კვირის ამბები

როგორ შევამციროთ ნარჩენები და დავიცვათ გარემო

28.07.2014 • 5090
როგორ შევამციროთ ნარჩენები და დავიცვათ გარემო

 

 

 

 

საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყოველდღიურად იზრდება, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში, ესაა მოხმარებული საგნების ზრდა, ასევე, შესაფუთი მასალებისა და ერთჯერადი გამოყენების საგნების რაოდენობა. საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებში უკვე დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა შემცირდეს ნარჩენები.

 

მოქალაქეთა ჯგუფმა პეტიცია გამოაქვეყნა და მსხვილ სავაჭრო ქსელ „კარფურს“ მოუწოდა დაიწყოს პოლიეთილენის პარკების გამოყენების შემცირება ქსელში და ასე შეამციროს თავისი საქმიანობით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე. „კარფურში“ ხილს, ბოსტნეულსა და სხვა მცენარეულ საკვებს მყიდველს ცალ-ცალკე პოლიეთილენის პარკში უწყობენ.

 

„მომხმარებელი იძულებულია ყოველი პროდუქტისთვის გამოიყენოს ცალკე პარკი, მაშინ, როცა უფრო პრაქტიკული და გარემოსდაცვითი თვალსაზრისითაც მისაღებია პროდუქტების აწონვა და ერთ ჩანთაში მოთავსება,“ – ნათქვამია პეტიციაში.

 

პეტიციის ავტორთა თქმით, თუკი ერთ პოლიეთილენის პარკზე განათავსებენ პროდუქტის ფასის მაჩვენებელ „სტიკერს“, დახლთან შესაძლებელი იქნება ფასის მაჩვენებლების სკანირება, ამით კი დამატებით პარკების გამოყენების საჭიროებას ავიცილებთ.

 

„ყველა ადამიანს შეუძლია დიდი როლი ითამაშოს პოლიეთილენისა და პლასტმასის გამოყენების შემცირებაში. მაგალითად, საყიდლად წაიღოს ნაჭრის ჩანთა. ამას თუ გააკეთებს, პოლიეთილენი შემცირება. ხშირად მოქალაქეებს ჰგონიათ, რომ თუ ცელოფნის პარკებს გადააგდებენ ნაგავსაყარზე, ამით მოგვარდება პრობლემა. არადა, ეს პარკები ბუნებაში მიდის. მაგალითად, სვანეთში არ არის ნაგავსაყარი, პოლიეთილენის პარკები ბუნებაში ხვდება. კახეთისკენ რომ წახვალ, ბევრ ადგილას არის მსგავსი სიტუაცია. პასუხისმგებლობა თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს. როდესაც წყლის ბოთლს პოლიეთილენის პარკში ჩაგიდებენ, ამაზე უნდა თქვა უარი და პარკის გარეშე წამოიღო. როდესაც დაინტერესდებიან, თუ რატომ აკეთებს ამას, უნდა უთხრა, რომ გული შეგტკივა გარემოზე“, – ამბობს პეტიციის ავტორი თამარ ბოკუჩავა.

 

მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა დაიწყოს კამპანია მოსახლეობის განათლების დონის ასამაღლებლად. „ვიდეორგოლები უნდა გავიდეს მედიით იმისათვის, რომ ხალხმა დაიწყოს ამაზე ფიქრი“, – ამბობს თამარი.

 

`საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორის მრჩეველი ხათუნა ჩიკვილაძე ამბობს, რომ უკვე დაიწყეს საინფორმაციო კამპანია ნარჩენების შესამცირებლად.

 

„კამპანია არასამთავრობოებთან ერთად დავიწყეთ მთელ საქართველოში, მათ შორის აჭარაში. აგვისტო-სექტემბრის პირველ ნახევარში შევხვდებით მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს და ვისაუბრებთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ნარჩენების შესამცირებლად. ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება შესრულდეს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულება“, – ამბობს ხათუნა ჩიკვილაძე.

 

ამჟამად საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) პროექტი – „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ ხორციელდება. პროგრამა საქართველოს მთავრობას დაეხმარება ორ სამიზნე რეგიონში, კახეთსა და აჭარაში, ნარჩენების მართვის მართებული სისტემის ჩამოყალიბებაში. შერჩეულ მუნიციპალიტეტებში განხორციელდება პილოტური ღონისძიებები ადამიანის ჯანმრთელობაზე, გარემოზე ნარჩენების მავნე ზემოქმედებისა და ნაგავსაყრებიდან სათბური აირების შესამცირებლად. კახეთსა და აჭარაში პროექტით გათვალისწინებულია ნარჩენების მართვის სისტემის ჩამოყალიბების, გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების ყველა ეტაპზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება 4 ღ-ის (ნარჩენების შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება, ენერგიად გარდაქმნა) პრინციპთან მიმართებაში.

 

ზოგადად, ნარჩენების მართვა ხუთი ძირითადი კომპონენტისგან შედგება, პირველი კომპონენტი სწორედ ნარჩენების შემცირებაა. ნარჩენების მართვის დროს ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია ხელახალი მოხმარება-გადამუშავება. რაც შეეხება ნაგავსაყარზე განთავსებას, ეს ბოლო პუნქტია და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გზების გავლის შემდეგაა მიზანშეწონილი. ნაგავსაყარებზე მხოლოდ იმ სახის ნარჩენი უნდა განთავსდეს, რომლის გადამუშავება არანაირი სახით არ არის შესაძლებელი. ნაგავსაყარზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნარჩენების საიმედო დაცვა.

 

მარიამ ნანობაშვილი წლებია ნივთებს მეორადი დანიშნულებით იყენებს. ძველი СD დისკებისგან ჭიქების სადგამები აქვს გაკეთებული. ასევე დისკებისგან აწყობს ახალ ფარდას საკუთარი ოთახისთვის. ძველი კედლის საათის ნაწილები ფოტოს ჩარჩოებად აქცია, ძველი შარვლებისგან ჩანთებს, ხოლო მაისურებისა და ჯემპრებისაგან ქუდებს კერავს.

 

„ჯერ არ დამიწყია, მაგრამ გეგმაში მაქვს ძველი ჭურჭლის (ტაფების, ქვაბების, ჭიქების) გამოყენება ყვავილის ქოთნებად და ლარნაკებად. ნივთების მეორადი დანიშნულებით გამოყენება მნიშვნელოვანია ორი რაღაცის გამო – ფულის ეკონომიაა და თანაც ორიგინალური რაღაცები გამოდის, ისეთი, რომელიც სხვასთან არ განმეორდება. სხვებსაც ვურჩევდი, ნივთებს მეორე სიცოცხლე აჩუქონ, თავსაც გაიხალისებენ, გარემოსაც გადაახალისებენ და ფულსაც დაზოგავენ. თანაც გარშემომყოფებს გააოცებენ კრეატიულობით, მოხერხებულობით და ორიგინალური რამეებით. რაც უფრო მეტი ადამიანი მოახერხებს ერთი და იმავე ნივთის სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებას, მეტად შესამჩნევი გახდება ეს გარემოში. აღარ გაიზრდება ცელოფნის ტყეები“, – ამბობს მარიამი.

 

მარიამი საკუთარ თავსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ სხვების მსგავსად, თვითონაც დიდი რაოდენობით მოიხმარს პლასტმასის შეფუთვაში მოთავსებულ პროდუქტს.

 

„ვფიქრობ, პრობლემა მოხმარება კი არა, ნაგვისა და ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობის არ არსებობაა. მაკულატურა, ალუმინის ქილები და ბევრი სხვა ნარჩენი გადამუშავებადია“, – ამბობს მარიამი.

 

„ამერიკის შეერთებულ შტატებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების 75% გადამუშავებას ექვემდებარება. პირველადი გადამუშავების დროს მიიღება ორიგინალი მასალა. მაგალითად, გაზეთების გადამუშავებით მიღებული მასალიდან ისევ გაზეთები გამოიცემა. ხოლო მეორადი გადამუშავების შედეგად მიიღება ახალი პროდუქტი, რომელიც ექვემდებარება შემდგომ გადამუშავებას (მაგალითად, გაზეთების ნარჩენებიდან მუყაოს ყუთების წარმოება),“ – ნათქვამია ნინო ინასარიძისა და არჩილ ჭოღოშვილის ავტორობით გამოცემულ პუბლიკაციაში „ნარჩენების მართვა და ბიოტექნოლოგია“.
გარდა ამისა, გადამუშავებას მთელი რიგი დადებითი თვისებები აქვს. მაგალითად, 1 ტონა მეტალის ქილების გადამუშავებით იზოგება – 1,25 ტონა რკინის საბადოს მასალა და 0,5 ტონა ქვანახშირი. 1 ტონა გადამუშავებული ქაღალდით იზოგება 17 ხე, 26 329 ლიტრი წყალი, 1752, 64 ლიტრი ნავთობი და 4000 კილოვატ/საათი ენერგია.

 

გადამუშავებით მცირდება დაბინძურებაც. მაგალითად, ხის მერქნიდან ქაღალდის პირველად წარმოებასთან შედარებით, მაკულატურის გადამუშავებას 64%-ით ნაკლები ენერგია სჭირდება. ამავე დროს, მაკულატურის გადამუშავების შემთხვევაში ჰაერის დაბინძურება ნახშიროჟანგის, მეთანისა და სხვა მავნე გაზებით მცირდება 74%-ით, წყლის დაბინძურება კი – 35%-ით. რაც შეეხება ნარჩენების ენერგიად გარდაქმნას, ეს სპეციალური ტექნოლოგიებით ნარჩენების თერმულ დამუშავებას ან დაწვას გულისხმობს, რომლის დროსაც წარმოიქმნება ენერგია.

 

„ჩვენს ინტერესშია ხელი შეეწყოს ნარჩენების გადამუშავებას, რაც უფრო ნაკლები ნარჩენი მოხვდება არსებულ ნაგავსაყრებზე, უფრო ხანგრძლივი იქნება ამ ნაგავსაყრის ოპერირების დრო“, – ამბობს ხათუნა ჩიკვილაძე, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორის მრჩეველი.

 

ხათუნა ჩიკვილაძის თქმით, მთავრობის პოლიტიკა არის ყველა არსებული ნაგავსაყრის დახურვა დროთა განმავლობაში: „უნდა აშენდეს ახალი რეგიონული ნაგავსაყრები. ამ მიმართულებით კომპანია საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობს, უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას KFW- თან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან. ახალი ნაგავსაყარი აშენდება იმერეთის რეგიონში. ის მოემსახურება როგორც იმერეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს. მეორე ნაგავსაყარი აშენდება ქვემო ქართლში, რომელიც მთლიანად რეგიონს მოემსახურება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: