კვირის ამბები

მის აჭარა 2014

18.10.2014 • 2574
მის აჭარა 2014

 

ნინო, ელოდი თუ არა გამარჯვებას?

 

მოულოდნელი იყო, ბევრი კონკურენტი მყავდა. გამარჯვება, რა თქმა უნდა მინდოდა, მაგრამ ჩემი სახელი რომ გამოაცხადეს, სასწაული გრძნობა დამეუფლა, ასეთი რამ არასოდეს მიგრძვნია. კონკურსზე ადრეც მინდოდა გასვლა, მაგრამ ბოლოს როცა ჩატარდა, აბიტურიენტი ვიყავი და ვერ მოვახერხე, მერე რეპორტაჟი ვნახე ტელევიზიაში და მივიღე მონაწილეობა.

 

კონკურსის მონაწილეებს როგორი ურთიერთობა გქონდათ, ინტრიგები თუ იყო?

 

ძალიან მეგობრულად ვიყავით, ერთი ოჯახივით. ბევრი მეგობარი შევიძინე, ამან გამაკვირვა ძალიან, ასეთ კონკურსებზე ინტრიგებს ველოდი. 18 გოგო ვიყავით, ყველასთან კარგად ურთიერთობა მაქვს.

 

აქამდე თუ მიგიღია კონკურსში მონაწილეობა?

 

სხვა ორ კონკურსში გავედი, „მის ბიკინიზე“ ფინალში მოვხვდი, ეს იყო საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კონკურსი. ხოლო „მის თინეიჯერში“ პირველი ადგილი დავიკავე, მაშინ 15 წლის ვიყავი, ეს იყო ჩემთვის პირველი გამოცდილება.

 

გამარჯვების გარდა რა მოგცა მის აჭარამ?

 

პირველ რიგში მეგობრები. ძალიან დატვირთული ორი კვირა გვქონდა, ვვარჯიშობდით, ფოტოსესიაში ვმონაწილეობდით, თავის წარმოჩენას გვასწავლიდნენ, კარგი გამოცდილება მივიღე. ამ კონკურსმა სტიმული მომცა, უკვე ვფიქრობ სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობაზე.

 

თუ ეცნობი კომენტარებს, რომელსაც აკეთებენ მოქალაქეები კონკურსის შემდეგ?

 

ამას ბევრი მეკითხება, ვკითულობ თუ არა კომენტარებს. თვალი გადავავლე მათ, ბუნებრივია იქ არის განსხვავებული აზრიც, ყველას ვერ მოეწონები. რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია, რადგან ზოგიერთი არაადეკვატურ კომენტარს წერს, ამიტომაც ასეთი კომენტარების წაკითხვით დროს არ ვკარგავ. ამაზე არც ვბრაზდები, მიმაჩნია, რომ ეს ბუნებრივია.

 

თავად როგორ ფიქრობ, იმსახურებდი თუ არა გამარჯვებას?

 

ვიმსახურებდი, რადგან მოდელი არ არის მხოლოდ ნატურა, რომელსაც აქვს ლამაზი ტანი და სახე. ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის ნიჭი, რომლის საშუალებითაც ამ ყველაფერს წარმოაჩენ, მნიშვნელოვანია, როგორ დადიხარ პოდიუმზე, როგორ მუშაობ კამერებთან, ეს ყველაფერი გამოცდილების შედეგია, მე კი სხვა კონკურენტებთან შედარებით მქონდა ეს გამოცდილება. თუმცა მეც მყავდა ფავორიტები, ვიცე „მის აჭარა“ – ვერონიკა ჯერ პატარაა, სამომავლოდ თუ იშრომებს, ბევრ წარმატებას მიაღწევს.

 

როგორ დაიწყო შენი სამოდელო კარიერა?

 

15 წლის ასაკში დავიწყე, სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელი ნიკო მგალობლიშვილი ბათუმში ეძებდა გოგონებს „მის თინეიჯერისთვის“. სკოლაში მომაკითხეს, ყველა მეუბნებოდა, რომ კარგი მონაცემები მქონდა და უნდა მეცადა. ამ კონკურსზე მასწავლეს ყველაფერი, ძალიან მომეწონა ეს საქმე, მერე თბილისში და ბათუმში ჩვენებებზე გამოვდიოდი, სააგენტოებთან ვთანამშრომლობდი. საკმაოდ რთული საქმეა, გამძლეობას მოითხოვს, ყველა ადამიანთან უნდა გამონახო საერთო ენა, იმის მიუხედავად, მოგწონს თუ არა მისი შეხედულებები. მე ეს საქმე ძალიან მიყვარს, ამიტომაც ვცდილობ ეს ნიუანსები გავითვალისწინო და ყველაფერი ხარისხიანად გავაკეთო.

 

როგორც ვიცი, სტუდენტი ხარ, რას სწავლობ?

 

ტურიზმს ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ტურიზმი საერთაშორისო პროფესიაა, გიწევს უცხოელებთან ურთიერთობა, საინტერესო საგნებს გავდივართ, ხალხთან ურთიერთობაც ძალიან მსიამოვნებს, მეორე კურსზე ვარ, გამოცდების პერიოდში ცოტა მიჭირს თან სამოდელო კარიერაზე ზრუნვა და თან სწავლა.

 

რას გულისხმობ სამოდელო კარიერაზე ზრუნვაში?

 

ვარჯიშს. ფიტნესზე ვვარჯიშობ, ეს აუცილებელია. ზოგჯერ ცურვაზეც დავდივარ, განსაკუთრებულ დიეტაზე არ ვარ, მაგრამ ვერიდები ცხიმიან საჭმელს და ცომეულს, თუმცა თვეში ერთ დღეს ყველაფერს ვჭამ.

 

ზაფხულში ბათუმშიც ვიღებდი მონაწილეობას დამწყები დიზაინერის ჩვენებაზე. ახლა სამოდელო სააგენტოებთან ვთანამშრომლობ. პორტფოლიო მომიძველდა, ახლის დამზადებას ვაპირებ, ფოტოსესიისთვის ვემზადები, აგენტის დახმარებით კი ჩემს ფოტოებს ამერიკასა და ევროპაში გადავაგზავნი. რაც მთავარია, ენის ბარიერი არ მაქვს, რუსულსა და ინგლისურს კარგად ვფლობ.

 

ნინო, არჩევანის წინაშე რომ დადგე, სწავლაზე უარს იტყვი?

 

ახლა იმაზე ვფიქრობ, რომ თუ მიწვევა მომივა, სწავლასაც იმ ქვეყანაში გავაგრძელებ, სადაც ვიმუშავებ, გააჩნია შემოთავაზებას. თუ არჩევანის წინაშე დავდექი, სამოდელო კარიერას ავირჩევ, რადგან ეს არის საქმე, რომლის კეთებაც მაბედნიერებს. მომწონს კამერები, პოდიუმი…

 

შენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი?

 

მყავს შეყვარებული, თბილისელია. ისიც სამოდელო სფეროშია ჩართული, აგენტია. ერთ-ერთ საღამოზე გავიცანი, უკვე რამდენიმე თვეა ერთად ვართ, ბედნიერად ვგრძნობ თავს. სხვათა შორის, მისი იდეა იყო, რომ ამ კონკურსზე გამოვსულიყავი, მითხრა, რომ ეს გამოცდილება დამეხმარებოდა, ჩემით ძალიან ამაყობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: