Batumelebi | “ერთ ადგილზე არ ვჩერდები” “ერთ ადგილზე არ ვჩერდები” – Batumelebi
RU | GE  

“ერთ ადგილზე არ ვჩერდები”

 

 

საკუთარ თავზე ლაპარაკი უჭირს, ურჩევნია, სხვებმა შეაფასონ. რაზეც თამამად საუბრობს, არის საკუთარი მიზანსწრაფულობა, სიჯიუტე და გამოცდილება, რომელიც ხასიათის წყალობით დაუგროვდა: „სწავლის გაგრძელება მინდა, არ ვაპირებ გაჩერებას, არ დავჯერდები იმას, რომ ვიყო კომპანიის დირექტორი და მქონდეს მაღალი ხელფასი. მე ყოველთვის მინდა, უფრო მეტი, ერთ ადგილზე არ ვჩერდები.” – ამბობს ირმა კიღურაძე, ტურისტული კომპანია “ინტერტრაველის” დირექტორი.

 

 

ბავშვობიდან ლიდერის თვისებით გამოირჩეოდა, სკოლის ასაკიდან არაერთ პროექტში თუ თამაშში მიუღია მონაწილეობა. „ბავშვობაში რამდენჯერმე შემეცვალა აზრი პროფესიასთან დაკავშირებით, თავიდან ბიოლოგობა მინდოდა, შემდეგ დავიწყე ლექსების წერა, ჩანახატებსაც ვაკეთებდი, მსურდა მწერალი გამოვსულიყავი. სკოლის დამთავრების შემდეგ კი სრულიად განსხვავებულ სფეროში მოვხვდი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. დღეს კვალიფიციური იურისტი ვარ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა პროფესიით მომიწია მუშაობა. საბოლოოდ კი მოვხვდი ტურისტულ კომპანიაში, სადაც ყველაზე კარგად ვიგრძენი თავი. თავიდან ძალიან მიმიზიდა, შემდეგ შემიყვარდა. სიამოვნებას მანიჭებს სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობა და მათზე გარკვეულწილად ზრუნვა, საუკეთესო არჩევანის შეთავაზება, დაუღალავი შრომა, რაც საბოლოოდ მათშივე თავისთავად წარმოქმნის კმაყოფილების გრძნობას და შედეგად უფრო მაახლოვებს ამ ადამიანებთან.” – გვიამბობს ირმა.

 

ტურიზმის სიყვარულმა დიდი როლი იქონია მის ცხოვრებაში, სწორედ ამიტომ, რაღაც ეტაპზე ის თავის დროს მხოლოდ ამ სფეროს უთმობს. თუმცა არ ფიქრობს, რომ სამუდამოდ ასე იქნება. ამბობს, რომ სულ ძიების პროცესშია: „შემოვრჩი ტურიზმს, ამ ეტაპზე ჩემი ყველაზე დიდი საზრუნავია ამ ბიზნესის განვითარება. მაქსიმალურად ვცდილობ გამოვიყენო დრო, მაგრამ ის მაინც არ მყოფნის. ტრამპი წერდა: „დრო ფულზე უფრო ღირებულია, რადგან ფულის გამომუშავება სხვადასხვა გზით ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ დროის უკან დაბრუნება შეუძლებელი.” მთავარი მაინც ისაა, რომ დროს გაასწრო, სულაც ვერ იგრძნო ის, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც შენი საქმე ასე გიყვარს და არ ზოგავ თავს და ყველაფერ ამას სიამოვნებით აკეთებ.

 

 

საზღვარგარეთ მომისმენია ადამიანებისგან, რომლებიც მუშაობენ, რომ ისინი თავს უმუშევრებად მიიჩნევენ. ამას იმიტომ ამბობენ, რომ არ აკეთებენ იმ საქმეს, რაც მათ გულითა და სულით სურთ. მუშაობენ მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური სარგებლის გამო. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს მე ვმუშაობ და ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს.”

 

 

საკუთარი ტურისტული კომპანია რამდენიმე წლის წინ ირმასაც ჰქონდა: „ამბიციური ვიყავი, მეგონა, რომ ყველაფერი ზუსტად მქონდა გათვლილი და გამომივიდოდა, მაგრამ ცოტა ვიჩქარე, ერთი წელი ვიმუშავე. ახლა ვნანობ კიდეც, მაგრამ მაშინ საკმაო გამოცდილება არ მქონდა. შეცდომებზე არ ვწუხვარ, თუ არ შეცდი, ისე წინ ვერ წახვალ, საკუთარ შეცდომებზე როცა სწავლობ, უფრო ძლიერი ხდები.”
ყველაზე რთული პერიოდი ინგლისს უკავშირდება, როცა ჩვილი ბავშვით უცხო ქვეყანაში დამხმარეს გარეშე აღმოჩნდა: „მე და ჩემს მეუღლეს ენის შემსწავლელი კურსების გავლა გვინდოდა, რამდენიმე თვის დაქორწინებული ვიყავით, რომ წავედით. კოლეჯი დავამთავრე ინგლისში. ისე მოხდა, რომ იქ გამიჩნდა ჩემი პირველი შვილი, მარი. დიდი ბედნიერებაა დედობა, თუმცა როცა არავინ გეხმარება და ხარ მარტო ამდენი პრობლემის წინაშე, რთულია. ჩემი მეუღლე მუშაობდა, მე კი მთელი დღე ბავშვთან მიწევდა ყოფნა მარტოს, ეს, რა თქმა უნდა, რთული იყო. თუმცა საზღვარგარეთ ცხოვრებამ მომცა დიდი გამოცდილება და განსხვავებული ხედვის უნარი.”

 

 

ყველაზე ფასეული ირმასთვის ოჯახია. ამბობს, რომ მისი ყველაზე დიდი მხარდამჭერი მეუღლეა: „ჩემი პროფესიული წარმატება გარკვეულწილად მეუღლის დამსახურებაა, ის მე მხარს მიჭერდა, გულშემატკივრობდა. ჩემი მეუღლე დავითი, პროფესიით ეკონომისტია, ახლა თავის ბიზნესს უძღვება. სტუდენტი ვიყავი, როცა გავიცანი, მას შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ორივეს გადატვირთული გრაფიკი გვაქვს, ამიტომაც ამ მხრივ პრეტენზიები ერთმანეთთან არ გვაქვს. ერთადერთი რასაც ვაკეთებ, ჩემს შვილებს ვეხმარები უცხო ენების მომზადებაში. ცოტა განაწყენებულები არიან ბავშვები, ძირითადად ბებია და ბაბუა ზრუნავს მათზე. ჩემს მეუღლეს დაჰყავს ბავშვები სკოლაში, სპორტზე, ცეკვაზე. მარი 12 წლისაა, საბა – 9 წლის.”

 


ირმას 12 წლის ქალიშვილს მშობლების მაგალითი ხიბლავს, ის თავის დღიურში ბიზნესგეგმას ადგენს: „რასაც სახლში ვსაუბრობთ და გარჩევის საგანია, ბავშვები საგულდაგულოდ ისმენენ და ცდილობენ თავიანთი ბიზნესიდეების შემუშავებას. მარის ბავშვთა გასართობი ცენტრის გაკეთება სურს, ბიზნესგეგმაში კი ეწერა, რომ პირველ რიგში გამოკითხვას ჩაატარებდა და ასე გაიგებდა, თუ რა სურთ ბავშვებს, რადგანაც ზუსტად ის შეეთავაზებინა შემდგომ მათთვის. ძალიან მახარებს ჩემი შვილის ეს დამოკიდებულება და ასეთი მიდგომა. საბას სურდა არქიტექტორობა, ახლა კი უნდა გახდეს გამომგონებელი, ვკითხე, რა უნდა გამოიგონო-მეთქი? – კალამი, რომელიც თავისით წერსო. ეს სურვილი აქვს, იმიტომ, რომ წერა ეზარება, თუმცა რატომაც არა?! თუ უნდა რაღაცის გაკეთება, გააკეთოს. ყველა დიდ გამოგონებას სიცილით ხვდებოდნენ თავიდან. მე არ დავცინი, უბრალოდ, ვურჩიე ფურცელზე გადაიტანოს თავისი აზრები, შედეგ ისწრაფოს ამ იდეების განხორციელებისკენ. ჩემს შვილებს ვაძლევ თავისუფლებას, მათ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ თავად გააკეთონ არჩევანი და განვითარდნენ იმ კუთხით.” – ამბობს ირმა.

 

 

რაზე ოცნებობ? – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დიდხანს ფიქრი არ სჭირდება. ოცნებობს დიდ სახლზე, ტერასითა და აუზით: „განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევ ეზოს. ლამაზი ეზო მინდა მქონდეს, ეზოში კი დიდი, ფუმფულა ძაღლი დარბოდეს. ძალიან მიყვარს ძაღლები. სახლში ახლაც გვყავს ინგლისური სეტერი, თუმცა ბინაში რთულია მოვლა და აივანზე უწევს ცხოვრება.” – ამბობს ირმა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ქეთი ლაბაძე