კვირის ამბები

ახალგაზრდა გამომგონებლები ბათუმიდან

26.10.2014 • 1993
ახალგაზრდა გამომგონებლები ბათუმიდან

 

„ჩვენს პროექტს, რომელიც საკონკურსოდ წარვადგინეთ, ერქვა „გონიერი შუქნიშანი“. ყველამ ვიცით, რომ 2014 წელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დაცვის წლად არის გამოცხადებული. შესაბამისად, ჩვენც ჩვენი გამოგონებით ვეცადეთ უსინათლოებს დავხმარებოდით. კონკურსის შესახებ ჩვენი სკოლის დირექტორის, ნინო მურვანიძისგან შევიტყვეთ. მივხვდით, რომ შეგვეძლო მონაწილეობა და დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. ძალიან დაგვეხმარა ჩვენი ფიზიკის მასწავლებელი დიმიტრი ბერია. მაკეტი დავამზადეთ და გავიმარჯვეთ კიდეც. მეორე ადგილზე გავედით კონკურსში“,- ამბობს პროექტის ერთ-ერთი ავტორი ბესო ქვაციხელი.

 

ბესო პროექტის არსს დეტალურად გვიხსნის: „ბათუმში დაგებულია ღარიანი ფილები. უსინათლოს შეუძლია ამ ფილებს ხელჯოხით გაყვეს და არ აერიოს ორიენტაცია. როდესაც გზაჯვარედინთან მივდივართ, ფილა წყდება და ღარი მთავრდება. იქვე არის პატარა ბურთულები, რომლებიც ეუბნება უსინათლოს, რომ გადასასვლელია.

 

ჩვენი პროექტის იდეა იყო შემდეგი: ეს ბურთულები უნდა ამოგვეღო და მის ნაცვლად ჩაგვესვა ელექტრომაგნიტი. მაშინ, როდესაც ქვეითის გადასასვლელზე წითელი აინთება, ხელჯოხზე რკინის დაბოლოებას ელექტრომაგნიტი მიიზიდავს. ამით ანიშნებს უსინათლოს, რომ არ უნდა გადავიდეს გზაზე. როდესაც ქვეითის მწვანე აინთება, ჩაირთვება უკვე საავტომობილო გზაზე დაგებული ელექტრომაგნიტი, მსუბუქი ელექტრომაგნიტური ველის დახმარებით ჯოხს მიიზიდავს და ამას გაყვება. ჩვენი გამოგონება დაეხმარება უსინათლოს ქუჩის უსაფრთხოდ გადაკვეთაში“, – ამბობს პროექტის ერთ-ერთი ავტორი ბესო ქვაციხელი.

 

„ამ პროექტით გვინდოდა გარკვეულწილად შეგვემსუბუქებინა უსინათლოთა მდგომარეობა და ჩვენი წილი შეგვეტანა ქალაქის განვითარებაში. იდეაზე ვმუშაობდით ჯგუფურად და ვცდილობდით ერთმანეთისთვის მიგვეწოდებინა  ჩვენი იდეები“, – ამბობს ნინო ხიმშიაშვილი, პროექტის ერთ-ერთი ავტორი. 

 

 

გამარჯვებულ გუნდს კონკურსის ორგანიზატორებისგან 3000 ლარი გადაეცა. ასევე გუნდის სამივე წევრი გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს-ანჯელესში ახალგაზრდა გამომგონებელთა კონგრესზე. 

 

„დიდი გამოცდილება შეგვძინა პროექტზე მუშაობამ. ვიყავით კალიფორნიაში, ლოს- ანჯელესში, სადაც სხვა ახალგაზრდა გამომგონებლებიც იღებდნენ კონკურსში მონაწილეობას. შევხვდით ნობელის პრემიის ლაურეატებს, რომლებმაც პირადად ჩვენს პროექტში გარკვეული შტრიხი შეიტანეს. მოგვცეს სხვადასხვა დარიგება, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ეს პროექტი, როგორ უნდა მივცეთ მას წინსვლა და როგორ დავხვეწოთ. გამოცდილებაც გვაქვს ძალიან დიდი. ჩვენი იდეის რეალობად ქცევას  არცთუ ისე დიდი თანხა სჭირდება. ეს გამოადგება იმ ადამიანებს, ვისაც უჭირს ქუჩაზე გადაადგილება. ეს იქნება ძალიან კარგი პროექტი, თუ მას განავითარებს ბათუმის მერია. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება მერიასთან, თუმცა ჯერ არ ვიცით, რას გადაწყვეტენ“, – ამბობს ზაზა ირემაძე, „გონიერი შუქნიშანის“ ერთ-ერთი ავტორი.

 

ბესო და ზაზა ახლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობენ. ბესო ამბობს, რომ აპირებს უნივერსიტეტში ახალგაზრდა გამომგონებელთა კლუბი დააარსოს.

 

„გადავწყვიტე, უნივერსიტეტში დავაარსო გამომგონებელთა კლუბი. იდეებს გავცვლით, ერთმანეთს გავიცნობთ. ვფიქრობ, კონკურსსაც ჩავატარებთ, სადაც ახალგაზრდა გამომგონებლები შეეჯიბრებიან ერთმანეთს“, – ამბობს ბესო ქვაციხელი.

 

ბესოს აზრით, სამეცნიერო მუშაობა დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს.

 

„გონიერ შუქნიშანზე“ მუშაობის პერიოდში გაკვეთილების მერე მიწევდა დარჩენა და მუშაობა. შაბათ-კვირასაც ვმუშაობდი. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, დიდ შრომას მოითხოვს იყო გამომგონებელი და გააკეთო რაიმე კარგი, რაც ადამიანს გამოადგება“, – ამბობს ბესო.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ნორჩ გამომგონებელთა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი 2014“ მიმდინარე წელსაც აცხადებს.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მსურველებს ნამუშევრების ელექტრონული დარეგისტრირება შეუძლიათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და რუსთაველის ეროვნული ფონდის ვებგვერდებზე: www.mes.gov.ge  www.rustaveli.org.ge  

 

წარდგენილი პროექტი უნდა მოიცავდეს გამოგონების როგორც ტექსტურ აღწერილობას, ასევე შესაბამის მაკეტს, მოდელს ან ნახაზებს. ელექტრონული რეგისტრაცია 3 ნოემბერს, ხოლო ნამუშევრების ფონდში წარდგენა 13 ნოემბერს დასრულდება. გამარჯვებულებს ჟიური 6 დეკემბერს დაგეგმილ გამოფენაზე გამოავლენს.

 

გადაბეჭდვის წესი