კვირის ამბები

დათო ტრაპაიძე მთვარის კლუბზე, რადიოსა და ლოჯმიშენებულ ჯიპებზე

19.05.2014 • 2052
დათო ტრაპაიძე მთვარის კლუბზე, რადიოსა და ლოჯმიშენებულ ჯიპებზე

 

 

დათო ამბობს, რომ საქმიანობაში მაგრად გაუმართლა. უყვარს ის, რაც სიამოვნებას ანიჭებს და აკეთებს მხოლოდ იმას, რაც უყვარს. ყველაზე მეტად მაინც თავისუფლებას აფასებს. 13 წელია რადიო “აჭარაში” მსმენელის განწყობაზე ზრუნავს, ამბობს, რომ ერთგვარი სენია მსმენელთან მუდმივად თხრობის რეჟიმში ყოფნა: „რადიოს ღამის ეთერი ჰგავს ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში საყვარელ ადამიანთან საუბარს, ოღონდ გულახდილ საუბარს. მსმენელი ადვილად იჭერს ყალბ ნოტებს შენს ხმაში, იმიჯს ვერ მოირგებ, სანდომიანი ხარ მაშინ, როცა ბუნებრივი ხარ, ბევრი რამე პრაქტიკიდან მოდის, მსმენელთან უკუკავშირი გაქვს. მისი ემოციები გაძლევს დასკვნების გამოტანის საშუალებას”.

 

მსმენელთან საუბრები წლებია გრძელდება, თავიდან ეს მხოლოდ შვიდი მეგობრის იდეა იყო, რომელსაც მალე პროექტის სახე მიეცა. ახალგაზრდულ რადიოსადგურზე მეოცნებე მეგობრებმა სპონსორის ძიებაში წინადადება აქეთ მიიღეს – შესთავაზეს ქალაქში არსებული ხაზის რადიო ეფემ დიაპაზონზე გადმოერთოთ. მართლაც, “რადიო აჭარა” FM დიაპაზონზე 24-საათიანი მაუწყებლობით გავიდა: „FM დიაპაზონზე რადიოს ცნობადობა ჩვენი დამსახურებაა, ახალი სისხლი გადავუსხით რადიოს, გავაახალგაზრდავეთ. შვიდმა დავიწყეთ, თუმცა რადიოში მე ერთი შემოვრჩი. რადიოში მუშაობა ბავშვობიდანვე მინდოდა, ტელევიზიაში ვიზუალს იმხელა დატვირთვა აქვს, რომ ბევრი რამ იკარგება, რადიოში კი ძირითადი ხმა და ტექსტია, ზუსტად ის, რისი თქმაც გინდა; დიდია ინტიმი, ფანტაზიას დიდი გასაქანი აქვს, მსმენელს მეტი გაანალიზების საშუალებას აძლევს. საერთოდ ვფიქრობ, ტელესივრცე ჯერ არ არის იმ ეტაპზე, რაიმე კარგი იდეის შეთავაზებისთვის მზად რომ იყოს“, ” ამბობს დათო.

 

პირველი ანაზღაურებით კედები იყიდა, ბევრი არ ყოფილა, მაგრამ მისი გამომუშავებული თანხა იყო: „იქამდეც ბევრ რამეს ვაკეთებდი, მაგრამ ანაზღაურება არ მიმიღია. ის, რომ ჩემს გაკეთებულ საქმეში ანაზღაურება მივიღე, იყო უსაზღვრო ბედნიერება. კედები იმიტომ ვიყიდე, რომ ბევრს დავრბოდი საქმეებზე, ღამეებს ვათენებდი რადიოში ანაზღაურების გარეშე, თან იმ დროს, როცა ოქროს ხანა იყო რადიოინდუსტრიისთვის, ბევრი მსმენელით, უამრავი ზარით ეთერში. ეს რომანტიზმის პერიოდი იყო ჩვენთვის, დღეს ყველა გარკვეული მიზნით მოდის რადიოში, თუმცა არა ენთუზიაზმით“, – ამბობს დათო.

 


რადიოში მისულმა ის ამპლუა მოირგო, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონდა. დათო მუსიკალური გადაცემის წამყვანად წლების განმავლობაში მუშაობდა, ახლა უკვე მუსიკალური პროდიუსერია: „რადიოს ფორმატი გაძლევს აბსოლუტურ თავისუფლებას, რადიოს ეთერი შეცდომებს არ გპატიობს, უნდა ესაუბრო მსმენელს, პოზიტივს უნდა გამოსცემდე, ადამიანი გისმენს იმისთვის, რომ განიტვირთოს. პირველად როცა გავედი ეთერში, ვღელავდი, სიყვარულის ახსნას ჰგავდა, წინასწარ რომ არ იცი რანაირად მიგიღებს – კის გეტყვის, თუ არას! იმის მიუხედავად, რომ ზუსტად იცი რა უნდა თქვა, მიკროფონის ჩართვისთანავე გავიწყდება მთელი ტექსტი. ახლა ნარკოტიკივით მაქვს, ეს უკვე მჭირდება“.

 

ყველაზე მეტად განიცდის მსმენელთან კონტაქტის დაკარგვას – ინტერნეტსამყარო ყოველდღიურად უკარგავს მსმენელს რადიოს: „საგრძნობლად შემცირდა მსმენელთა რიცხვი. ოთხი წლის წინ ბევრი მსმენელი გვყავდა, ადამიანები გვეუბნებოდნენ, მანქანაში ისხდნენ იმის გამო, რომ ჩვენთვის მოესმინათ. ვფიქრობ, უნდა ავყვეთ ამ რეჟიმს, ინტერნეტშიც განვათავსოთ ჩვენი მასალები.

 

ზოგიერთი ფიქრობს, აი, მოვასმენინებ მსმენელს ჯაზს და ამით გავზრდი მე მის გემოვნებას! ვერაფერს გაზრდი, რაც არ უნდათ, იმას არ მოისმენენ, რასაც ითხოვს, ის უნდა მოასმენინო, ალტერნატივა კი მსუბუქად უნდა მიაწოდო, მერე შეიძლება მოიწონოს კიდეც შენი ჯაზი. რადიო “აჭარას” მსმენელს აქვს ჩამოყალიბებული გემოვნება და იცის, რისი მოსმენა სურს. ამის მიხედვითაა შერჩეული ჩვენი `ფლეილისტი.” ჩვენ გვყავს აქტიური მსმენელი, ზუსტად იცი, რომ აუცილებლად დაგირეკავს. ჩემი მსმენელების უმეტესობა დღეს უკვე ჩემი მეგობარია. საერთოდ, განსხვავებული სამეგობრო წრე მყავს, იმდენად განსხვავებულები არიან, რომ საერთო ენას ვერ ნახულობენ, როცა ერთად ვსხდებით. ეს ჩემთვის უფრო საინტერესოა, არ ვარ ჩაბღაუჭებული ერთ წრეს, ვუფრთხილდები ადამიანებს და ჩემს მათთან ურთიერთობას”.

 

ყველაფერში პოზიტივის ძიება უკვე ჩვევად ექცა. ამბობს, რომ დაიღალა ამდენი ნეგატივით, თანაქალაქელების აყოლიებასაც ცდილობს, რაც, ცოტა არ იყოს, უჭირს. მეგობრებისთვის კი დათო განწყობის გენერატორად მიიჩნევა: „მინდა ფერადი, მზიანი და ხალისიანი იყოს ჩემ გარშემო ყველაფერი. ბათუმში მარტივია გამონახო პოზიტივის მიზეზი, თუმცა მომხმარებელი ისევ ცოტაა, გაცილებით ადვილად იღებენ ვიღაცის ქილიკს, ვიდრე – ქებას. უბრალოდ რომ თქვა, რა მაგარი ამინდია, გაატარებენ, რომ თქვა, რას ჰგავდა ეს, წვიმამ წაგვლეკა, ოოო, წამოვა ხალხი. მინელებულია კარგის ძიების სურვილი. იმედი მაქვს, მზე თავის შედეგს გამოიღებს. ორი სეზონი გვაქვს – ზამთარი და ზაფხული, ასე ვართ ჩვენც – ან კარგ ხასიათზე, ან მოწყენილი ჩაკეტილ შენობაში~.

 

 

„მთვარის კლუბი“

 

 

„თავიდან რადიოში მქონდა ვირტუალური კაფე, სადაც რეკავდა მსმენელი და ვთავაზობდი ვირტუალურად ჩაის ან ვისკს. მერე თავისუფლად ვსაუბრობდით იმ თემაზე, რაც სურდა მსმენელს, შეზღუდვები არასოდეს გვქონია. ერთი სეზონი გადიოდა გადაცემა, მერე გადავინაცვლეთ ბლოგის ფურცლებზე.

 

ბლოგი ყველაზე კომფორტული სივრცეა ჩემთვის – თავს ისე ლაღად და თავისუფლად ვგრძნობ, როგორც სახლში. ვამბობ იმას, რაც მინდა ვთქვა. იგივე პასუხისმგებლობაა, რაც რადიოში, მკითხველი გენდობა, ის არ უნდა მოატყუო. ჩემი ბლოგი მგავს, ოღონდ ჩემზე უკეთესია, იქ ცოტა რაფინირებული ვარ, გადაკითხული და ჩასწორებული. ზოდიაქოთი მშვილდოსანი ვარ, ვერ ვიტან ბიუროკრატიულ მექანიზმებს და ადამიანებს, ვინც ამაშია ჩაძირული. ნებისმიერი შეზღუდვა ჩემთვის არის მიუღებელი. სადაც მზღუდავენ, მე იქ არ ვჩერდები, შესაბამისად, არ ვჩერდები ერთ ადგილზე. ფოტო მშვენიერი საშუალებაა ემოციის მომენტალურად გასაზიარებლად. ფოტოები შინაარსობრივად მეხმარებიან, მკითხველი ამით ჩემი ნაწერის თანამონაწილე ხდება.

 

ფოტოების გადაღება ორი წლის წინ დავიწყე, ვსწავლობ ჩემთვის. ფოტოგრაფად თავს არ მივიჩნევ, უბრალოდ, ფოტოაპარატი მაქვს, მასე სახლში წნევის აპარატიც მაქვს, ამის გამო ექიმი ვერ გავხდები“, – ამბობს დათო.

 

ბათუმისთვის იდეალურ ტრანსპორტად ველოსიპედი მიაჩნია, ასე ჯანსაღი ცხოვრების წესსაც იცავს და განტვირთვასაც ახერხებს: „მე თუ მკითხავ, არ უნდა დაბობღავდეს ქალაქში ლოჯმიშენებული ჯიპები, ბევრად კომფორტულია ვიაროთ ველოსიპედით, მადლობა ღმერთს, გვაქვს ველობილიკები. ჯანმრთელობასაც გავუფრთხილდებით და სხვა განცდაცაა, როცა სუფთა ჰაერს გრძნობ. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ვიმოძრაო, გარეთ ყოფნა მირჩევნია, ვიდრე ბარში ვიღაცის სიგარეტის კვამლის სუნთქვა.“

 

დათო ამბობს, რომ ბევრი ოცნება აქვს, ყველაზე მეტად კი მოგზაურობა ხიბლავს: „ყველგან მინდა ვიმოგზაურო, მოგზაურობისთვის ყველაფერს დავთმობ, საბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანა მოვლილი მაქვს, რაკიღა პროფესიით ეთნოგრაფი ვარ, ძალიან მაინტერესებს ძველი ინდოეთი, ეგვიპტე, შუა აზიის ქვეყნები, პირამიდები, აკლდამები, ნაქალაქარები, პირველადი ინტერესის წყარო ეს არის. ზოგჯერ მეუბნებიან, რომ კომფორტის მოყვარული ბურჟუა ვარ. კომფორტი მართლა მიყვარს, მაგრამ მაქვს უნარი, შევიქმნა იქ, სადაც ვარ. რაც შეეხება როდის წავალ ამ ყველაფრის სანახავად, უბრალოდ, ოცნებას ყოველთვის ვისრულებ!“ – ასრულებს საუბარს დათო.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: