კვირის ამბები

ტკივილის შემსუბუქების უფლება

24.10.2014 • 2882
ტკივილის შემსუბუქების უფლება

 

ვერიკო. დ. ონკოლოგიური პაციენტია. ის ბათუმის ონკოლოგიურ საავადმყოფოში მკურნალობს. როგორც მისი ექიმი ამბობს, ის პალიატიურ მზრუნველობას საჭიროებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად ვეღარ გაუმჯობესდება, ახლა მთავარი, მისი მტანჯველი ტკივილისგან ხსნაა.

 

ვერიკო ბათუმის ონკოლოგიურ საავადმყოფოში მეორედ მოხვდა. პირველად ოპერაცია გაუკეთეს. ამჯერად ღვიძლმა შეაწუხა. პაციენტი საავადმყოფოს მომსახურებით კმაყოფილია. როგორც ექიმებმა უთხრეს, მისი მკურნალობის ხარჯი ორივე შემთხვევაში სახელმწიფომ „საყოველთაო დაზღვევის“ დაფინანსებით დაფარა.

 

ვერიკომ არ იცის, ამჯერად რამდენ ხანს დარჩება საავადმყოფოში, თუმცა იცის, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ მას სახლში დაბრუნება და ოჯახის წევრების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩენა მოუწევს. მას დასჭირდება სპეციალისტის მზრუნველობა იმისთვის, რომ პერიოდულად თავი დააღწიოს მტანჯველ ტკივილს, რაც ეტაპობრივად თავს აუცილებლად შეახსენებს.

 

პალიატიური მზუნველობის მიღების უფლებასა და შესაძლებლობაზე არც ვერიკომ იცის და არც მისმა მეურვემ, რომელიც მას საავადმყოფოში მეთვალყურეობს.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტებზე ბათუმის ონკოლოგიური საავადმყოფო ზრუნავს. ამას ემატება მერიის შინ მოვლის პროგრამაც.

ვერიკოს მკურნალი ექიმის, ონკოლოგ მემედ ჯინჭარაძის ინფორმაციით, უკვე მეოთხე წელია, რაც აჭარაში მკურნალობის ამ მიმართულების პროგრამა  „ჰოსპისი ბინაზე“ არ მუშაობს. 

 

„2007-2008 წლებში ჩვენ ვახორციელებთ ამ ტიპის პაციენტებზე მზრუნველობას, რაც აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. შემდეგ პალიატიური მზრუნველობის პროგრამის განხორციელება მთელ საქართველოში დაიყო ფედერალური პროგრამით, რის შემდეგაც აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსება გაურკვეველი მიზეზით შეგვიწყდა. ამ ეტაპზე ჩვენ ვახორციელებთ მხოლოდ სტაციონალურ ჰოსპისს ფედერალური დაფინანსების ფარგლებში.“

 

ფედერალური დაფინანსების ფარგლებში ერთ პაციენტზე დღე-ღამის ღირებულება 75 ლარია. პროგრამა გადასახადს არ ითვალისწინებს უმწეოებისთვის. პენსიონერები ამ თანხიდან მხოლოდ ათ პროცენტს, სხვა კატეგორიის პაციენტები კი 30 პროცენტს იხდიან.

 

„სტაციონარში პაციენტს მაქსიმუმ 10 დღეს, საშუალოდ ხუთ-ექვს დღეს ვაყოვნებთ. შემდეგ მათ ვუშვებთ ამბულატორიულ მოვლაზე. ამის შემდეგ პაციენტებს უვლიან ოჯახის ექიმები. ასევე მოქმედებს მერიის შინ მოვლის პროგრამაც.“

 

ბათუმის მერიის „შინ მოვლის პროგრამა“ გათვლილია შინ მოვლის საჭიროების მქონე სხვადასხვა კატეგორიაზე და უშუალოდ პალიატიური მზრუნველობის მქონე პაციენტების მოვლას არ ითვალისწინებს. თუმცა, მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის, მარინა რუხაძის ინფორმაციით, შესაძლებელია ამ პროგრამაში პალიატიური ზრუნვის საჭიროების მქონე პაციენტებიც მოხვდნენ.

 

„პროგრამაში შედიან მარტოხელები, შშმ პირები და ასაკით პენსიონერები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. პროგრამა გულისხმობს კვირაში ერთხელ ექიმის ვიზიტს, ასევე საჭიროების აღწერას, სასიცოცხლო მაჩვენებლების კონტროლს, დიაგნოზის განსაზღვრას, თუმცა უმეტეს შემთხვევაში უკვე აქვთ დიაგნოზი. ამის შემდეგ ნიშნავენ მედიკამენტებს. ჩვენ გვაქვს ფართო სპექტრი მედიკამენტებისა, რომელთა გამოყენებითაც ექიმს შეუძლია მკურნალობა. საჭიროების შემთხვევაში პროგრამა გულისხმობს ასევე სხვადასხვა სპეციალისტის ჩართვას.“

 

2014 წლის ბათუმის ბიუჯეტში შინ მოვლის პროგრამისთვის 96 300 ლარი გაითვალისწინეს. პროგრამა ასაკობრივ შეზღუდვას არ ითვალისწინებს, თუმცა ის მხოლოდ ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეებზეა გათვლილი. მუნიციპალიტეტებში კი მსგავსი პროგრამა არ მოქმედებს.

 ვერიკო. დ. ბათუმში არ ცხოვრობს. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ის ბათუმთან არც თუ ისე ახლოს, სოფელში, საკუთარ სახლში დაბრუნდება. იქ მას საჭიროების შემთხვევაში დახმარება სოფლის ექიმმა უნდა გაუწიოს, რომელიც დილიდან ექვს საათამდე მუშაობს და სოფელში მას კიდევ ბევრი პაციენტი ელოდება. გარდა ამისა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, პალიატიური მზრუნველობა სპეციალურ ცოდნას და შესაბამის გამოცდილებას საჭიროებს.

 

„ოჯახის ექიმებს ამ კუთხით სპეციალური ცოდნა არ გააჩნიათ. პროფესიონალმა იცის, როგორ მოუაროს ნაწოლს, რომელიც ამ  ტიპის პაციენტებს დროთა განმავლობაში უჩნდებათ, როცა აქვს სუნთქვის გართულება, როგორ უნდა დაუნიშნოს გამაყუჩებლები, როცა პაციენტს აქვს უმართავი ტკივილი, როგორ გამოიცნოს რა ხასიათის ტკივილია, ამ ყველაფერს განსხვავებული მიდგომა სჭირდება. გარდა ამისა საჭიროებებს თუ მივყვებით, მათთვის ისევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის დახმარება, როგორც ტკიილგამაყუჩებელი,“ – ამბობს პროფესორი მიშა შავდია, რომელიც თბილისში პალიატიური მზრუნველობის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილ სოციალურ ჰოსპისს ხელმძღვანელობს. ის დაფინანსების სიმცირეზეც საუბრობს.

 

 პალიატიური მზრუნველობის შესახებ სახელმწიფო პროგრამა მკურნალობის ორ მიმართულებას ითვალისწინებს. საქართველში ამ დროისთვის ფუნქციონირებს 19 საწოლზე გათვლილი სპეციალური ჰოსპისი, რომელიც ყოფილი ონკოცენტრის შენობაში ფუნქციონირებს. დაფინანსება დღიურად პაციენტზე 75 ლარია. ამაში შედის როგორც მოვლა, ასევე სიმპტომური მკურნალობა და დამატებითი ჩარევები. ამ თანხაში შედის საავადმყოფოს მოვლა-შენახვისა და საავადმყოფოს პერსონალის შრომის ანაზღაურების ხარჯიც.

 

მიშა შავდიას ინფორმაციით, ჰოსპისი მოთხოვნებს ვერ პასუხობს: „დღეს, მაგალითად, სამი ადამიანია რიგში, რომელიც ჰოსპისში მოთავსებას და მკურნალობას საჭიროებს. ისინი ელოდებიან რიგს. როგორც კი ადგილი გათავისუფლდება, მათ მივიღებთ.“

 

არსებობს მოსაზრებები, რომ პალიატიური მკურნალობა ძირითადად ონკოპაციენტებისთვისაა გათვალისწინებული, რაც სიმართლე არ არის. სპეციალისტის ინფორმაციით, პალიატიურ მზრუნველობას საჭიროებს ნებისმიერი პათოლოგიის მქონე პაციენტი, როცა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება.

 

 

საქართველოში, გარდა აჭარისა, პალიატიურ მზრუნველობას სოციალური სუბსიდიების სააგენტო ახორციელებს. სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, პალიატიური მზრუნველობა გულისხმობს პაციენტთა ბინაზე ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობის განხორციელებას შესაბამისი მობილური გუნდის მიერ. მომსახურების მოცულობა მოიცავს თვეში არაუმეტეს 8 ვიზიტს პაციენტთან. ვიზიტები დაფიქსირებული უნდა იყოს დოკუმენტაციაში ექიმის შესაბამისი ჩანაწერით. მომსახურება მიეწოდება არაუმეტეს 6 თვით.

მემედ ჯინჭარაძის ინფორმაციით, ამ პროგრამაში აჭარა გაუგებრობის გამო ვერ ჩაერთო:

„ადრე ჩვენ ვახორციელებდით პალიატიურ მზრუნველობას 40 პაციენტზე, სპეციალური პროგრამით. მათ ეგონათ, რომ ეს პროგრამა გაგრძელდებოდა, მაგრამ პროგრამა შეჩერდა. შემდეგ, როცა ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ ყოფილიყო ცალკე პროგრამა პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის, იყო ირონიული დამოკიდებულება და ხუმრობით დამკრძალავ ბიუროსაც გვეძახდნენ.“

 

ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის დაზუსტება, თუ რამდენი პაციენტი საჭიროებს პალიატიურ მკურნალობას საქართველოში. სუბსიდიების სააგენტოს გასული წლის ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს სააგენტო 3 345 პაციენტს მოემსახურა. ბათუმის მერიის `შინ მოვლის პროგრამით“ 80 პაციენტი სარგებლობს.

 

ევროსაბჭოს მისტრთა კომიტეტის მიერ გამოცემული რეკომენდაციით, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში პალიატიური მზრუნველობის ორგანიზებისათვის შემუშავდა ნათქვამია, რომ „ნებისმიერი პიროვნება, რომელსაც პალიატიური მზრუნველობა ესაჭიროება, უნდა იღებდეს მას ყოველგვარი შეფერხების გარეშე, მისი საჭიროებებისა და არჩევანის შესაბამის გარემოში.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: