კვირის ამბები

ლუკა და მისი ბენდი

27.10.2014 • 1656
ლუკა და მისი ბენდი

 

family band

 

 

ლუკას მუსიკა მამამ შეაყვარა, თუმცა, როგორც ლუკას მამა, გოგიტა ამბობს, არ უნდოდა შვილი მის გზას გაჰყოლოდა: „ლუკამ თავისით გააკეთა არჩევანი, მე მერჩივნა რამე სხვა აერჩია, მუსიკა საქართველოში რთულ გზასთანაა დაკავშირებული. შეიძლება ყველაფერი გქონდეს იმისთვის, რომ იყო წარმატებული და მინიმუმ შემოსავლიანი, მაგრამ არაფერი გამოდის, აკეთებ ძალიან კარგ მუსიკას, მაგრამ უმეტესობას არ უნდა ეს მუსიკა, „პაჭკა, პაჭკა დოლარების“ მოსმენა ურჩევნია“- ამბობს გოგიტა ბურჭულაძე.

 

ოთხი თვის წინ ლუკამ ოჯახის წევრებისგან ბენდი შექმნა, მამას გიტარა ჩააბარა, მამიდაშვილი, კოკა კალანდაძე, ჯგუფში დრამერად მიიწვია, კოკას დას, მარის, ვოკალისტობა მიანდო, ბიძიას, პატა ორაგველიძეს კი – დრამი და პერკუსი. ცოტა ხნის წინ ჯგუფში კიდევ ერთი ნათესავი – თემო ტრაპაიძე დაიმატა, თემო კლავიშზე უკრავს.

 

„ტელევიზორში ვნახე, როგორ უკრავდა ბენდი. ვეხვეწებოდი მამიკოს, ბენდი შეგვექმნა, ბოლოს დამიჯერეს, ახლა ექვსი წევრი ვართ ბენდში. პირველად რომ გიტარა დავინახე, არ ვიცოდი რა იყო, მერე მოვისმინე და მომინდა დაკვრა, ექვსი წლის ვიყავი, როცა გიტარაზე დაკვრა დავიწყე, მერე ვისწავლე ფორტეპიანოზე დაკვრა და მერე – დრამზე. მარტო ფორტეპიანოს სკოლაში დავდიოდი, დანარჩენზე დაკვრა სახლში მასწავლეს. კიდევ უნდა ვისწავლო რამეზე დაკვრა, მინდა სულ, ყოველდღე ვუკრავდე რამეს“ – ამბობს 10 წლის ლუკა ბურჭულაძე.

 

გოგიტა, მარი, კოკა და პაატა ერთად „სანრემოს“ ბენდში უკვე წლებია უკრავენ, შემოსავლის წყარო რომ ჰქონდეთ: „მეც ლუკას ასაკში დავიწყე დაკვრა, მას მერე არ შემიძლია მუსიკის გარეშე, ბათუმში მშობლებმა ისტორიულზე სასწავლად გამომიშვეს, მე კიდევ სამუსიკო სასწავლებელში ჩავაბარე. მაშინ მუსიკისთვის არავის ეცალა, მე მინდოდა ეს, ლუკასი არ იყოს, არ შემეძლო ამის გარეშე. გამოვიცვალე რამდენიმე ჯგუფი, „სანრემომდე“ თითქმის ენთუზიაზმზე ვმუშაობდი, ჩვენც გვჭირდება არსებობისთვის ფული, მთელი ცხოვრება მშობლები ვერ გვარჩენენ, როცა უკვე ჩვენი ოჯახები გვაქვს. ჩემს მეგობრებს, ვინც ბათუმიდან წავიდა, ყველას დაუფასდა ის, რასაც აკეთებს. მეც ამის იმედი მაქვს, ალბათ მოვა დრო, როცა მუსიკა დაფასდება“- ამბობს გოგიტა ბურჭულაძე.

