– არ ვიცი ხატვა რატომ დავიწყე. არც ის ვიცი, როგორ დავიწყე, მარტო დედაჩემის ემოცია მახსოვს და ის ფურცელი, რომელზედაც პირველი ფიგურა მოვხაზე ლურჯი ფლომასტერით. 14 წლისამ შევწყვიტე ოცნება აკადემიაში ჩაბარებაზე და ხატვაც დავივიწყე. 36 წლისას გამახსენდა. უცნაურად ვიცხოვრე, უცებ მოვწყდი, გავჩერდი ერთ ადგილზე, მერე ამ ადგილას წლები ვიდექი, მერე გამოვფხიზლდი და ისევ იმ ადგილიდან დავიწყე, სადაც შევწყვიტე, დიდი ამბავია და ძალიან პირადული.
ალბათ ბევრ ბავშვს აქვს მდიდარი ფანტაზია, მეც მქონდა. 5 წლისას უზარმაზარი მუხლუხო მყავდა ეზოში, ადამიანის სიმაღლე. შავი ბეწვიანი, ბოლოებში ყავისფრად ჰქონდა ბეწვი გამოხუნებული, დადიოდა ჩემს ეზოში და მოჭრილ ხეებს დაათრევდა. სასწაულად მეშინოდა, მაგრამ ფანჯარას არ ვცილდებოდი და ვუყურებდი. ცოტა რომ გავიზარდე, ენის ქვეშ „ბრიტვის“ დამალვა დავიწყე. მომწონდა, რომ შეიძლება ენა დაესერა, შეიძლება არც დაესერა. მერე ძალიან მშვიდი გავხდი და აღარ ვიყავი საინტერესო ჩემივე თავისთვის. ახლა ისევ იქ დავბრუნდი… მუხლუხოსთან.
ნამუშევრებს ჟანრობრივად არ ვყოფ. ვინაიდან კლასიკური განათლება არ მაქვს, ვიკარგები ხოლმე, ხან სიურეალისტურია, ხან კონცეპტუალური, ხან, უბრალოდ, ფერწერა. ზოგჯერ ვფიქრობ, ნეტავი აუცილებელია ერთ ჟანრში მუშაობა-მეთქი? მერე ვიკიდებ და იმას ვაკეთებ, რაც მინდა, რაც მიმაჩნია, რომ უნდა გავაკეთო. რა ჟანრი იქნება, ნაკლებად მაინტერესებს.
ხატვის დაწყება საშინელი პროცესია… რაღაც თემა გაჩნდება თავში წერტილივით. შეიძლება თვეების მანძილზე იყოს ეს წერტილი. მერე ნელ-ნელა იზრდება, იზრდება და ერთ დღესაც ვხვდები რომ მორჩა, ზუსტად ვიცი, რაც უნდა გავაკეთო და ვიწყებ ხატვას. არის სხვა შემთხვევებიც, როცა დღეები ვზივარ ცარიელ ტილოსთან და ვუყურებ. მერე ერთი ფუნჯის მოსმა ყველაფერს წყვეტს. არის მესამე შემთხვევაც, როცა ზუსტად ვიცი, რას ვხატავ, მაგრამ შუა ხატვისას ყველაფერს ვცვლი.
– თქვენი ნამუშევრები გამორჩეულია იმით, რომ ტაბუირებულ თემებს ეხებით. ეს პროტესტია საზოგადოების გამოფხიზლებისთვის თუ შენი განწყობაა?
– ეს არის ჩემი სუბიექტური შეხედულებები და თუ ვინმეს გამოაფხიზლებს ან პროტესტს გაუჩენს, არ იქნება ცუდი. უბრალოდ, სხვანაირად არ შემიძლია, სახიფათო თემები მომწონს, მომწონს, როცა მეშინია; მომწონს, როცა არაერთგვაროვან რეაქციებს იწვევს ნამუშევრები, თან რადიკალურად არაერთგვაროვანს. მომწონს, როცა ვინმე ბრაზდება ნახატის დანახვაზე, ბრაზდება ესე იგი, სადღაც საგულდაგულოდ დამალული საკუთარი სისუსტე ან შეცდომა დაინახა, ეს კარგია. საშინელი რეაქციები მოყვა ღვთისმშობელს – ლანძღვა, მუქარა, გინება, ცილისწამება. რაც კი შეიძლება ცუდი მოახდინოს ადამიანმა ვერბალურად, ყველაფერი მოყვა. ეს დღემდე გრძელდება და ვიცი კიდევ დიდხანს გასტანს, ამიტომაც შევეგუე. თავიდანვე ვიცოდი, რომ სახიფათო თემას ვეხებოდი. ამ ნახატმა ის გააკეთა, რა მიზანიც ჰქონდა. სოციალურ ქსელებში და სააგენტოებზე იწერებოდა, რომ ეს იყო ეპატაჟი, რათა ვიღაც ვიგინდარა პოპულარული გამხდარიყო. მე ვამბობ, რომ ეს იყო ეპატაჟი და გარკვეულწილად ამან გამხადა პოპულარული, მაგრამ პოპულარულობა არ ნიშნავს კარგ მხატვრობას. უფრო გამიხარდება თუკი პოპულარული მხატვარი ვიქნები. ვნება მაქვს მუდმივი ძიებისკენ. როგორც ყველა მაძიებელი, ნაპოვნს ნაგავში ვაგდებ და მერე ისევ ძებნას ვიწყებ.
– თქვენს ნახატებში დომინანტი არის ქალი, ქალთა პრობლემები ჩანს. შეიძლება ვთქვათ, რომ ფემინისტურია თქვენი ნამუშევრები?
– ასე თავისით გამოვიდა, მე არ მქონია მიზანი, რაღაც ხაზი შემექმნა, სადაც ქალის თემას წინ წამოვწევდი. უბრალოდ, იმას ვაკეთებდი, რაზეც ვფიქრობდი, რაც მაწუხებდა და აღმოჩნდა, რომ ეს თემა ძალიან მტკივნეული ყოფილა ჩემთვის. ჩემი ნახატები მგონი სრულიად ადეკვატურია იმ გარემოსთან, რაშიც ვცხოვრობთ. რანაირად ვხატო ყვავილები, მინდვრები და მდელოები, როცა ნაგავში ვიხრჩობით. როცა ადამიანის დაბადება აპრიორი უდრის სიღატაკეში სიკვდილს ან ბავშვობაშივე (შიმშილით) ან ახალგაზრდობაში (თვითმკვლელობით) ან საკუთარ ჩირქსა და ნეხვში – სიბერეში. როცა ასეთი ავადმყოფია გარემო, როცა ყველაფერი ყარს, სხვანაირად არ გამოდის. არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი, რომ საზოგადოება მინდა იყოს პოზიტიური, თავისუფალი, უშიშარი, სოლიდარული, განათლებული, კეთილი.
მანამდე „სახიფათო თამაში“ ერქმევა გამოფენას, რომელსაც პირველ აგვისტოს ბათუმში მოვაწყობ. ბათუმში ჩამოსვლა დიდი ხანია მინდა. ბათუმელების გაცნობა მინდა, მაინტერესებს, თუ ვიქნები მე მათთვის საინტერესო და ისინი ჩემთვის. ბათუმის შემდეგ გამოფენა გერმანიაში მექნება ოქტომბერში, ბადენ ბადენში. 27 ოქტომბერს გაიხსნება გამოფენა და 24 ნოემბრამდე გასტანს.
ლია უკლებას გამოფენა „სახიფათო თამაში“ ბათუმში, „პრესკაფეში“ 1-ელ აგვისტოს გაიხსნება.