერ განიხილება.

 

„მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის დამუშავება დაკავშირებულია შრომატევად საქმიანობასთან, კვალიფიციური სპეციალისტების მოწვევასთან. დასაზუსტებელია ბიუჯეტი ამ გეგმაზე მომუშავე ხალხის და ჯგუფების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. თანხის დაზუსტების შემდეგ ჩვენ იმედი გვაქვს, 2015 წლის დასაწყისში შევძლებთ ბიუჯეტში ცვლილების შეტანას“, – ამბობს ირაკლი ახალაძე.

 

რა პრობლემებს ქმნის ის, რომ დღემდე არ არის საყრდენი გეგმა ისტორიულ-კულტურული ძეგლების დასაცავად და, შესაბამისად, არ არის კონკრეტული რეგულაციები? საზოგადოება „ბათომის“ ხელმძღვანელი ნინო ინაიშვილი მიიჩნევს, რომ საყრდენი გეგმის არარსებობა გაუმჭვირვალე პროცესებს შეუწყობს ხელს.

 

„ამ დოკუმენტის არარსებობა იდეალურ საფუძველს ქმნის ქაოსისა და კორუფციისთვის, ხელსაყრელია კლანებისა და ჩინოვნიკებისთვის მიიღონ მხოლოდ მათთვის მისაღები, ანუ არადემოკრატიული და გაუმჭვირვალე გადაწყვეტილებები, რომელიც საზიანოა საზოგადოებისათვის“.

 

გიორგი რამიშვილი კი მიიჩნევს, რომ გეგმის არარსებობით შეიძლება მშენებელი კომპანიები იყვნენ დაინტერესებული.

 

„კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლები თავმოყრილია ქალაქის ცენტრალურ უბანში, რომელიც ჩვენთან პრესტიჟულ საცხოვრებლად მიიჩნევა. ამიტომ მენაშენისთვის უმჯობესია სახლის აშენება ქალაქის ცენტრში, სადაც შეიძლება 1200-1500 დოლარად  გაყიდოს ერთი კვადრატული მეტრი. განსხვავებით, ვთქვათ, ბაგრატიონის ქუჩისგან, სადაც მაქსიმუმ 500 დოლარად გაყიდის ერთ კვადრატულ მეტრს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ ინვესტორისთვის, რომელიც არ არის ღრმად ჩახედული, ან მას ნაკლებად აინტერესებს ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა, ქალაქური ფასეულობები, მისთვის იყოს ხელსაყრელი ამ გეგმის არარსებობა. ამიტომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად საყრდენი გეგმა არის პირველი ნაბიჯი“, – ამბობს ქალაქის ყოფილი არქიტექტორი.

 

გაითვალისწინებს თუ არა თანხას ბიუჯეტში ბათუმის მერია ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის შემუშავებისთვის, მომდევნო კვირაში გაირკვევა.

გადაბეჭდვის წესი