 

გოგიტა გვიყვება, თუ როგორ უწევდა წლების განმავლობაში გიტარის გარეშე გიტარისტად მუშაობა, ლუკას კი სხვა რეალობა აქვს, პატარაობიდანვე უამრავი ინსტრუმენტის გარშემო უწევდა ცხოვრება. გოგიტა ფიქრობს, რომ მის შვილს უკეთეს პირობებში მოუწევს ცხოვრება: „გიტარაც მაქვს, პიანინოც და ბარაბანიც, დილით დედიკოზე და მამიკოზე ადრე ვიღვიძებ, მაშინვე გავრბი ინსტრუმენტთან, დაკვრას რომ ვიწყებ, ორივეს ვაღვიძებ, მაგრამ არ მიჯავრდებიან, უხარიათ, რომ ვმეცადინეობ. როკმუსიკა უფრო მომწონს, ენერგიაზე მოვყავარ“- გვიყვება ლუკა.

 

„თუ რამეში ფული არ მენანება, ეს ინსტრუმენტია. ალბათ იმ დანაკლისის შევსება მინდა, რაც მქონდა. ჩემი მეუღლე მეუბნება ხოლმე, რომ სახლში აღარ ეტევა ამდენი ინსტრუმენტი. ლუკაც ასეა, ბევრი გიტარა აქვს. ლუკა ითხოვს შემოსავალს ბენდიდან, გვეუბნება, პატარა რომ ვარ, იმას არ ნიშნავს, რომ ხელფასი არ მეკუთვნისო. აპირებს შეყვარებულს საჩუქარი უყიდოს, ჯერ ეზოში უთვალთვალებს. დანარჩენი ფულით ვინმეს დაეხმარება, ძალიან მგრძნობიარეა, ადამიანების დახმარება უყვარს“- ამბობს გოგიტა.

 

ახლა მამა-შვილი „ნიჭიერისთვის“ ემზადება, შარშანაც უნდოდათ გასვლა, მაგრამ გოგიტას ავადმყოფობამ შეუშალათ ხელი: „ჩაწერის წინ გავიგე, რომ ცუდი დიაგნოზი მქონდა, სასწრაფო ოპერაცია მჭირდებოდა, მირჩევდნენ, მარტო ლუკა გამეშვა, მაგრამ ლუკას ნერვიულობისგან ყველაფერი დაავიწყდა, ჩემი დიაგნოზით 1000-ში ერთი გადარჩება, საბედნიეროდ ის ერთი მე ვყოფილვარ, გადავრჩი. წელს ერთად გავალთ, გამარჯვებისთვის არა, უფრო იმიტომ, რომ ხალხმა გაგვიცნოს, პირველ ტურში მარტო მე და ლუკა, მერე ბენდს დავიმატებთ“- ამბობს გოგიტა.

 

ლუკა რამდენიმე კონკურსის გამარჯვებულია. ამბობს, რომ კონკურსებზე სცენაზე გასვლამდე ღელავს, მერე – აღარ, ამიტომაც „ნიჭიერში“ წარმატების იმედი აქვს. „ლუკა აღმოჩენა გახდა სამი წლის წინ, შვიდი წლის ბავშვი უშეცდომოდ უკრავდა ისეთ რეპერტუარს, რომელიც დიდი მუსიკოსებისთვისაც რთულია, ძალიან შრომისმოყვარეა, პატარა ბავშვს ბევრი მეცადინეობა უწევს, მისი ენთუზიაზმის გამოა, რომ მეც ოპტიმისტურად განვეწყვე, იმედია მოვა წარმატებაც“- ამბობს გოგიტა.

 

ლუკა დატვირთული მუსიკალური დღის მიუხედავად, სკოლაში კარგად სწავლობს. მან ცოტა ხნის წინ შესაძლებლობები სპორტშიც მოსინჯა: „ფეხბურთზე შემიყვანეს, მაგრამ ბურთი ერთ მხარეს მირბოდა, მე – მეორე მხარეს. ერთხელ ბურთი თავისით გამოგორდა ჩემკენ, ამდენი ხანი დარბიხარ, ერთხელ ფეხი დამარტყიო და მაშინაც სხვამ წამართვა, ამიტომაც გამოვედი ფეხბურთიდან. ველოსიპედი უფრო მიყვარს, ხშირად ვსეირნობ, მაგრამ ახლა აკრძალული მაქვს კონკურსის გამო, არ სჯერათ, რომ ხიფათს არ გადავეყრები, თუ ასე მოხდა, ვეღარ დავუკრავ.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: