კვირის ამბები

„აქ აზროვნებაა მთავარი, ლოგიკა და არა სკოლის ცოდნა“

03.06.2014 • 1570
„აქ აზროვნებაა მთავარი, ლოგიკა და არა სკოლის ცოდნა“

სულ ახლახან საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ინტელექტუალურ შეჯიბრში 72 სკოლის გუნდს შორის „პირველები“ გამარჯვებულად დასახელდნენ, რითაც ბათუმის პირველ საჯარო სკოლას საქართველოს ყველაზე ინტელექტუალური სკოლის სტატუსი მოუპოვეს.

როგორც აბიტურიენტი, ექვსივე მათგანი ეროვნული გამოცდებისთვის რეპეტიტორთან, სხვადასხვა საგანში ემზადება, თუმცა ინტელექტუალურ თამაშებში მათ უფრო სხვა სახის ცოდნა ეხმარება. `თითოეული ჩვენგანი თავისი ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტულ სფეროშია ძლიერი, ამრიგად ვავსებთ ერთმანეთს“, – ამბობს მიშიკო დუმბაძე. ის 12 წელია ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალურ ცენტრში ფორტეპიანოს სწავლობს. ამბობს, რომ თამაშისას მისი ფოკუსი სწორედ მუსიკა და  კულტურაა.

დათო ნაკაშიძე მათემატიკაში ემზადება, თუმცა ამბობს, რომ თამაშის დროს ყველაზე მეტად ინგლისური ენის ცოდნას იყენებს – „ინგლისურში ოთხი წელია ვემზადები და საკმაოდ კარგად ვიცი ენა. თამაშისას ხშირად მოსულა შეკითხვა, რომლის პასუხიც კონკრეტული სიტყვის თარგმანს უკავშირდებოდა. ასეთ დროს მე ვაქტიურობ ხოლმე“.

მიხეილ კვაშალი – „როგორც აბიტურიენტი, ეროვნული გამოცდებისთვის მეც ვემზადები. ისე კი ჩემი სფერო სპორტია. ბავშვობაში დავდიოდი სპორტში, ახლა, უბრალოდ, მოყვარული ვარ“. გარდა ამისა, მიხეილი და დათო ფილმებით არიან გატაცებული, ამიტომ კინემატოგრაფიასთან დაკავშირებული შეკითხვები ძირითადად მათი კომპეტენციაა.

დათო ჯაფარიძის სფერო ისტორია და მითოლოგიაა. ამბობს, რომ ბერძნული და სკანდინავიური მითოლოგიითა გატაცებული და პარალელურად ისტორიაშიც ემზადება.

გუნდის წევრები ამბობენ, რომ „პირველების“ კაპიტანი დავით კილაძე, ყველა ჩამოთვლილ და დარჩენილ სფეროებს იცნობს, თავად დავითი მიიჩნევს, რომ ეს მისი ვალდებულებაცაა. „ვცდილობ, ყველა სფეროში ვიყო ჩახედული, როგორც გუნდის კაპიტანი, ვალდებული ვარ, ყველა თავის სფეროში ფოკუსირებულს მოვუსმინო და პასუხი სწორად შევარჩიო“, – ამბობს ის.

გუნდის წევრები სკოლის გარეთაც იკრიბებიან. „თუ წასასვლელი არ გვაქვს, სკოლაშიც ვხვდებით ერთმანეთს, თამაშებისთვის სხვადასხვა ინტელექტუალურ კითხვას ვიფიქრებთ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ სამომავლო გეგმებსაც. არ გვინდა, რომ სკოლის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდი უკვალოდ გაქრეს“, – ამბობს გუნდის კაპიტანი.

დათო ჯაფარიძის თქმით, ისინი ადრინდელისგან განსხვავებით, სავარჯიშოდ აღარ იკრიბებიან – „იმდენად ხშირად ვმონაწილეობთ ბათუმში გამართულ სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებზე, რომ სულ ფორმაში ვართ“.

კითხვაზე, საკმარისია თუ არა ინტელექტუალურ თამაშებში გამარჯვებისთვის მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნა, პასუხობენ, რომ – არა.

მიხეილი ამბობს, რომ შეიძლება სულაც არ იყო განათლებული, მაგრამ ინტელექტუალურ თამაშებს მაინც კარგად თამაშობდე. „აქ აზროვნებაა მთავარი, ლოგიკა და არა სკოლის ცოდნა“, – ამბობს ის.

„თვითონ ბავშვი უნდა იყოს დაინტერესებული ყველაფრით, კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, ინტერნეტი… ბევრი რამაა, რაც განვითარებაში გვეხმარება. სკოლის ცოდნა საკმარისი არ არის, გამოცდაზე შვიდი და რვა ქულა ავიღე“, – ამბობს მიშიკო.

მოაზროვნეთა გუნდის ტრანსპორტირების ხარჯს სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. გარდა ამისა, სკოლა გუნდს შიდასასკოლო ინტელექტუალური თამაშების ორგანიზებაშიც უწყობს ხელს.

გუნდის წევრები ახლა საატესტატო გამოცდებს აბარებენ, ზაფხულში კი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან, ამიტომ უახლოეს მომავალში დაგეგმილ თამაშებში  მონაწილეობისთვის არ სცალიათ. თუმცა მიხეილის თქმით, აგვისტოში „რა? სად? როდის?“-ის შავიზღვისპირეთის ჩემპიონატს არ გამოტოვებენ: „მასში ბევრად უფრო გამოცდილი მოთამაშეები მიიღებენ მონაწილეობას, ასაკითაც დიდები არიან ჩვენზე, თან თამაში რუსულ ენაზე იქნება. გვინდა ბედი ვცადოთ, ეს ჩვენთვის ძალიან კარგი  გამოცდილება იქნება“.

გუნდის კაპიტნის თქმით, ისინი თავიანთი სკოლის უმცროსკლასელ მოაზროვნეებს კარგად იცნობენ და მათ შესაძლებლობებშიც დარწმუნებულნი არიან. დავითის თქმით, „მათ შემდეგ ღირსეული გუნდი დარჩება სკოლაში“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: