კვირის ამბები

ხელოვნური კბილი, ანუ დენტალური იმპლანტაცია

11.08.2014 • 26109
ხელოვნური კბილი, ანუ დენტალური იმპლანტაცია

საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის წევრი, საქართველოს უნივერსიტეტის, დენტალური მედიცინის დეპარტამენტის თავმჯდომარე, პროფესორი მარიამ მარგველაშვილი ამბობს, დენტალური იმპლანტები სხვადასხვა ზომისა და ფორმის არსებობს, თუმცა დღეს ყველაზე გავრცელებული ხრახნისებური იმპლანტებია. იგი მცირე ზომის (საშუალოდ 8-15მმ) ხრახნს წარმოადგენს, რომელიც ყბის ძვლოვან ქსოვილში თავსდება. მასალის მხრივ კი ყველაზე გავრცელებული ტიტანისა და კერამიკის (ცირკონიუმის) იმპლანტებია, რომლებზეც ესთეტიკური კბილები მაგრდება.

საქართველოში კბილის იმპლანტაციისთვის საჭირო მასალების იმპორტი ძირითადად გერმანიიდან, ისრაელიდან, იტალიიდან და სამხრეთ კორეიდან ხდება, კბილის იმპლანტაციის ფასიც მწარმოებელი ქვეყნისა და მასალის მიხედვით იცვლება. ქართულ ბაზარზე თითო იმპლანტის ფასი, საშუალოდ, 600 ლარის ფარგლებში მერყეობს.

მარიამ მარგველაშვილის თქმით, ფასს კონკრეტული პაციენტის კლინიკური შემთხვევაც განაპირობებს: “არსებობს რთული ანატომიური მდგომარეობა, რომელიც ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და ეს, რა თქმა უნდა, ზრდის, იმპლანტაციის ფასს. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა ძვალი გალეულია და ძვლის გაზრდა (აუგმენტაცია) ხდება საჭირო”, – ამბობს ის. მარიამის თქმით, დენტალურ იმპლანტაციაზე დაბალი ფასი ხშირად არაპროფესიონალი ექიმების მახეა, ასეთი ექიმების მიერ დაშვებული შეცდომების გამო მათ პაციენტებს ხშირად ემართებათ სხვადასხვა სახის გართულებები, რის გამოც მკურნალობა ბევრად უფრო მეტი უჯდებათ.

სტომატოლოგიური კლინიკა “ინდიგოს” ხელმძღვანელი, სტომატოლოგი თათია ანდღულაძე ამბობს, რომ კბილის ტრანსპლანტაცია ბევრს სჭირდება, თუმცა ამ მომსახურების მაღალი ფასის გამო ძალიან ცოტა თუ მიმართავს მას. “2013 წლის მონაცემებით, კლინიკის თბილისისა და ბათუმის ფილიალებში ჯამში 350 იმპლანტი ჩავსვით”, – ამბობს თათია. კლინიკა “ინდიგოში” იმპლანტისა და გვირგვინის ჩასმა ჯამში 1200-დან 1900 ლარამდე ჯდება.

თათია ანდღულაძის თქმით, მათთან ძირითადად შვეიცარიული და გერმანული კომპანიების იმპლანტებს იყენებენ. დღეს საქართველოში ყველაზე ხშირად “Alfa Bio”-ს იმპლანტებს ამონტაჟებენ, რომლის მწარმოებელიც ისრაელია. თათია ამბობს, რომ იგი “Nobel”-ისა” და “Straumann”-ის იმპლანტებზე დაბალი ხარისხისაა, მაგრამ შედარებით უფრო დაბალი ფასის გამო მეტი გამოყენება აქვს: “არის უფრო დაბალი ხარისხის იმპლანტები ჩინეთიდან და კორეიდან, რომლებიც შედარებით უფრო იაფი ჯდება, ვიდრე გერმანული”, – ამბობს ის.

სტომატოლოგიურ კლინიკა “ბათუმი დენტალის” სტომატოლოგი ირაკლი ჩიქობავა ამბობს, რომ მათთან იმპლანტის შეყვანა 500 დოლარი (ლარის ექვივალენტში) ღირს, გვირგვინის ფასი კი მასალის მიხედვით: მეტალოკერამიკის 150 ლარი, ტიტანისა (ცირკონის) კი, 300 ლარი ჯდება. `იმპლანტები, რომლებიც ჩვენს კლინიკაში გამოიყენება, ისრაელიდან, ამერიკიდან და გერმანიიდან არის ჩამოტანილი, მათ ჩანერგვას კი საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციიდან მოწვეული სპეციალისტი ახორციელებს”, – ამბობს ირაკლი ჩიქობავა.

“ბათუმი დენტალში” ამბობენ, რომ ფასიდან გამომდინარე დენტალურ იმპლანტაციაზე მოთხოვნა დაბალია. წლის განმავლობაში კბილის იმპლანტაციის სურვილით მათ კლინიკას საშუალოდ ათი პაციენტი მიმართავს.

იმპლანტაცია შესაძლოა განხორციელდეს ერთ მომენტად ან ორ ეტაპად. ანუ პაციენტმა შესაძლოა ჩაისვას იმპლანტი და იმავე დღეს, ან 7-10 დღის განმავლობაში დაფიქსირდეს მასზე კბილი, ან ქირურგიული ნაწილის დასრულების შემდეგ, როდესაც იმპლანტები მოთავსდება ძვალში, დაიხურება ჭრილობა და სტომატოლოგი ელოდება იმპლანტის ძვალთან შეზრდას (ოსეოინტეგრაცია), რასაც საშუალოდ 3-დან 6-თვე სჭირდება, რის შემდეგაც იწყება ორთოპედიული სამუშაო და გვირგვინის დაფიქსირება.

კითხვაზე, თუ რა დაავადებების დროს არ არის მიზანშეწონილი პაციენტისათვის დენტალური იმპლანტაცია, მარიამ მარგველაშვილი პასუხობს, რომ ეს აბსოლუტური უკუჩვენების დროს, ანუ იმ დაავადებების დროს ხდება, როცა ოპერაციული ჩარევა ზოგადად წარმოადგენს რისკს – “მაგალითად, აივ ინფექცია, ფსიქიკური აშლილობანი, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი და სხვა დაავადებები, რომლებიც იწვევენ ძვლოვან ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის დარღვევას. ქრონიკული დაავადებები, რომელთა სტაბილიზაციაც შესაძლებელია, მაგალითად დიაბეტი, თუ კონტროლის ქვეშ არის, არ წარმოადგენს უკუჩვენებას”, – ამბობს მარიამი.

მარიამ მარგველაშვილის თქმით, გართულებები კბილის იმპლანტის ჩასმის შემდეგ იშვიათია და კბილის იმპლანტაცია 98% შემთხვევაში წარმატებულია, თუმცა იმ 2%-ში ერთ-ერთი გავრცელებული გართულება არის იმპლანტის უარყოფა, როდესაც ორგანიზმი გამოდევნის იმპლანტს. ამ შემთხვევაში პაციენტს რე-იმპლანტაცია უკეთდება.

იმისთვის, რომ კბილის იმპლანტმა 20-25 წელი გაძლოს, პაციენტმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირის ღრუს ჰიგიენას. “მართალია თამბაქოს მოხმარება უკუჩვენებას არ წარმოადგენს და ის მხოლოდ რისკ-ფაქტორია, მაგრამ იმპლანტაციის გართულებათა 80%-მდე სწორედ თამბაქოს მწეველებს ემართება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იმპლანტების მქონე პაციენტებმა განსაკუთრებულად უნდა მიაქციონ ყურადღება პირის ღრუს მოვლას. ასევე, აუცილებელია წელიწადში ორჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი, რათა მოხდეს როგორც იმპლანტების, ისე მასზე ფიქსირებული პროთეზების კონტროლი და პროფესიული წმენდა”, – ამბობს მარიამ მარგველაშვილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: