კვირის ამბები

50 მილიონი ლარი სოფლებისთვის და კორუფციის რისკი

27.04.2014 • 1500
50 მილიონი ლარი სოფლებისთვის  და კორუფციის რისკი

მთავრობის გადაწყვეტილება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვაზე იმას ნიშნავს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად კომპანიის შესარჩევად ელექტრონული ტენდერი არ გამოცხადდება. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის დასახარჯად ისეთი კონკურენტული გარემო ვეღარ შეიქმნება, როგორიც ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემთხვევაშია შესაძლებელი.

 

ელექტრონული ტენდერი რამდენიმე კომპანიას შორის კონკურენციის პირობებში სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, შეარჩიოს მეტი კომპეტენციის მქონე, გამოცდილი კომპანია; ელექტრონულ ტენდერზე თანხის დაწევის შესაძლებლობა კი ბიუჯეტის თანხის დაზოგვის საშუალებას იძლევა.

 

„წინა წლებში შესრულებული სამუშაობის მონიტორინგმა აჩვენა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების ხარისხი მაინცადამაინც მაღალი არ არის. ამის გათვალისწინებით პროგრამის კონკურენტული სივრციდან გამოსვლა გამოიწვევს ხარისხის კიდევ უფრო გაუარესებას. ამიტომ მივიჩნევ, რომ სახელმწიფო თანხის სატენდერო სივრციდან გამოყვანა ძალიან დიდი შეცდომაა,“  – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“  ხელმძღვანელი ლევან გობაძე. 

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით (#471), რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს, პროგრამის ფარგლებში გამარტივებული წესის გამოყენების გადაწყვეტილება „საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით“ არის ახსნილი.

 

რამ განაპირობა „ვადების შეზღუდვა“ მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა ამ პროექტს უკვე წლებია ახორციელებს და, შესაბამისად, მისი დროში გაწერის საშუალებაც აქვს, ამ კითხვაზე „ბათუმელებმა“ მთავრობის კანცელარიაში პასუხი ვერ მიიღო. კანცელარიიდან რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადაგვამისამართეს.

 

შესყიდვის გამარტივების მიზნით მთავრობისთვის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიუმართავს. ამ სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების სამმართველოს უფროსის, გიორგი ცინცაძის განმარტებით, `გამარტივებული შესყიდვა მიზანშეწონილია იმ გარემოებით, რომ პროგრამით განსახორციელებელი პროექტების საერთო რაოდენობა წლების მიხედვით 5-7 ათასი პროექტის ფარგლებში მერყეობს. 2013 წლის პროექტების საერთო რაოდენობა არის 6919. შესაბამისად, 50 მილიონ ლარზე გადაანგარიშებით, თითოეული პროექტის საშუალო ღირებულება 7-9 ათას ლარს არ აღემატება. პროექტების გარკვეული ნაწილის ღირებულება კი არ აღემატება 2, 3, 4 ათას ლარსაც კი. ამ ღირებულების შესყიდვებს კანონმდებლობა ისედაც გამარტივებულად ითვალისწინებს, მაგრამ წლის განმავლობაში ერთგვაროვანი შესყიდვების ხასიათიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტებს უწევთ შესყიდვების განხორციელება შესაბამისი სატენდერო პროცედურით, რაც ხშირად იწვევს მცირე ღირებულების პროექტების ჩავარდნას, განსაკუთრებით მაღალმთიან და რთული გეოგრაფიული რელიეფის სოფლებში. გამარტივებული შესყიდვის უფლებამოსილება უადვილებს მუნიციპალიტეტებს მცირე ღირებულების პროექტებზე კონტრაქტორის მოძებნას და შესაბამისი ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განხორციელებას.“

 

არასამთავრობო ორგანიზაციები კი არ გამორიცხავენ, რომ დროში შეზღუდვა მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდებოდეს. პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების წამოწყება, რაც ძირითადად სოფლებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ითვალისწინებს, წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა.

 

წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 50 მილიონამდე ლარი დაიხარჯება, აქედან აჭარის მუნიციპალიტეტებისთვის 4 790 127 ლარია გათვალისწინებული. თანხა მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ნაწილდება. აჭარის მუნიციპალიტეტებში ყველაზე მეტი – მილიონ 403 258 ლარი ქობულეთს შეხვდა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი კი, პროგრამის ფარგლებში,  მილიონ 322 903 ლარს მიიღებს.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი