კვირის ამბები

სსკ-ის მუხლები რომელიც ოჯახურ ძალადობას ეხება მოითხოვს გადახედვას და გამკაცრებას

28.10.2014
სსკ-ის მუხლები რომელიც ოჯახურ ძალადობას ეხება  მოითხოვს გადახედვას და გამკაცრებას

 

დავით ჯანდიერი

თუკი ადგილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, მაშინ ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

თუკი ჯანმრთელობის დაზიანებას ამგვარი შედეგი არ მოჰყოლია, კვალიფიკაცია სსკ 126-ე პრიმა მუხლის მიხედვით, მართებულია. სავარაუდოდ, საქმეში არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მიუთითებს, თუ რა სახის დაზიანება მიიღო დაზარალებულმა და რა შედეგი იქონია მის ჯანმრთელობაზე. საქმის მასალების დეტალურად შესწავლის გარეშე ძნელია იმსჯელო იმაზე, სწორად მიენიჭა თუ არა კვალიფიკაცია.

 

სამწუხაროდ, ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს არც თუ იშვიათად ვაწყდებით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახელმწიფოს, ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით ავალია პატივი სცეს სიცოცხლის უფლებას, ხოლო მე-3 მუხლით – წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას. ამ მუხლების შინაარსი გულისხმობს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას, რათა სახელმწიფომ არ დაარღვიოს ამ მუხლებში განმტკიცებული უფლებები, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას – გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, გაატაროს ზომები მათ დასაცავად.

 

სახელმწიფო ვალდებულია ჩაერიოს ინდივიდების ურთიერთობაში, რათა კერძო პირმა არ დაარღვიოს მეორე პირის კონვენციით დაცული უფლება. ბუნებრივია, დაზარალებული უნდა სარგებლობდეს პროცედურული გარანტიებით, რათა საქმის განხილვის დროს სრულად იქნას მისი უფლებები დაცული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ დასჯადი იყოს ოჯახური ძალადობა, არამედ – სანქცია იყოს ადეკვატური.

 

ჩემი აზრით, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლები, რომლებიც ოჯახში ძალადობას ეხება, მოითხოვს გადახედვას და გამკაცრებას. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ასევე ახალი მუხლის შემოტანა სისხლის სამართლის კოდექსში – სტალკინგ (გადაკიდება), რასაც ქართული კანონმდებლობა არ იცნობს და რომელიც გულისხმობს იმგვარი ქმედების დასჯას, როგორიცაა: დევნა, შევიწროება, მუქარა, არაკანონიერი თვალთვალი, განმეორებითი სატელეფონო კავშირის დამყარება, რაც მსხვერპლს აიძულებს შეცვალოს ცხოვრების სტილი. ხშირად სწორედ ამგვარი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან ყოფილი მეუღლეები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.