კვირის ამბები

“ვისაც არ ვიცნობ, იტყვიან: ერთი უჟმური გოგოაო”

31.03.2014 • 3044
“ვისაც არ ვიცნობ, იტყვიან: ერთი უჟმური გოგოაო”

 

 

 

„ჩემ თავს მუსიკოსს ვერ ვუწოდებ, მუსიკოსი ბევრად მეტია, ის რაღაც ახალს ქმნის, მე კი ჯერ ისეთი არაფერი შემიქმნია. ქავერ შემსრულებელი ვარ, სიმღერის პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ალტერნატიული როკი მომწონს, ბევრს ვერ წარმოვუდგენივარ როკშემსრულებლად, ალბათ ჩემი გარეგნობის გამო, თუმცა ეს ისაა, რისი შესრულებაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს. თავად “ბითლზების” ფანი ვარ, ჩემთვის მათი მუსიკა ყველაფერია. მეუბნებიან, რომ კონკურსებში უნდა მივიღო მონაწილეობა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამისთვის ჯერ მზად არ ვარ, ჯერ გავლენების ქვეშ ვარ, ერთადერთი ხმის ტემბრი მომწონს ჩემი, სხვა ყველაფერში დახვეწა მჭირდება, მუსიკას ინდივიდუალიზმი უყვარს.” – ამბობს მარიამ ქიქავა.

 

დიდი ხანია ეძებს პასუხს კითხვაზე, “ვინ ვარ?” ფიქრობს, რომ ბევრნაირი მარიამი არსებობს, ამბობს, რომ საკუთარი თავის ძიების პროცესშია. საკუთარი გრძნობების გამოხატვა არ უყვარს, ამის გამო ბევრი მეგობარი არ ჰყავს, უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე ლაპარაობს: „იმათ რომ ჰკითხოთ ჩემზე, ვისაც არ ვიცნობ ახლოს, გეტყვიან: მარიამი ერთი უჟმური გოგოაო. ამაყი ვარ და საკუთარი თავიც ძალიან მიყვარს, იმისთვის, რომ განვვითარდე მუდმივად სიახლეებს ვეძებ, ყველა აქტივობაში ვერთვები, რომლის შესახებაც ვგებულობ, ყველაფრიდან მაქსიმალურის მიღება მინდა.” – ამბობს მარიამი.

 

ექვსი წლის იყო, როცა მხატვრულ ტანვარჯიშში აჭარის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა: „თერთმეტი წელი დავდიოდი მხატვრულ ტანვარჯიშში, თუმცა მერე უარის თქმა მომიწია. სპორტს რომ გაყვე, სხვა არაფერი აღარ უნდა აკეთო, დიდი დრო და ენერგია სჭირდება. ფრენბურთზე მაინც დავდივარ. სკოლის პერიოდში მუსიკაზეც დავდიოდი, საფორტეპიანო სკოლა დავამთავრე, ამას გარდა – ცეკვაზეც. ბათუმში იყო პერიოდი, როცა ყველა მხარზე გიტარაგადაკიდებული დადიოდა, მეც მომინდა, პრაქტიკულია გიტარა, შეგიძლია კონკურსებზეც წაიღო.”

 


მის ცხოვრებას მაინც ორ ეტაპად ჰყოფს, სკოლამდელი და სკოლის შემდეგ: „სკოლის პერიოდში ჩაკეტილი ვიყავი, რამეში რომ მიმეღო მონაწილეობა, უნდა გებიძგა, ჩემი ჩაკეტილობის მიზეზი სათვალე იყო, სათვალის გამო არ უნდა მერბინა, ხეზე არ უნდა ავსულიყავი, იყო ქილიკიც… დედა მეუბნებოდა, რომ ამაზე არ უნდა მედარდა. რა თქმა უნდა, ახლა არ ვფიქრობ, რომ სათვალე მაუშნოებს, პირიქით.
უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ მივხვდი, რომ ცვლილებები მჭირდებოდა, ავდექი და თმები შევიჭერი ბიჭურად. მერე ვცდილობდი ხასიათის ცვლილებასაც, მგონი გამომივიდა.” – გვიყვება მარიამი.

 


მარიამი წყნეთში არსებულ ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში ლიდერად მუშაობს, მანამდე ფრანგულის ოლიმპიადაში გაიმარჯვა და ლონდონში წავიდა, სადაც ოცნება აისრულა – “სტოუნჰენჯი” ნახა: „ფრანგული სკოლა მაქვს დამთავრებული, ოლიმპიადაში გამარჯვების შემდეგ გამარჯვებულები წყნეთში, ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში წაგვიყვანეს. 150 ბავშვიდან ათი შეგვარჩიეს, სამი კი, ლონდონში გაგვიშვეს. საოცარი ისტორიები გადაგვხდა, სტოუნჰენჯში გადავწყვიტეთ წასვლა, ავტობუსის ბილეთი ავიღეთ და წავედით, აღმოჩნდა, რომ იქამდე მისასვლელად თანხის დამატება იყო საჭირო, ჩვენ ვიფიქრეთ ახლოს იქნება, ფეხითაც გავალთო, მაგისტრალზე მივდიოდით ფეხით, გზას კი დასასრული არ ჰქონდა. სამი საათის შემდეგ ბენზინგასამართ სადგურს მივადექით, სადაც გვითხრეს, ფეხით სად მიდიხართ. ოთხი საათის გზააო, ავტოსტოპით გაგვიჩერეს მანქანა, ჩვენ გვეშინოდა, ავტოსტოპზე იმდენი საშინელი ფილმი გვქონდა ნანახი. პოლონელი ბიჭი იყო მძღოლი, მიგვიყვანა, დაგველოდა, ჩვენთან ერთად პირველად მოინახულა სტოუნჰენჯი, მერე უკან წამოგვიყვანა.”

 


მარიამის მომავალი გეგმები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს უკავშირდება, მომავალი ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ ამ მხრივ ბევრი პრობლემა დღემდე აქტუალურია: „უკვე ვმუშაობ ამ მხრივ, საქველმოქმედო კონცერტებში ვმონაწილეობ, უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის კლუბის ხელმძღვანელი ვარ, 21 მარტს დაუნის სინდრომით დაავადებულთა საერთაშორისო დღეა, ვაპირებთ ამ ბავშვებს ვესტუმროთ და მათთან ერთად აღვნიშნოთ ეს დღე. სამწუხაროდ, ნაკლები სპეციალისტი გვყავს ამ სფეროში. მინდა ღრმად შევისწავლო ამ ბავშვების პრობლემები. გაცვლით პროგრამაში ვმონაწილეობ, სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებაზე ვფიქრობ, საბუთები უკვე შევიტანე, ამ მხრივ უფრო დიდი გეგმები მაქვს, სარეაბილიტაციო სკოლის დაარსებაც მინდა.”

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: