Batumelebi | როგორ იქცევიან ცხოველები მონადირის დანახვისას – მონადირეების ნაამბობი როგორ იქცევიან ცხოველები მონადირის დანახვისას – მონადირეების ნაამბობი – Batumelebi
RU | GE  

როგორ იქცევიან ცხოველები მონადირის დანახვისას – მონადირეების ნაამბობი

 

საფრთხის მოახლოებისთანავე ცხოველები თავდასაცავად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მონადირე იმ ტერიტორიას უახლოვდება, სადაც მათი ნაშიერი იმყოფება. აი, რას ყვებიან მონადირეები. 

 

გიორგი გოგიბერიძე, რეჟისორი, მონადირე

 

მექვიშია ჩიტია, რომელიც ბუდეს ზღვის პირას იკეთებს. როდესაც მტაცებელი ფრინველი გამოჩნდება, დედა ჩიტი მისი ყურადღების გადასატანად, რომ მტაცებელმა ბარტყი არ მოძებნოს, მსახიობურ თამაშს იწყებს. ეს საოცარი სანახაობაა. დედა ჩიტი დაჭრილის პოზას იღებს და ცალ ფეხზე დახტუნავს, ფრთაჩამოგდებული დადის, ანუ აჩვენებს მას, რომ სუსტადაა და მისი დაჭერა შეიძლება. შემდეგ გადაფრინდება, გაიტყუებს მტაცებელს და ასე ნელ-ნელა მოაშორებს ბუდეს. მინახავს, პატარა მექვიშია როგორ ატყუებდა მიმინოს. ამ ჩიტის მსახიობური ნიჭის შედარება რომ მოვახდინოთ, სადღაც რამაზ ჩხიკვაძესა და კახი კავსაძეს შორის შეფასებას მივიღებთ.

 

ფრინველებს გამახვილებული აქვთ მხედველობის ორგანოები,  სმენის  ორგანოები კი იმდენად დაქვეითებული აქვთ, რომ თითქმის არ ესმით სროლის ხმა. თუკი საღია ფრინველი, სასროლ მანძილზე მონადირეს არ მიუშვებს.

 

ერთხელ ვინადირეთ იხვზე, ჩემმა ძაღლმა დიდხანს ეძება დაჭრილი იხვი, ოდნავ წინ წავიწიე და დავინახე, იხვი ჩემს ფეხთან იჯდა. მან თავის გადარჩენის ყველაზე კარგი საშუალება მოიფიქრა, აღარ მოძრაობდა. როგორც კი დავხედე, გაიქცა. ვცდილობ, ფრინველს არ ვესროლო ისეთ მანძილზე, რომ ვერ ვიპოვო.

 

 

ცხოველები ერთმანეთს მაქსიმალურად ინდობენ, არის შემთხვევები, როდესაც ორი მამრი ცხოველი ჩხუბობს, ძირითადად ეს ხდება მდედრის მოსაპოვებლად ან ტერიტორიების დასაცავად. ყველა ფრინველს, ცხოველს მისი ტერიტორია აქვს, რომელსაც ესა თუ ის ჯგუფი იცავს, რადგან იქ მოიპოვებს სარჩოს. მაგალითად, ქორი და მიმინო ყვავებს თავის ტერიტორიაზე არ უშვებენ. პირიქითაც ხდება, ხშირად გვაქვს ნანახი, როდესაც ბევრი ყვავი ერთად მისდევს ქორს ან მიმინოს. როდესაც ერთი სახეობის ფრინველები იბრძვიან, ხშირად შეიძლება ეს დამთავრდეს დიდი ჭრილობებით. ჩხუბის შემდეგ წაგებული აღიარებს მეორის უპირატესობას და მოგებული მას ანებებს თავს. არის შემთხვევა, როდესაც ორივე ბოლომდე იბრძვის.

 

 

სახელმწიფოს სავარგულებში ნადირი ნაკლებად შემოდის. გარკვეულწილად ეს ალბათ ადამიანის გაუმაძღრობისა და სიხარბის ბრალია. ცხოველზე ნადირობა შეიძლება ყოველდღე, მაგრამ ფრინველზე ნადირობა მხოლოდ შაბათ-კვირას და ორშაბათს. ასეთი იყო ტრადიცია და ეს დღემდე გრძელდება.

 

ხშირად მონადირეები გადამფრენ ფრინველებზე ნადირობენ. როდესაც ფრინველი მოდის, მონადირეს ღალატობს ნერვები, ვერ აკონტროლებს თავს. მე რამდენჯერმე მინახავს ადამიანის სისასტიკის შედეგი. ტრაქტორის ძარა სავსე იყო იხვით. ჩემი ნება რომ იყოს, ასეთი ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს, ის არის ბუნების მტერი. ამ შემთხვევაში დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ ღორსა და ადამიანს შორის. მგელი არასოდეს გაანადგურებს იმაზე მეტს, ვიდრე შეჭამს.

 

მონადირეები ორ ჯგუფად – მრეწველ და სპორტულ მონადირეებად იყოფიან. სპორტული მონადირე გართობისთვის ნადირობს. მე, ძირითადად, ფრინველზე ვნადირობ, ეს კარგია იმისთვის, რომ ფორმაში იყო, ბუნებაშიც გახვიდე და დაისვენო.

 

არსებობს მონადირის დაუწერელი კანონები. ნამდვილი მონადირე სათავეში მფრინავ ფრინველს არ ესვრის, ესვრის ჩამორჩენილებს. ჩამორჩენილი შედარებით სუსტია, წინა ფრინველები უფრო ჯანსაღები არიან.

 

მსმენია სხვა მონადირეებისგან, რომ დათვი არასდროს ესხმის თავს ადამიანს, თუკი ახლოს ბელები არ ჰყავს. ხშირ შემთხვევაში ის იპარება, გარბის, მას ეშინია ადამიანის. რასაც ვერ ვიტყვით გარეულ ღორზე. ღორი თავს ესხმის მაშინაც კი, როცა გაქცევის შანსი აქვს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ისიც გარბის.

 

შველზე ნადირობა ყველა ქვეყანაში აკრძალულია, მაგრამ ჩვენთან არის რაღაც პერიოდში ნებადართული სპეციალური ლიცენზიებით.

 

მე არ მინადირია და არც ვინადირებ შველზე. გამიგია, რომ როცა შველი  კვდება, მას ცრემლი მოსდის. მე ვფიქრობ, ეს პირდაპირი მნიშვნელობით ცრემლი არ არის, შველი და კენტჩლიქოსნები ნიშნავენ ტერიტორიებს საცრემლე პარკების საშუალებით, მტაცებლები ნიშნავენ შარდით, მტაცებლების რაღაც ნაწილი, მაგალითად, ვეფხვი ბრჭყალით, ბეწვით. ბეწვს ეხახუნებიან და ამით ნიშნავენ სასაზღვრო ზონას. სიკვდილის წინა პერიოდში, როგორც ჩანს, ორგანიზმში ხდება დისბალანსი და შველს საცრემლე პარკიდან მოსდის სითხე.

 

 

რომა ჯიქია, აჭარის მონადირეთა  და მეთევზეთა კავშირის პრეზიდენტი

 

გასულ წელს თურქეთის ტერიტორიაზე, შავშეთში, წავედით ტახებზე სანადიროდ. როგორც წესი, ტახს აქვს თვისება, ის მონადირის კვალში დგება, მისდევს და თავს ესხმის მას. ეს ჰგავს ორი გონიერი არსების ბრძოლას.  

 

ჩვენც გვქონდა ანალოგიური შემთხვევა, 20 მეტრში უკვე მოახლოებული იყო ტახი, ძაღლებმა შეამჩნიეს და ფაქტობრივად, გადაგვარჩინეს. 

 

 

ძალიან საინტერესოა მაჩვზე ნადირობაც, რადგან მას სოროში ორი ან სამი გასასვლელი მაინც აქვს და ორი ან სამი დღე მაინც უნდა იჯდეს მონადირე საფარში, რომ მაჩვი მოკლას. მაჩვის ქონი ძალიან სასარგებლოა, მას უფრო სამედიცინო თვალსაზრისით გამოიყენებენ.

 

ერთხელ დათვი და მისი ბელი შეგხვდა. დათვი როგორც კი მონადირეს ხედავს, ამ დროს ერთი ხელით ბელს იხუტებს, მეორეთი კი თავზე იფარებს და ჩერდება.

 

სხვათა შორის, ისიც მინახავს, როგორ ბერტყავს დათვი ნიგოზს, ძალიან საინტერესო მსვლელობაა, გეგონება ხუთი ვაჟკაცია ხეზე გასულიო. შემდეგ ტეხავს ამ ნიგოზს და ჭამს. როგორც ადამიანი, ისე არჩევს დათვი ნიგოზს.

 

 

გვქონდა შემთხვევა, როცა მონადირე ძაღლი იხვებს გვიმალავდა, რამდენიც მოვკალით, ყველა ისე დამალა ძაღლმა, რომ ვერსად ვიპოვეთ. შემდეგ გამოირკვა, რომ ეს ძაღლი უფრო ბუნების დამცველი იყო, ვიდრე მონადირე.

 

 

ცხოველს შეტყუებაც უყვარს. გიტყუებს, როდესაც ახლო ჰყავს შვილი. ის თანდათან უმატებს ტემპს და შეიძლება 20 კილომეტრი ისე გაგატაროს, რომ ვერ გაიგო რა შორს წასულხარ. ასეთი შემთხვევა მქონდა ბახმაროს ტყეში. 

 

როდესაც ცხოველების ჯგუფი გადაადგილდება და ერთს ექმნება რაიმე პრობლემა, რაღაც პერიოდის განმავლობაში ჯგუფი ელოდება მას. ასაკთან ერთად მონადირეები სენტიმენტალურები ხდებიან, ვიცნობ რამდენიმეს, რომლებსაც უკვე ჩამოვარდნილი ფრინველის მიმართ სინანულის გრძნობა უჩნდებათ. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე