კვირის ამბები

“გამომივა თუ არა?! – მხოლოდ ეს მაინტერესებს”

04.12.2014 • 2232
“გამომივა თუ არა?! – მხოლოდ ეს მაინტერესებს”

 

 

ბექა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არქიტექტურას სწავლობს. ამბობს, რომ ინტერესი ამ პროფესიის მიმართ ყოველთვის გააჩნდა, რადგან ხაზვა კარგად ეხერხებოდა. “ფოტოგრაფია არის ჩემი ჰობი, არ მიფიქრია მასზე როგორც პროფესიაზე, ამიტომაც ავირჩიე არქიტექტურა. ახლა ვფიქრობ, რომ ფოტოგრაფია არის ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანი, არქიტექტურა გახდა მეორეხარისხოვანი. შორს იშვიათად ვიხედები, ვცდილობ ის გავაკეთო, რაც მიმაჩნია იმ მომენტში სწორად. რა იქნება 10 წლის შემდეგ, ამაზე ფიქრით თავს არ ვიკლავ, აწმყოში ვარ მობილიზებული, ვმოქმედებ ისე, როგორც არის უკეთესი მოცემულ მომენტში”  – ამბობს ბექა.

 

ბექას პირველი ფოტოაპარატი, რომელიც 13 წლის ასაკში ჰქონდა, ახლა ფოტოსტუდიაში საპატიო ადგილს იკავებს. მას შემდეგ რვა ფოტოაპარატი გამოიცვალა. ბექა ამბობს, რომ განვითარებისთვის საკუთარ თავთან ბევრს მუშაობს:

 

“გამომივა თუ არა?! – მხოლოდ ეს მაინტერესებდა, ყოველთვის ასე ვარ, როცა რაიმეს გაკეთებას ვიწყებ. ვეკითხები ჩემს თავს: “შეძლებ შენ ბექა ამას?” მაშინ ხან გამომდიოდა, ხან – არა, ხან ვგრძნობდი, რომ რაღაც მცირე აკლდა, ასე დაიწყო და დაიწყო. ახლა ვეღარ წარმომიდგენია თავი ამ საქმის გარეშე. ჩემი ერთადერთი მასწავლებელი ინტერნეტია” – ამბობს ბექა.

 

ბექასთვის არ არსებობს ნაკლებად მნიშვნელოვანი ფოტო. როგორც ამბობს, ყველაფერს იღებს, რაც მას აინტერესებს, განსაკუთრებით მოსწონს პორტრეტების გადაღება: “ყველაფრის გადაღებისას ვიღებ სიამოვნებას, ჩემებურად ვუდგები ამ საკითხს, აპარატი სულ თან დამაქვს, დიდი აპარატის წაღებას თუ ვერ ვახერხებ, პატარა მაინც მიდევს ჯიბეში, რომ უცებ რამე გადავიღო. განსაკუთრებულად მომწონს სილამაზის გადაღება, როცა რაღაც იმაზე კარგი გამოდის, ვიდრე იყო, ვცდილობ იდეალური გავხადო ზეიდიალური” – ამბობს ბექა.

 

ბექა ბათუმში სამტრედიიდან გადმოვიდა. ბათუმში გადმოსვლისთანავე გაუჩნდა სტუდიის გახსნის იდეა, ამისთვის დანაზოგს დიდი ხანი აგროვებდა. მშობლების დახმარებით ფართობი დაიგირავა და საკუთარი გემოვნებით მოაწყო სტუდია: “ვნახოთ, რა გამოვა. ბათუმელი არ ვარ, ამიტომ კარგად არ ვიცნობ სხვა ფოტოგრაფებს, სტუდიაში მხოლოდ მე და ჩემი ძმა ვმუშაობთ. ის საზღვაო აკადემიის სტუდენტია, მე დავაინტერესე ფოტოგრაფიით, მასთან სულ ამ საკითხებზე ვსაუბრობდი და თითონაც მოუნდა ძალების მოსინჯვა, მასტერკლასებს საკუთარ თავს ვუტარებთ ხოლმე.”

 


ბათუმში ბევრი რამ მოსწონს, ბევრი – არა. ამბობს, რომ ამ ქალაქის მიმართ უფრო დიდი მოლოდინი ჰქონდა: “ბათუმში იმიტომ წამოვედი, რომ მინდოდა რამე ახალი აღმომეჩინა. ქუთაისი ისე ახლოსაა სამტრედიასთან, ჩათვალეთ, რომ ქუთაისში ვცხოვრობდი. ბათუმი მომწონს, მაგრამ ერთი წელი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ამ ქალაქს შევგუებოდი, ვერ გავუგე რაღაცნაირად ვერც ქალაქს და ვერც ხალხს, სხვანაირი შეხედულებები დამხვდა, რატომღაც შებოჭილია ახალგაზრდობა. ვითარდება და იცვლება ქალაქი, ვიმედოვნებ, ესეც შეიცვლება” – ამბობს ბექა.

 

გეგმებზე წინასწარ არასოდეს საუბრობს, ამიტომაც არ ამბობს, თუ რა პროექტებზე მუშაობს, მხოლოდ იმ პროექტზე გვიყვება, რომელიც უკვე დასრულების პირასაა: “ვიღებ შიშველ ნატურას. რადიკალურად განსხვავებულია ჩემი ნამუშევრები იმისგან, რაც აქამდე გადაუღიათ. მთლიანი სხეული არ ჩანს კადრში, მხოლოდ ნაწილებია, ჩემ მიერ გადაღებული ნატურა არის ძალიან იდუმალი, შეიძლება უყურო და ვერ მიხვდე რა არის. მოდელების დათანხმება არ მიჭირს, მოსწონთ ეს პროცესი. ცოტა შებოჭილ გარემოში ვმუშაობ, მაინც საქართველოა, პორნოგრაფიისგან უჭირთ ხელოვნების გამორჩევა. ამ პროექტით იმის თქმა მინდა, რომ ფოტოგრაფია მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც რაღაცას გადმოსცემ, შინაარს უფრო მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ტექნიკას, მაგრამ ფოტოგრაფმა ტექნიკურადაც უნდა გამართო ნამუშევარი და შინაარსიც უნდა იყოს საინტერესო” – ამბობს ბექა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: