კვირის ამბები

გულმავიწყობა თუ უმადურობა?

20.11.2014 • 2135
გულმავიწყობა თუ უმადურობა?

 

დავიწყოთ იმით, რომ ინტერვიუში ბ-ნი მ. ქიძინიძე თავს წარმოაჩენს 2003 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბებული მოძრაობის – „ჩვენი აჭარას“ დამფუძნებლად (?!) და ერთ-ერთ ხელმძღვანელად. ამ ინფორმაციას არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან.

 

სინამდვილეში, ამ მოძრაობის ჩამოყალიბების იდეა ეკუთვნოდა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ აქტიურ წევრს, ყოფილ პარლამენტარსა და ასლან აბაშიძის რეჟიმის ერთ-ერთ გამორჩეულ მოწინააღმდეგეს თამაზ დიასამიძეს. სათაურის შერჩევაში კი ვმონაწილებდით ამ იდეის ავტორი და მე,  სხვა არავინ.

 

მიხეილ მახარაძე
მიხეილ მახარაძე

იმავე წლის ნოემბრის თვეში „ჩვენი აჭარა“  პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე თბილისის კინოსახლში, სადაც შეხვედრის წამყვანები ვიყავით თამაზ დიასამიძე, კობა ხაბაზი და მე. შეხვედრის შემდეგ კი მე მიმიწვიეს „რუსთავი-2“-ში ეკა ხოფერიას ღამის გადაცემაში. ამ შეხვედრიდან მალე, დეკემბერში შედგა მოძრაობის პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისში“. ამის შემდეგ „ჩვენი აჭარას“ ხელნძღვანელებლად, თანათავჯდომარეებად, აგვირჩიეს კობა ხაბაზი და მე.

 

რაც შეეხება ბ-ნ მ. ქიძინიძეს, მას ამ მოვლენასთან არავითარი შეხება არ ჰქონია და პირადად მე მისი სახელი გაგონილიც არ მქონდა. ის პირველად ჩვენს ოფისში ვნახე, „ჩვენი აჭარისა~ და იმ დროს პარლამენტის წევრ ედუარდ სურმანიძის ხელმძღვანელობით ცოტა მოგვიანებით ჩამოყალიბებული, თუ არ ვცდები, მოძრაობა „აჭარას” გაერთიანების შემდეგ. გაერთიანებულ მოძრაობას ეწოდა „ჩვენი აჭარა~ და მის თანათავმჯდომარეებად არჩეული იქნენ კ. ხაბაზი და ე. სურმანიძე, ხოლო დარბაზის სპიკერად – მე. მ. ქიძინიძე იყო გამგეობის წევრი და მას სხვა გამორჩეული ფუნქცია არ ჰქონია.

 

ბ-ნი მ. ქიძინიძე ინტერვიუში აღნიშნავს ლევან ვარშალომიძესთან მის დაპირისპირებაზე 2004 წლის მიწურულს პრივატიზაციის საკითხზე, რის გამოც, როგორც თვითონ აღნიშნავს, მას და მის ოჯახს ბევრი რამის გადატანა მოუხდა.

 

იმ პერიდში მ. ქიძინიძეს რომ მძიმე სიტუაცია ჰქონდა, სიმართლეა, მაგრამ რა კავშირში იყო ეს პრივატიზაციასთან, გაუგებარია. ძალოვნები ხომ მას სულ სხვა რამეს ედავებოდნენ. ბ-ნი მერაბი, როცა ასე ამაყად ლაპარაკობს, ნუთუ დაავიწყდა  მოსალოდნელი დაპატიმრების განცდებში ღამეებს უმაღლეს საბჭოში რომ ათენებდა და ლოცვებში ატარებდა?! მაშინ ვინ დაუდგა მას თავდებად ამ განსაცდელში?! ნუთუ მას სერიოზულად სჯერა, რომ მაშინ ლოცვა-გოდებამ იხსნა. ყველაფერი ეს მან ძალიან კარგად იცის, მაგრამ ახლა სხვა დროა და უმადურობას იჩენს.

 

ინტერვიუს დასარულს მ. ქიძინიძე აღნიშნავს: არჩევნების შემდეგ დასაქმების მიზნით დამიბარა ლევან ვარშალომიძემ, მაგრამ მე არ მივედი. „ამის შემდეგ  მიხეილ მახარაძემ დამირეკა და მთხოვა მივსულიყავი მასთან, მან შემომთავაზა ხელშეკრულებით მემუშავა უმაღლესი საბჭოს აპარატში. როგორც ჩანს, ჯობდა ვყოფილიყავი დასაქმებული, ვიდრე გარეთ“.

 

საკითხში სიცხადის შესატანად მცირე ექსკურსი დამჭირდება. მ. ქიძინიძე ამაყად აცხადებს, არ ვყოფილვარ ნაციონალური პარტიის წევრიო, მაგრამ ნუთუ დაავიწყდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით გახდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი და ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა წამყვან კომიტეტს. დეპუტატობის ვადის გასვლის შემდეგ კი მ. ქიძინიძე მუშაობდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოში, ამასთან, ბოლო 2,5 წლის განმავლობაში საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარედ.

 

აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ მ. ქიძინიძის ჭირვეული ხასიათის მიუხედავად, მე მასთან პრობლები არ მქონია, რადგანაც ყოველთვის ვითვალისწინებდი მის შრომისმოყვარეობასა და ინციატივიანობას (არც თუ იშვიათად, უადგილოს). მისდამი ჩემი ასეთი დამოკიდებულება მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა  ბიუროს ზოგიერთ წევრთან მ. ქიძინიძის დაძაბული ურთიერთობის განმუხტვას.

 

რაც შეეხება უმაღლეს საბჭოში მ. ქიძინიძის ხელშეკრულებით აყვანას, რაღაც ვერ ვიხსენებ, რომ ამის თაობაზე მე მისთვის დამერეკოს. ან რა ისეთ ძალას წარმოადგენდა, რომ მისი დასაქმებით საფრთხე აგვეცილებინა. თუ ბოლომდე თანმიმდევრული ვიქნებით, მისთვის მთავარი ყოფილა პირადი ინტერესები, ამას ადასტურებს მისი დღევანდელი პოზიციაც. არადა, საქმე უფრო მარტივადაა. დღის წესრიგში იდგა მაშინდელი უმაღლესი საბჭოს  რეგლამენტის გათვალისწინებით ყოფილი დეპუტატის დასაქმება. ბატონმა ლევან ვარშალომიძემ  მთხოვა გამომენახა მისთვის ადგილი, რადგანაც სხვა ყოფილი დეპუტატებისგან განსხვავებით, არავის უნდა მისი აყვანაო. ჩვენთან უკვე ჩამოყალიბებული იყო საკონსულტანციო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობდა ყოფილი დეპუტატი, აწგანსვენებული იოსებ ხიმშიაშვილი. ბ-ნი იოსების  მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მის ადგილას დავნიშნე ბ-ნი მ. ქიძინიძე. უნდა ითქვას, რომ ის თავის მოვალეობას პასუხისმგებლობით ეკიდებოდა.

 

ბ-ნ მ. ქიძინიძესთან 8 წლიანი ურთიერთობისას მისგან არ მსმენია რაიმე საწინააღმდეგო არსებული ხელისუფლების მისამართით. ინტერვიუში ის ვითარებას სულ სხვანაირად წარმოადგენს. გვიანდელი რიცხვით წარსულის შენთვის სასურველად გადაკეთება კი, რბილად რომ ვთქვა, არაეთიკურია.

 

დასასრულ, ბუნებრივად ისმის კითხვა _ რაში დაჭირდა ყველაფერი ეს ბ-ნ მ. ქიძინიძეს? ან რა არის ეს – გულმავიწყობა, უმადურობა თუ ორივე ერთად? ამ კითხვებზე პასუხი მკითხველისთვის მიგვინდია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: