Batumelebi | ტერორიზმი თუ რელიგიური ნიშნით დევნა – სასამართლო პროცესიდან ტერორიზმი თუ რელიგიური ნიშნით დევნა – სასამართლო პროცესიდან – Batumelebi
RU | GE  

ტერორიზმი თუ რელიგიური ნიშნით დევნა – სასამართლო პროცესიდან

 

განსასჯელები: ფირუზ წულუკიძე, თემურ ბახუნტარიძე, იუსუფ ლაკაევი (ლაკაევი სასამართლო სხდომას არ ესწრება).

პროკურორი: ლადო თურმანიძე

ადვოკატები: ირაკლი შავაძე, გიორგი ხიმშიაშვილი, გია ტაბლიაშვილი

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი

სავსე დარბაზში ოცამდე ბადრაგია: ზოგი ნიღაბშია და ავტომატი აქვს ხელში. მოსამართლე შემოდის, ყველა ფეხზე დგება. არ დგება თემურ ბახუნტარიძე.

მოსამართლე: ბატონო თემურ, გთხოვთ ადგეთ ფეხზე.

თემურ ბახუნტარიძე: რატომ, ვალდებული ვარ?

მოსამართლე ერთი წუთის განმავლობაში ითხოვს განსასჯელისგან ფეხზე ადგომას. ბოლოს ყველას ადგომის ბრძანებას იძლევა. თემურ ბახუნტარიძეც ფეხზეა.

სხდომა იწყება. მოსამართლე განმარტავს, რომ რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევი უარს ამბობს სახელმწიფოს მიერ დანიშნულ ადვოკატზე, მამუკა ზოიძესა და ასევე ადვოკატ კობა ჯაბუაზე. თავად ლაკაევი ავადმყოფობის გამო სასამართლო სხდომას არ ესწრება. ის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული.

პროკურორი შს სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკითხვის მონაკვეთის დახურვას ითხოვს. მათ შორისაა კონტრდაზვერვის უფროსი აჭარაში. პროკურორის არგუმენტი: შსს მაღალი თანამდებობის პირები სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ფლობენ. ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი პროკურორს არ ეთანხმა. მისი აზრით, ამ ადამიანების ჩვენება საჯარო უნდა გახდეს, რადგან 1. ჩვენება არ არის გრიფით საიდუმლო 2. არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. გიორგი ხიმშიაშვილის ვარაუდით, პროკურორს სხდომის დახურვა იმისთვის სჭირდება, რომ ბრალდებულები საზოგადოებისთვის საშიშ პირებად წარმოაჩინოს.

მოსამართლე სხდომას არ ხურავს.

დაკითხეს ანტიტერორისტული სამსახურის თანამშრომელი, 1982 წელს დაბადებული იაგო დავითაძე, რომელმაც რელიგიური ფიცი დადო. მან მოსამართლეს უთხრა, რომ 2013 წლის 13 სექტემბერს თემურ მახარაძემ (უფროსი)უბრძანა: ბათუმის ქუჩებში თეთრი ფერის ავტომანქანით სამი მამაკაცი გადაადგილდება, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე. დაადგინე მათი ვინაობა.

დავითაძემ და კოლეგა იოსებ მემარნემ ბათუმში მოძრაობა ერთად დაიწყეს. სწორედ მემარნეს უთქვამს დავითაძისთვის, რუსეთის მოქალაქე თურქეთში რომ აპირებდა არალეგალურად გადასვლას.

დავითაძე მოყვა, როგორ შეამჩნია პუშკინისა და გრიბოედევოს ქუჩების კვეთაში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. პატრულის თანამშრომელი იუსუფ ლაკაევს ელაპარაკებოდა. „მე სამოქალაქო ფორმაში ვიყავი, წელში იარაღი მედო. როცა მათი მიმართულებით წავედი, ლაკაევმა ერთი ნაბიჯი უკან გადადგა და ჩემი მიმართულებით ისროლა. დავიჭერი მკლავში, მემარნე მას დაედევნა, საპატრულო პოლიციელმა წამიყვანა საავადმყოფოში. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ის იყო ტერორისტი და იძებნებოდა, წულუკიძე და ბახუნტარიძე კი მას ეხმარებოდნენ“, – თქვა დავითაძემ. ვისგან გაიგო დავითაძემ ლაკაევის ტერორისტობის შესახებ? – ამბობს, რომ „მთელი პრესა მაგას ამბობდა„. დავითაძემ ისიც თქვა, რომ „სპეცოპერაცია არ იყო დაგეგმილი“.

პატრულის თანამშრომელმა ჯუმბერ ჭინჭარაძემ სასამართლოში არარელიგიური ფიცი დადო. ის მოყვა იმაზე, თუ როგორ უთხრა ლაკაევმა, საბუთები თითქოს სასტუმროში რომ დარჩა; სწორედ ამ დროს მათ მიუახლოვდა იაგო დავითაძე, რომელსაც ლაკაევმა ესროლა. ჯინჭარაძემ თქვა, რომ ლაკაევს თვითონაც ესროლა.

მერაბ ჯაფარიძემ პოლიციელმა სასამართლოში თქვა, რომ ანტიტერორისტული სამსახურის თანამშრომელს, იაგო დავითაძეს, სამსახურებრივი ქურთუკი ეცვა.

პოლიციელების ჩვენებას განსასჯელი თემურ ბახუნტარიძე გამოეხმაურა: „ბატონო მოსამართლევ, გთხოვთ, ნუ მირევთ გონებას თქვენი რეპლიკებით… დღეს ვინც რელიგიური ფიცი დადო სასამართლოს წინაშე, იმან იცრუა, ვინც არარელიგიური ფიცი დადო, იმან სიმართლე ილაპარაკა… მე ერთი რამ მინდა ბატონო მოსამართლევ, თქვენი სახე მინდა დავინახო, როცა ღმერთის სამსჯავროზე წარდგებით“.

თემურ ბახუნტარიძე და ფირუზ წულუკიძე, ასევე რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევი, 2013 წლის 13 სექტემბერს გვიან ღამით დააკავეს. დადგენილია, ლაკაევი საქართველოს საზღვარზე არალეგალურად გადმოვიდა. ჩეჩენი წარმოშობის ლაკაევის გადაცემა უკვე ითხოვა რუსეთის სახელმწიფომ. რუსული მედიის ცნობით, ლაკაევმა 9 სექტემბერს სოხუმში რუსი დიპლომატი, დმიტრი ვიშერნიოვი მოკლა.

თემურ ბახუნტარიძე ამბობს, რომ მისთვის უცნობი ლაკაევის მასპინძლობა მეგობრებმა სთხოვეს თურქეთიდან. ბახუნტარიძე ამტკიცებს, რომ მას რელიგიური ნიშნით სდევნიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა