კვირის ამბები

„ჩემი ბებიის ქორწილი“ ნობელების მუზეუმში

22.06.2014 • 4180
„ჩემი ბებიის ქორწილი“ ნობელების მუზეუმში

„ამ გამოფენის იდეა ძველი ფოტოების თვალიერებისას გაჩნდა. ჩვენი მუზეუმი დაინტერესებულია ძველი ფოტოებით, მათ შორის სახასიათო ფოტოებით, რომლებიც ასახავს ყოფით დეტალებს, ჩაცმულობას, სახეებსა და საინტერესოა ფოტოდოკუმენტალისტიკის თვალსაზრისით. ჩვენი მუზეუმის თანამშრომელმა, თამარ ორაგველიძემ, რომელიც ახლა დოქტორანტია, ნახა ძალიან საინტერესო საქორწინო ფოტო, ვისაუბრეთ, ეს გამოდგებოდა თუ არა და კამათში დაიბადა ამ ფოტოგამოფენის იდეა“ – ამბობს თემურ ტუნაძე, ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმის მმართველი.

იდეის განსახორციელებლად მუზეუმმა თანამშრომლობა ნებისმიერ მსურველს შესთავაზა. გამოფენაში მონაწილეობის მსურველს საოჯახო ალბომში უნდა მოეძებნა ბებია-ბაბუის ან კიდევ მშობლების ქორწინების ძველი ფოტო, გარდერობში კი კაბა, რომელიც ფოტოზე აცვია პატარძალს, ასევე ქორწილის მოსაწვევი ან კიდევ სხვა აქსესუარი ქორწილიდან. გამოფენის ორგანიზატორი, თამარ ორაგველიძე ამბობს, რომ მოსახლეობის დაინტერესებამ ამ პროექტით, მათ მოლოდინს გადააჭარბა: „აღმოჩნდა, რომ მუზეუმს საკმაოდ დიდი მეგობრებისა და მხარდამჭერების წრე ჰყოლია, რაც ძალიან გვახარებს. გამოვიდა პროექტი, რომელშიც არა მარტო ბათუმი, არამედ მთელი აჭარაა ჩართული. ჩვენ მოგვაწოდეს მასალები მაღალმთიანი აჭარიდან, საქართველოს სხვა ქალაქებიდანაც კი. ხშირად ვამბობთ, რომ უცხოელი ტურისტების რაოდენობა მუზეუმში გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენი მოქალაქეების, და აი, ეს არის ის შემთხვევაა, როცა მოვახერხეთ და ქალაქი ჩავრთეთ ამ გამოფენის მომზადებაში. თან ბევრი სიურპრიზიც იყო, მაგალითად, ქალამნებს თუ მოგვიტანდნენ, ნამდვილად არ ველოდით. ეს ქალამნები სიძისთვის მიურთმევიათ მზითვში და აუცილებლად გამოვფენთ 22-ში.

გამოფენის იდეა მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ გვინდა გავაცოცხლოთ ყველა ფოტო, რომელსაც მუზეუმში გამოვფენთ 22 ივნისს. ერთი მხრივ, გამოფენილი იქნება ქორწინების ძველი ფოტოები და იმავე დარბაზში ამ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანების შთამომავლებს: შვილებს, შვილიშვილებს, ახლო ნათესავებს, ტანთ ეცმევათ კაბა, რომელიც ფოტოზეა გამოსახული. ახლა გადარჩევის პროცესში ვართ, 20-ზე მეტი კაბა გვაქვს უკვე და ჯერ კიდევ ვიღებთ მასალებს.“ – ამბობს თამარ ორაგველიძე.

მუზეუმის მმართველის, თემურ ტუნაძის თქმით, გამოფენის ყველაზე ძველი ექსპონატი 1919 წლით დათარიღებული საქორწინო მოსაწვევი და 1921 წელს შედგენილი მზითვის სიაა. რაც შეეხება საქორწილო ფოტოებს, მათგან ყველაზე ძველი 1950-იანი წლებისაა, ყველაზე ახალი კი – გასული საუკუნის 90-იანი წლების. ერთ-ერთ ასეთ ფოტოზე სიძე „პუმას“ სპორტულ ტანსაცმელშია გამოწყობილი.

