კვირის ამბები

სოციალურად დაუცველი ფეხმძიმე მოქალაქეობის გარეშე

31.03.2014 • 1409
სოციალურად დაუცველი ფეხმძიმე მოქალაქეობის გარეშე

ოქსანა საქართველოში ერთი წლის წინ ჩამოვიდა. მას 90-დღიანი ვიზა ჰქონდა. ყველა კანონიერი ვადა დიდი ხნის წინ ამოეწურა. ამ პერიოდში ოქსანამ ერთხელ უკვე გადაიხადა 250 ლარი და მიმართა საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის მიღების თხოვნით. უარი მიიღო. კატეგორიული უარი უთხრეს ოქსანას დროებით ბინადრობაზეც, მაგრამ ოქსანასთვის ხელი არ შეუშლიათ დაქორწინებულიყო საქართველოს მოქალაქეზე.
ოქსანა ზაიცევა ახლა საქართველოში უკანონოდ იმყოფება. „ღმერთმა დამიფაროს, ახლა პოლიცია რომ მოვიდეს – ამათ სულ ყველას დეპორტაციას გაუკეთებენ. კანონით ასეა“, – ამბობს სოსლანი.

ოქსანა და სოსლანი „ოცნების ქალაქში“, ანუ ხელვაჩაურში, ფარღალალა ქოხების დასახლებაში, 306-ე ნომერ ქოხში ცხოვრობენ. ამ ქოხში ორი საწოლი, ერთი ტახტი და ერთიც რკინის ღუმელი დგას. მათ კიდევ ერთი, უფრო პატარა ზომის ქოხი აქვთ, სადაც მხოლოდ ერთი ტახტი თავსდება. ოქსანას შვილებს -17 და 14 წლის ბიჭებს ამ ტახტზე სძინავთ. თავად ოქსანა სოსლანის მშობლებსა და ძმებთან ერთად ცხოვრობს, ანუ ქოხში, სადაც ორი საწოლი და ერთი ტახტი დგას, შვიდ ადამიანს სძინავს.

სოსლანი ამბობს, რომ მის მეუღლეს რთული ორსულობა აქვს. ისინი ექიმმა უკვე გააფრთხილა, რომ მშობიარობის დროს, ნებისმიერ შემთხვევაში საკეისრო კვეთა იქნება საჭირო. „გვითხრეს, რომ ჯერ ბავშვს ამოიყვანენ და მერე მოაშორებენ კისტას“, – ამბობს ოქსანას დედამთილი შურა თურაძე.
შურა თურაძის, ისე როგორც მისი შვილის ოჯახები სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არიან დარეგისტრირებული. სოსლანის მეუღლე საქართველოს მოქალაქე რომ ყოფილიყო, როგორც მის მშობიარობას, ისე ორსულისთვის ექიმთან სავალდებულო ნებისმიერ კონსულტაციას მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებდა. მის შემთხვევაში კი საქართველოს სახელმწიფოს არავითარი ვალდებულება არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქის მშობიარობა დააფინანსოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაბადებული ბავშვი საქართველოს მოქალაქე იქნება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „თუ ოქსანა მოიპოვებს საქართველოში დროებითი ბინადრობის უფლებას, ანუ თუ ექნება 11 ნიშნა კოდი, სახელმწიფო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარება მას, ანუ ჩასვამენ შესაბამის პროგრამაში. სხვა შემთხვევაში ვერავითარ დახმარებას სახელმწიფო უცხო ქვეყნის მოქალაქეს ვერ აღმოუჩენს“.

მაგრამ ოქსანას დასახმარებლად გზა გამონახეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. ამ სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ლიზი თედორაძემ „ბათუმელებს“ უთხრა: „აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და სამინისტროს პროგრამებით ფინანსდებიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები. შესაბამისად, ამ ქალბატონს ვერ გაეწევა ჩვენი პროგრამების ფარგლებში მომსახურება. მაგრამ სამინისტრო რომელიმე სამედიცინო დაწესებულებას, სადაც მსგავსი ოპერაციები ტარდება, სთხოვს, რომ ამ ქალბატონს გაუწიონ მომსახურება, ანუ საკეისრო კვეთა ქველმოქმედების სახით გაკეთდება რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში. ამ მოქალაქემ აუცილებლად უნდა მოგვმართოს ჩვენ წერილობით – დავიწყებთ საკითხის განხილვას და ვიდრე დადგება მისი საკეისრო კვეთის პერიოდი, პრობლემა მოგვარდება“.

სოციალურად დაუცველი ოჯახს ოქსანასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არსებული პრობლემების გადაჭრაც სჭირდებათ. მაგალითად, ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ოქსანას თითქმის ყოველ კვირას იბარებს ზედამხედველი ექიმი. „ყოველთვის ვერ მივდივართ. უცხო ქვეყნის მოქალაქე რომ არის, სიმაღლეში გაზომვაც კი ფასიანია – 20 ლარი ღირს. ერთი ასეთი შემთხვევაც მქონდა – სასწრაფო დახმარების გამოძახება დამჭირდა. როცა მონაცემებს იწერდა, ვუთხარი, რომ ოქსანა რუსეთის მოქალაქე იყო. 40 ლარი მოითხოვა ექიმმა, ისე ვერ წავალო. სანამ არ გავედი და მეზობლებისგან არ ვისესხე, ექიმი სახლიდან ვერ წავიდა“.

სოციალურად დაუცველი ფეხმძიმე მოქალაქეობის არქონის გამო დახმარებას ვერ იღებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: