კვირის ამბები

აჭარაში 504 აივ/შიდსით ინფიცირებულია რეგისტრირებული

29.05.2014
აჭარაში 504 აივ/შიდსით ინფიცირებულია რეგისტრირებული

 

 

 

 

2014 წელს საქართველოში აივ/შიდსის 177 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით კი, საქართველოში სულ აივ/შიდსით ინფიცირების 4308 შემთხვევაა რეგისტრირებული. პაციენტთა საშუალო ასაკი 29-დან 40 წლამდეა, მათგან 3162 – მამაკაცი და 1146 – ქალია. 

 

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მონაცემებით, ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისში ცხოვრობს, სადაც შიდსით დაავადებული 1419 პაციენტია რეგისტრირებული.

 

შიდსის ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში აივ/შიდსით 504 პაციენტია რეგისტრირებული, თუმცა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, ჯემალ დუმბაძის თქმით, აჭარის, გურიისა და ფოთის მასშტაბით, მათთან მხოლოდ 210 პაციენტი მკურნალობს.

 

საქართველოს მასშტაბით აივ/შიდსის ინფიცირებისას საჭირო ანტირეტროვირუსულ მკურნალობას სულ 2197 პაციენტი გადის. 

 

ამ ეტაპზე საქართველოში შიდსის პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად 20-22 ათასი მაღალი რისკის ჯგუფის პირთა უფასო გამოკვლევა ტარდება, შიდსით ინფიცირებულთა მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებს კი გლობალური ფონდი უზრუნველყოფს.

 

რაზე დაყრდნობით ამბობ ამას იქნებ დაწერო: აივ/შიდსის ბოლომდე განკურნება დღეს არსებული სამკურნალო საშუალებებით შეუძლებელია, თუმცა არსებობს ანტირეტროვირუსული პრეპარატები, რომელთა მეშვეობითაც შიდსი მომაკვდინებელი დაავადებიდან ქრონიკულ, მართვად დაავადებად იქცა. ჯემალ დუმბაძის თქმით, აივ/შიდსის მკურნალობა უფასოა და ის პაციენტის სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება.

 

ბათუმში აივ/შიდსზე უფასო შემოწმებას, გარდა ინფექციური საავადმყოფოსი, საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომაც“ ახორციელებს. „თანადგომის“ ხელმძღვანელი ნათია ხარატი ამბობს, რომ აივ-ინფექციის გადაცემის სამი ძირითადი გზა არსებობს: სისხლით, სქესობრივი და ვერტიკალური გზით, ანუ როცა ვირუსი დედიდან შვილზე გადადის.

 

საქართველოში აივ/შიდსით ინფიცირების ყველაზე დიდი, 51 პროცენტი ინექციურ ნარკომანიაზე მოდის, ინფიცირებულთა 45.7-პროცენტი დაუცველი სქესობრივი კონტაქტით დაავადდა; 1.9% – ვერტიკალური გზით; ხოლო 0.9-პროცენტის ინფიცირების წყარო დაუდგენელია.

 

აივ/შიდსის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა ყოველი სარისკო ქცევის დროს, მაგალითად, თავდაცვა სქესობრივი კავშირის დროს; გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ სტერილური ან/და ახალი ერთჯერადი სამედიცინო ინვენტარი, ხოლო აივ ინფიცირებული დედიდან შიდსის ვირუსის ბავშვზე გადაცემის რისკის (2%-ით) შესამცირებლად ორსულს ანტირეტროვირუსული (არვ) თერაპია უნდა ჩაუტარდეს, ბავშვი საკეისრო კვეთით უნდა გაჩნდეს და ძუძუთი კვება, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ხელოვნური კვებით ჩანაცვლდეს.

 

საქართველოს რეგიონებს შორის აჭარა მესამე ადგილზეა ინფიცირებულების რაოდენობით, სამეგრელოსა (609 ინფიცირებული) და იმერეთის (575 ინფიცირებული) შემდეგ.

 

მსოფლიოში შიდსის პირველი შემთხვევა კლინიკურად 1981 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში აღწერეს. საქართველოს ტერიტორიაზე კი შიდსით დაავადების პირველი შემთხვევა 1989 წელს აღინიშნა. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.