ახლა მუზეუმში საქორწილო კაბებს არჩევენ. მათზე თვალის ერთი გადავლებითაც კი მთელი ეპოქა ცოცხლდება – მეტისმეტად მოკლე საქორწილო კაბა, კაბა – მოსასხამით, ოქროსფერი შეფერილობის საქორწილო კაბა, მუქი ვარდისფერი კაბა, ფატები, შლიაპები, სხვადასხვა აქსესუარები… „ჩემი ბებიის ქორწილი“ ის პროექტია, რის გამოც გარდერობში საგულდაგულოდ შენახულმა, ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღისათვის შეკერილმა ტანსაცმელმა ისევ იხილა დღის შუქი. ახლა ამ კაბების ძირითადი ნაწილი კაბების თავდაპირველი მფლობელების შთამომავლებმა უნდა მოირგონ.

როგორც თამარი ამბობს, გამოფენისთვის შეგროვებული ფოტომასალა ძალიან საინტერესოა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1889 წლის კალენდრიდან ამოკრეფილი მასალაც ქორწინების შესახებ, აკრძალვები _ რომელ დღეს არ შეიძლებოდა ქორწილი, წესები, რომელსაც იცავდნენ ქორწილის დღეს, ადგილობრივი ტრადიციები. „ბევრ ფოტოზე ხდება ოქროს სამკაულების დემონსტრირება, ხელები აქვთ პატარძლებს ისე, რომ აჩვენონ სამკაულები. ზოგიერთ ფოტოზე მხოლოდ ფატით მიხვდებით, რომ ქორწილის დღესაა გადაღებული, ასევე გვხვდება მესამე პირი ფოტოზე – ჩვეულებრივ ეს ყოფილა ოჯახში გასათხოვარი ქალბატონი, რადგან იყო საქორწილო ფოტოს გაჩუქების ტრადიცია და ამ ფოტოს სამაჭანკლოდაც იყენებდნენ.

გამოფენაზე იქნება ქალბატონი, რომელსაც იღბლიანი სადედოფლო კაბა უტარებია. ამ კაბის პირველ მფლობელს შვილი არ ჰყოლია დიდი ხნის მანძილზე, ერთხელაც კაბა გაუნათხოვრებია, კაბა სხვა პატარძალმა ჩაიცვა, რომელმაც რამდენიმე ხნის შემდეგ დაუბრუნა და ამ პერიოდში კაბის მფლობელი უკვე დაფეხმძიმებულა. აი, სწორედ კაბის მეორედ მატარებელი ქალბატონი იქნება ჩვენი მოწვეული სტუმარი“- ამბობს თამარი.

მუზეუმის მმართველი ამბობს, რომ გამოფენა საინტერესო იქნება არა მხოლოდ ფოტოდოკუმენტალისტიკის, არამედ ეთნოგრაფიული თვალსაზრისითაც.

„თავიდან, როცა იდეა გავახმოვანეთ, განვაცხადეთ ფეისბუქზე და ჩვენი მეგობრებისა და ნაცნობების საშუალებით დავიწყეთ ფოტოებისა და საქორწილო კაბების შეგროვება, იყო  დამოკიდებულება –  ეს რა გამოსაჩენი ფოტოებია, როცა ახლა ისეთი კაბებია და ასე შემდეგ, თუმცა შევძელით ადამიანებების დარწმუნება, რომ მოეტანათ ფოტოები და კაბები,“ – გვეუბნება თემურ ტუნაძე. იგი ამბობს, რომ უშუალოდ იმ ადამიანების გარდა, ვინც მუზეუმს გამოფენისათვის მასალები მიაწოდა, პროექტს სხვა პარტნიორებიც ჰყავს: „ეს არის კვიახიძეების მუზეუმი, ქედაში ხარაულის საჯარო სკოლა, ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიული მუზეუმი _ „ქარვასლა“, ასევე ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, და ჩვენი პარტნიორი – სტუდია „იალონი“ – ამბობს თემურ ტუნაძე.

მისი თქმით, მსურველებს ნობელების მუზეუმისათვის მასალების მიწოდება ახლაც შეუძლიათ, რადგან მუზეუმი სხვა პროექტის განხორციელებაზეც ფიქრობს. 22 ივნისისთვის კი რამდენიმე დეტალთან ერთად მუზეუმი ძველ თოჯინასაც ეძებს, მსგავსი თოჯინები დედებისა და ბებიების ქორწილში აუცილებელი აქსესუარი იყო, თუმცა ამ დრომდე მოღწეულმა თოჯინებმა ან თვალი დაკარგეს, ან ხელი.

თემურ ტუნაძე ამბობს, რომ გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საკუთარი ქორწილიდანაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი მომენტების გახსენება.

„ჩემი ბებიის ქორწილი“ ნობელების მუზეუმში მხოლოდ ერთ დღეს გაგრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: