კვირის ამბები

ძალადობა ღირებულებების სახელით

26.09.2014 • 1353
ძალადობა ღირებულებების სახელით

 

 

ირაკლი მიქელაძის სტატუსი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე

 

 

 

 

ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის ზემოთ აღნიშნული განცხადება საზოგადოების ერთმა ჯგუფმა შეაფასა, როგორც გენდერული დისკრიმინაცია. სხვებმა მის სტატუსს ანტისახელმწიფოებრივი უწოდეს. მანანა კობახიძე არ არის პირველი პოლიტიკოსი, ვინც „შუბლის გახვრეტაზე“ ლაპარაკობს.

 

ვიცე-სპიკერის სტატუსმა სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან ძალადობის წახალისების თემა კვლავ აქტუალური გახადა. „ეს განცხადება წარმოადგენს პოლიტიკური და კულტურული მიუღებლობის საფუძველზე, ძალადობის წახალისებას და ამყარებს გენდერულ სტერეოტიპებს“, – ნათქვამია არასამთავრობოთა განცხადებაში, რომლებიც მყისიერად გამოეხმაურნენ ვიცე-სპიკერს.

 

რა საფრთხეებს შეიცავს პოლიტიკოსის მხრიდან დისკრიმინაციული ლექსიკა, საკუთარი პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობა და რა მოლოდინი აქვს საზოგადოებას ქალი პოლიტიკოსებისგან? – ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლის, ანა არგანაშვილის აზრით, მანანა კობახიძე თავის პასუხისმგებლობას გენდერული თანასწორობის გაძლიერებაში ვერ ან არ იღებს.

 

„ქალბატონი მანანა საუბრობს ძალადობრივ ანგარიშსწორებაზე, ანუ იმაზე, რაც დამკვიდრებულია საზოგადოებაში. პრობლემა იმაშია, რომ ამ მოსაზრების ავტორისგან (მისი სტატუსიდან გამომდინარე), მეც და საზოგადოებასაც გვაქვს მოლოდინი, რომ სწორედ ამ ძალადობრივი აზროვნების შეცვლაზე უნდა მუშაობდეს. უნდა ამბობდეს, რომ ის არ ეგუება არც სიძულვილის ენას, არც ქალთა დაქვემდებარებულ როლს და არც ძალადობრივ ანგარიშსწორებას მამაკაცებისგან“.

 

ანას აზრით, ქალი პოლიტიკოსები, რომლებიც ვერ ანგრევენ სტერეოტიპებს და მხოლოდ ძალადობრივ ღირებულებებს ახმოვანებენ, კითხვის ნიშანს პოლიტიკაში გენდერული ბალანსის მიმართულებითაც აჩენენ: „პოლიტიკაში აუცილებლად მოვლენ ქალები, მაგრამ თუ ის ქალები არ იქნებიან აქტიურები ცვლილებების განხორციელების კუთხით, ძალიან გაგვიჭირდება ქალთა პოლიტიკაში ჩართვის ადვოკატირება, რადგან ოპონენტები ბევრ კონტრარგუმენტს დაგვახვედრებენ. გვეტყვიან, რომ ეს არაფერს ცვლის, რომ ქალები ისევ ვართ საერთო კონტექსტის მსხვერპლი. მე კი მინდა, რომ ქალები გამოვიდნენ მსხვერპლის როლიდან და გახდნენ სიტუაციის ლიდერები, ცვლილების აგენტები. ჩვენ გვჭირდება პარლამენტარი ქალი, რომელიც იწყებს ცვლილებებს ამ ძალადობის წინააღმდეგ და არა უბრალოდ ჟამთააღმწერელი, რომელიც ძალადობას ეგუება ან მისი მსხვერპლია“.

 

ასეთი ქალების ნიმუშად ანა არგანაშვილს გასული საუკუნის ფემინისტი ქალის, კატო მიქელაძის მაგალითი მოჰყავს: „რომ შევადაროთ, რას წერდნენ 1920-იან წლებში ფემინისტი ქალები და რას მეუბნება მე დღეს გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი, აბსოლუტურ იმედგაცრუებას მივიღებთ. ჩვენ გვჭირდება მანანა კობახიძემ კატო მიქელაძის და სხვა ფემინისტი ქალების მუშაობა გააგრძელოს და არ გვქონდეს რეგრესი ქალთა ლიდერობის კუთხით ამ ქვეყანაში, რადგან 1920-იან წლებშიც კი ფემინისტი ქალები ბევრად გაბედულები იყვნენ ძალადობასთან ბრძოლაში, ვიდრე დღევანდელი პოლიტიკოსი ქალები“.

 

სოციალურ ქსელებში ქართველი პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პირების ლექსიკა, ხშირად სცდება ეთიკურ ნორმებს. ბოლო დღეებში ამ მხრივ თავი გამოიჩინა ირაკლი მიქელაძემ – ბათუმის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“. მან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის მისამართით შემდეგი ტექსტი გამოაქვეყნა: „…მინდა ვუთხრა დუმბაძეს და მის სასტავს, ქეჩა მკარით თქვენი:))) მე ვიყო თაღლითი გადაგივლით… უბრალოდ, ხაბაძის კაცობას სააღოლ, რო პარტიის რეიტინგს უფრთხილდება…“

 

საკრებულოს ეს წევრი ჯერაც დარწმუნებულია, რომ ამ სტატუსით მას პიროვნული შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. „შემეძლო სხვანაირად გამომეხატა, მაგრამ სუფთა ადამიანური მომენტია და თავშეუკავებლობაში გადავიდა“, – აცხადებს საკრებულოს წევრი.

 

„სუფთა ადამიანური მომენტები“ საჯარო მოხელეებს ხშირად ავიწყებთ კანონით განსაზღვრულ თმენის ვალდებულებას. ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის, ისტორიისა და ცივილიზაციის დეპარტამენტის დოქტორანტის, გრიგოლ გეგელიას შეფასებით, სახელმწიფო არის მოქალაქეთა ერთობა, რომელსაც ამ ერთობად ჰკრავს სახელმწიფოს კანონები და არა „ღირსება“ თუ გემოვნება. „სახელმწიფო არის სივრცე, რომელიც ყველასია და სახელმწიფო ვალდებულია ყველას მიმართ თანაბრად აღასრულოს კანონები. ამიტომ, ნებისმიერი განცხადება, რომელიც არა კანონის დაცვას, არამედ ნებსით თუ უნებლიედ, იმპულსურ დანაშაულებრივ ქმედებებს ამართლებს, თავისთავად ანტისახელმწიფოებრივია“.

 

გრიგოლ გეგელიას აზრით, ძალადობრივი აზროვნების სტიმულირება, რასაც შეიცავდა მანანა კობახიძის სტატუსი, აკნინებს სახელმწიფოს, როგორც კანონიერი სივრცის იდეას და ქმნის უარყოფით პრეცედენტებს და ნეგატიურ პოლიტიკურ ენას: „ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში კობახიძის ქმედებას სულ მცირე დისციპლინარული ღონისძიება მოჰყვებოდა, რაც პოლიტიკოსის კარიერას სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. მით უმეტეს მაშინ, როცა ის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრია“.

 

„ნეტგაზეთთან“ ინტერვიუს დროს მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ „პოლიტიკოსიც ადამიანია“ და შეიძლება მასაც უმტყუნოს ნერვებმა. გრიგოლ გეგელიას აზრით, სახელმწიფო მყარი ნერვების პოლიტიკოსებმა უნდა მართონ, რათა შეძლონ იმპულსებსა და კერძო აზრებზე მაღლა დგომა:„წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ არა რესპუბლიკურ, არამედ კლანურ და ფრაქციულ პოლიტიკას, რომელიც არ წაადგება ჩვენი სახელმწიფოს ჯანმრთელობას. დანაშაული ბევრი მოტივით შეიძლება მოხდეს, მათ შორის ე.წ. „ღირსების აღდგენის“ მოტივითაც, რომელიც არქაული სიმახინჯეა. მთავარია, ამ პროცესში არ ჩაერთონ პოლიტიკოსები და არ შექმნან დანაშაულის ახალი „ლეგალური“ კატეგორიები“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: