Batumelebi | ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, დიდი წარსულისა და პოტენციის მქონე ფაკულტეტია.

უნივერსიტეტი

უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალით, ფაკულტეტზე არჩეულია 70 პროფესორი (19 – სრული, 35 – ასოცირებული და 16 – სისტენტ პროფესორი). ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ახორციელებს სამივე საფეხურის, – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, – საგანმანათლებლო პროგრამებს.

ფაკულტეტზე მოქმედებს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები:

ბაკალავრიატი:

ქართული ფილოლოგია
რუსული ფილოლოგია
თურქული ფილოლოგია
ინგლისური ფილოლოგია
გერმანული ფილოლოგია
ფრანგული ფილოლოგია
ისტორია
თურქეთისმცოდნეობა
ფილოსოფია
თარგმანმცოდნეობა

ბაკალავრიატის ორი საგანმანათლებლო პროგრამა, – ქართული ფილოლოგია და ისტორია, – სრულ სახელმწიფო დაფინანსებას იღებს.

აღსანიშნავია, რომ ყველა დეპარტამენტი მუშაობს ახალ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რაც ფაკულტეტს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანსა და მიმზიდველს გახდის მომავალი აბიტურიენტებისათვის.

საგანგებოდ მინდა შევჩერდე ევროპეისტიკის დეპარტამენტის ახალ საბაკალავრო პროგრამაზე, რომელზე მუშაობაც უკვე დასრულებულია. ესაა ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა ინგლისურ ფილოლოგიაში. ამ პროგრამის შექმნის აუცილებლობა, უპირველეს ყოვლისა, განაპირობა სწავლების ინტერნაციონალიზაციამ: ბოლო წლებში ფაკულტეტზე გაიზარდა უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა (თურქეთი, საბერძნეთი, რუსეთი და სხვ.), რომლებიც არ ფლობენ ქართულ ენას; ასევე, ყოველწლიურად გაცვლითი პროგრამების ფარგლებში გვყავს უცხოელი სტუდენტები (ერთი ან ორი სემესტრით). სწორედ მათი ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა და ამოქმედდება ინგლისურენოვანი პროგრამა.

ვფიქრობთ, ჩვენი რეგიონის თავისებურებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ჩვენს უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების განვითარება, კერძოდ, თურქეთთან, ირანთან, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (ისტორია, ლინგვისტიკა, ლიტერატურის ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ფოლკლორი და ა.შ.) საერთო სამეცნიერო-კვლევითი პროექტების, ექსპედიციებისა და ა.შ. განხორციელება (ამ ქვეყნებში ისტორიულად ქართული წარმოშობის მოსახლეობის არსებობის გათვალისწინებით), ასევე საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობა: გაცვლითი პროგრამები, სტუდენტთა მოზიდვა ჩვენს უნივერსიტეტში.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებია:

  • ლინგვისტიკა (ქართული ენა, რუსული ენა, 
  • თარგმანმცოდნეობა);
  • ლიტერატურის თეორია და ქართული 
  • ლიტერატურათმცოდნეობა;
  • ევროპეისტიკა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული 
  • ფილოლოგია, ტრანსლატოლოგია, ბრიტანული და 
  • ამერიკული ლიტერატურა);
  • ისტორია;
  • ეთნოლოგია;
  • შავიზღვისპირეთისა და კავკასიის არქეოლოგია

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებია:

  • ლინგვისტიკა
  • ლიტერატურათმცოდნეობა
  • ისტორია
  • არქეოლოგია

ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამების კონკურენტუნარიანობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მიმდინარე წელსაც აღნიშნულ პროგრამებზე მისაღებმა გამოცდებმა კონკურსის პირობებში ჩაიარა.

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფუნქციონირებს წლების განმავლობაში, საქართველოში სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ბაზაზე შექმნილი ცენტრები და კაბინეტები – ამერიკანისტიკის ცენტრი, თურქოლოგიის ცენტრი, ანგლისტიკის, რომანისტიკისა და გერმანისტიკის, ასევე კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის კაბინეტები. ეს სასწავლო კაბინეტები აღჭურვილია სპეციალიზებული ბიბლიოთეკებითა და თანამედროვე ტექნიკით, რაც დიდ დახმარებას უწევს როგორც სტუდენტებს, ასევე პროფესორ-მასწავლებლებს მათ საქმიანობაში.

თანამედროვე უნივერსიტეტში განუყოფელია სწავლება და მეცნიერული კვლევა. მხოლოდ მათი წარმატებული სიმბიოზის შემთხვევაში შეგვიძლია ვისაუბროთ ძლიერ და თანამედროვე უნივერსიტეტზე. ფაკულტეტზე სამეცნიერო კვლევების გაზრდას ხელს შეუწყობს სადოქტორო კვლევების განხორციელება და მეცნიერული კვლევების პუბლიკაცია მაღალრეიტინგულ გამოცემებში. ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობენ ეროვნულ და საერთაშორისო საგრანტო პროექტებში.

ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების წარმატებულად ორგანიზების ტრადიცია (ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში (2009), სემიოტიკის პირველი სამეცნიერო კონფერენცია (2010), ბიზანტინოლოგია საქართველოში – 2 (2007) და – 4 (2013), საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში- 1(2010) და – 2 (2012) და სხვ.), რაც მომავალშიც გაგრძელდება და ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევების განვითარებასა და ფაკულტეტის პოპულარიზაციას.

 

ჩვენი უნივერსიტეტის პოტენციური შესაძლებლობების, ასევე მისი გამორჩეული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, პერსპექტიულია ფაკულტეტზე საზაფხულო სკოლების პროექტების განხორციელება, რაც უკავშირდება ტრიმესტრული სწავლების პრინციპის დანერგვას. ამ მიმართულებით უკვე გვაქვს გარკვეული შედეგები და სამომავლო გეგმები: კერძოდ, წარმატებით მუშაობს ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლა (გერმანიის უნივერსიტეტებთან ერთად), რომლის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულნი ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მაგისტრანტები, დოქტორანტები.

რამდენიმე წელია წარმატებით მუშაობს დოქტორანტთა საზაფხულო სემინარი „დაად” – ის ფონდთან თანამშრომლობით.

სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს საზაფხულო სკოლის პროექტის განხორციელება სხვა მიმართულებებითაც.

სტუდენტები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული სწავლებისა და კვლევის პროცესების წარმართვაში, რაც ხელს შეუწყობს მათ სოციალურ, გონებრივ და ემოციურ განვითარებას. სტუდენტი არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ სწავლების ობიექტად, არამედ უნდა გამოიკვეთოს მისი, თანასწორი მონაწილეობა როგორც სასწავლო, ისე კვლევით პროცესებში. როცა ვსაუბრობთ სტუდენტზე ორიენტირებულ უნივერსიტეტზე, მხედველობაში სტუდენტთა მრავალმხრივი ინტერესების დაკმაყოფილება უნდა გვქონდეს. ჩვენი ფაკულტეტი ყოველთვის გამოირჩეოდა სტუდენტთა ღონისძიებების სიმრავლით. ამ დღეებში, ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ინიციატივით, ვიწყებთ ფართომასშტაბიან ჰუმანურ აქციას, ვაბარებთ სისხლს ბათუმის სისხლის ბანკს.

სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, სწავლების ინტერნაციონალიზაციის განვითარებისათვის, საერთაშორისო განათლების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით, სისტემატურად იმართება გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების პრეზენტაციები (ევროპული განათლების დღე, ამერიკული განათლების დღე, შემოქმედებითი წერის კონკურსები და ა.შ.).

აქვე შევნიშნავთ, რომ სტუდენტთა სოციალური მხარდაჭერის მიზნით, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ხელფასის 1%-ს ყოველთვიურად რიცხავენ სოციალურად დაუცველ სტუდენტთა დახმარების ფონდში.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძლიერი მხარეებია:

  • სტუდენტთა სტაბილური რაოდენობა;
  • აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების მრავალფეროვნება;
  • გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობები;
  • დამსაქმებელთა ინტერესი;
  • სამეცნიერო პოტენციალი, 
  • წარმატებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა;
  • კომპეტენტური სამეცნიერო-პედაგოგიური კადრები.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს აქვს შესაბამისი აკადემიური პოტენციალი და რესურსები, რომ დასძლიოს სირთულეები და განახორციელოს დასახული მიზნები, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის წარმატებით განხორციელებას და, ამის საფუძველზე, მომავალი თაობის კონკურენტუნარიან სპეციალისტად აღზრდასა და ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბებას.

ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი

ძვირფასო აბიტურიენტებო!

თქვენ გეძლევათ შანსი ქართული ფილოლოგიის სპეციალობაზე სწავლით მშობლიურ ქალაქში მიიღოთ სრულყოფილი განათლება და ეზიაროთ ჰუმანიზმის, დემოკრატიის პრინციპებს, ისწავლოთ ადამიანური ურთიერთობები, რაც მოგცემთ პროგრესულ და თავისუფალ პიროვნებებად ჩამოყალიბების გარანტიას.

არ გაუშვათ ხელიდან შანსი, ისწავლოთ ქართულ ფილოლოგიის სპეციალობაზე სრული სახელმწიფო დაფინანსებით. სრულყოფილი განათლება და უფასო სწავლა, მინიმალური დანაზოგი და მაქსიმალური სარგებელი _ ეს ყველაზე ხელსაყრელი ინვესტიციაა მომავლის გონივრულად დასაგეგმავად.

ნანა ცეცხლაძე, ასოცირებული პროფესორი, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი 

 

 

ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტი

 


ჩვენი დეპარტამენტი ერთ-ერთი წარმატებული დეპარტამენტია უნივერსიტეტში. დღეისათვის დეპარტამენტში ფუნქციონირებს ისტორიისა და თურქეთისმცოდნეობის სპეციალობების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის) და არქეოლოგიის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამები.

ჩვენი რეგიონის თავისებურებების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების განვითარება, სადაც გაერთიანდება თურქეთისმცოდნეობისა და თურქული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამები.

ისტორიისა და თურქეთისმცოდნეობის სპეციალობების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევით თქვენ ირჩევთ წარმატებულ მომავალს.

 

ემზარ მაკარაძე, პროფესორი, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

 

 

ფილოსოფიის დეპარტამენტი

 

 ჩვენი მიზანია დავეხმაროთ სტუდენტ-ახალგაზრდობას თანამედროვეობის გამოწვევების გაცნობიერებასა და თანამედროვე აზროვნების ძირითადი პარადიგმების ინტერდისციპლინარული ანალიზის აუცილებლობის გააზრებაში. დეპარტამენტის ამოცანაა სტუდენტის აზროვნებისა და ლოგიკური მსჯელობის, დისკუსიაში მონაწილეობისა და დიალოგის კულტურის უნარის გაუმჯობესება, მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბება, სტუდენტის მიერ თანადროული სამყაროს ძირითადი მენტალური მოთხოვნების შეფასება და თეორიული ცოდნის გამოყენება ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტისას.

ლალი ანთიძე, ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

 

 

ევროპეისტიკის დეპარტამენტი

 
ევროპეისტიკის დეპარტამენტი, რომელშიც შედის სამი ძირითადი პროგრამა: ინგლისური ფილოლოგია, ფრანგული ფილოლოგია და გერმანული ფილოლოგია, ერთ-ერთი წარმატებული დეპარტამენტია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქ მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც სტაჟირებას გადიან უცხოეთის უნივერსიტეტებში, მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და გრანტებში. ისინი ზრუნავენ სტუდენტების ცოდნის გაღრმავებაზე, მათი პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე. ეს საშუალებას აძლევს სტუდენტებს დასაქმდნენ შრომით ბაზარზე და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში. ფრანგული და ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების კურსდამთავრებულებს აჭარის განათლების სამინისტროს „ევრო-ოდისეის” პროგრამა სთავაზობს სტაჟირებას, დასაქმებას ევროპის ქვეყნებში. დეპარტამენტის მაღალ რეპუტაციაზე მეტყველებს უცხოელი სპეციალისტების მიერ აქ მომუშავე პროფესორების კვალიფიკაციის მაღალი შეფასება.

 

ირინე გოშხეთელიანი, პროფესორი, ევროპეისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

 

სლავისტიკის დეპარტამენტი


ევროპულ სივრცეში საქართველოს ინტეგრაცია ახალგაზრდობას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს: თანამედროვე კონკურენტუნარიანი სპეციალისტი მშობლიურთან ერთად ორ ან სამ უცხო ენასა და მთარგმნელობით უნარ-ჩვევებსაც უნდა ფლობდეს. საქართველოს ეკონომიკური განვითარების საქმეში, ტურიზმისა და ბიზნესის სფეროში დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სლავური ენის ცოდნა, რადგან სლავური ქვეყნები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ, სლავურ ენებზე 400 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს. სლავისტიკის დეპარტამენტი ამ უნარ-ჩვევების დაუფლებაში დაგეხმარებათ.

ჩვენთან მეგობრული და ამავე დროს პროფესიონალური გარემოა. ჩვენი სტუდენტები პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებში, რომლებიც იმართება საქართველოსა და უცხოეთში; მონაწილეობენ სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში არა მხოლოდ სლავურ ქვეყნებში.

ისწავლეთ ჩვენთან და ჩვენ დაგეხმარებით ცოდნის შეძენაში, გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, გპირდებით, რომ კარგ სპეციალისტებად, პროფესიონალებად ჩამოყალიბდებით.  

ქეთევან სვანიძე, ასოცირებული პროფესორი, სლავისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

 

 

ქართველოლოგიის ცენტრი

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ქართველოლოგიის ცენტრი (ყოფილი ქართველოლოგიის ინსტიტუტი), რომლის კვლევის ძირითადი მიმართულებაა ჭოროხის აუზის “ქვეყნების” – აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ტაო, სპერი და მუჰაჯირთა შთამომავლების – ყოფისა და კულტურის კვლევა.

ცენტრის თანამშრომლები ამჯერად მუშაობენ ორ სამეცნიერო პროექტზე: “მუჰაჯირები” და “კლარჯეთი”.

ცენტრი ყოველწლიურად აწყობს კომპლექსურ ექსპედიციებს (დღემდე მოეწყო 15 ექსპედიცია) “ჭოროხის ქვეყნებში” და მუჰაჯირთა შთამომავლებით დასახლებულ სოფლებში თურქეთის რესპუბლიკის შიდა რეგიონებში, ყოველწლიურად ატარებს შემაჯამებელ კონფერენციას (ჩატარდა 11 კონფერენცია), კვლევის შედეგები იბეჭდება გამოცემაში “კრებული”. ექსპედიციებსა და კვლევით საქმიანობაში ჩართული არიან სტუდენტებიც, უმეტესად მაგისტრანტები და დოქტორანტები.

ცენტრს სამეცნიერო მიმოქცევაში ფოლკლორულ-დიალექტოლოგიურ და ეთნოლოგიურ მასალებთან ერთად შემოაქვს ოსმალური აღწერის მასალები, რაც მნიშვნელოვანი წყაროა ოსმალობისდროინდელი სამხრეთ საქართველოს ისტორიული სურათის აღსადგენად. ქართველოლოგიის ცენტრი ჰუმანიტარული კვლევების მნიშვნელოვანი კერაა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

 პროფესორი მამია ფაღავა

 

 

 სტუდენტები ჰუმანიტარული ფაკულტეტის შესახებ 

 კახაბერ ქამადაძე, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის არქეოლოგიის სპეციალობის დოქტორანტი: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2005 წელს ჩავირიცხე, ისტორიის სპეციალობაზე. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ სწავლა გავაგრძელე მაგისტრატურაში საქართველოს ისტორიის სპეციალობით. 2012 წლიდან ჩავირიცხე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არქეოლოგიის სპეციალობის სადოქტორო პროგრამაზე. ჩემი სამეცნიერო ინტერესების სფერო გახლავთ შუა საუკუნეების ისტორიისა და არქეოლოგიის საკითხები. იმედი მაქვს, დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან და სადოქტორო პროგრამასაც წარმატებით გავართმევ თავს.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ყველა პროფესორ-მასწავლებელს, განსაკუთრებით ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოლოგიის დეპარტამენტში მოღვაწე ადამიანებს ჩვენ მიმართ გაწეული ღვაწლისთვის.

მეგი მანველიძე, თურქეთისმცოდნეობის სპეციალობის III კურსის სტუდენტი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1995 წლიდან არსებობს თურქეთისმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. უკვე მესამე წელია საბაკალავრო განათლებას ვიღებ აღნიშნულ მიმართულებაზე, ვეუფლები როგორც ისტორიულ, ასევე ლინგვისტურ განათლებას, ვსწავლობ თურქულ, არაბულ და ოსმალურ ენებს. პროგრამის ფარგლებში გავიარე პრაქტიკული კურსები თურქულ ენაში სამსუნსა და სტამბულში.

ამ მიმართულებით ყველა პირობაა იმისა, რომ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებამ სათანადო ადგილი დაიკავოს უნივერსიტეტის ცხოვრებაში.

ანა დიასამიძე, ინგლისური ფილოლოგიის IV კურსის სტუდენტი: ბათუმის უნივერსიტეტში სწავლა საინტერესო გამოცდილება იყო და არის ჩემთვის. უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩავირიცხე და მოვხვდი სასურველ ფაკულტეტზე. ყველაზე საინტერესო ჩემთვის პირველი წელი იყო, როდესაც ზოგად კურსებს გავდიოდი. გავეცანი ფილოსოფიას, კულტურის ისტორიას, საქართველოს ისტორიას, ანტიკურ ლიტერატურას, რისი მეშვეობითაც მნიშვნელოვანი ზოგადი განათლება მივიღე. ასევე ამ წლების მანძილზე შევისწავლე დასავლეთ ევროპული, ანგლო-ამერიკული ლიტერატურა, წავიკითხე უამრავი წიგნი, რითაც გავიფართოვე მსოფლმხედველობა და რამაც დიდი როლი ითამაშა ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებაში. უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა საშუალებას მაძლევს მონაწილეობა მივიღო გაცვლით პროგრამებში და ევროპის წამყვანი სასწავლებლის მაგისტრატურის სტუდენტი გავხდე.

გიორგი დიასამიძე, რუსული ფილოლოგიის II კურსის სტუდენტი:“რუსული ფილოლოგიის” სპეციალობაზე, სადაც მე ვსწავლობ, პროფესორ-მასწავლებელთა ძლიერი შემადგენლობაა. მე ავირჩიე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი იმიტომ, რომ ვიცი, მე აქ მივიღებ სათანადო განათლებას. ეს არის კარგი ადგილი, რათა გავაძლიერო არა მარტო ჩემი ცოდნა, არამედ გავიმდიდრო ჩემი სულიერი სამყაროც, რადგან მე ამ უნივერსიტეტში მაქვს ურთიერთობა პროფესიონალ ადამიანებთან. ეს კი შემძენს მეტ ცოდნას და გამოცდილებას, რაც დამეხმარება გავხდე საზოგადოეის ღირსეული წევრი.

თინიკო პაპიძე, ქართული ფილოლოგიის IV კურსის სტუდენტი: ბათუმის უნივერსიტეტში, ქართული ფილოლოგიის სპეციალობაზე სწავლა ჩემი ისეთი არჩევანია, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა. ძნელია ამომწურავად ვისაუბრო ადამიანებზე, რომლებმაც ასეთი ძლიერი გავლენა მოახდინეს ჩემზე, დიდი ძალისხმევით, მონდომებითა და სიყვარულით გადმოგვცეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ _ ცოდნა. ბედნიერი ვარ, რომ ყველა ლექტორი, რომელიც მასწავლის, დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს. აქ გატარებული სტუდენტობა ნაყოფიერი, მრავლისმომცემი და საინტერესოა; ჩვენთან ყველა პირობაა კარგი სწავლისთვის: ხელმისაწვდომი სახელმძღვანელოები, პროფესიონალურად შედგენილი სილაბუსები, ელექტრონული სასწავლო კურსები, საინტერესო ლექციები…

ბათუმის უნივერსიტეტში გატარებული წლები საუკეთესოა არა მარტო ცოდნის გასაღრმავებლად, არამედ ადამიანური ურთიერთობების სასწავლადაც. ველოლიავები დარჩენილ სტუდენტურ დღეებს. გახდით ბსუ-ს სტუდენტები და მიაღწევთ წარმატებებს.

მინდია ცეცხლაძე, ფილოსოფიის სპეციალობის I კურსის სტუდენტი:როდესაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი, დიდხანს ვყოყმანობდი, თუ რომელი სპეციალობა ამერჩია ჰუმანიტარული მიმართულებით. თავდაპირველად, მინდოდა ინგლისური ენის სპეციალისტი გავმხდარიყავი, თუმცა შემდეგ მტკიცედ გადავწყვიტე ფილოსოფოსობა. ამაში ძალიან დამეხმარა სასწავლო კურსი „ფილოსოფიის შესავალი” და მისი წამყვანი პროფესორები, მანამდე საერთოდ არ ვიცოდი, თუ რას ნიშნავდა ფილოსოფია და ფილოსოფოსობა. სწორედ ამ კურსით მიღებულმა ცოდნამ მომცა სტიმული და შესაძლებლობა დავდგომოდი ფილოსოფიის შესწავლის რთულ გზას. დღეს უკვე ფილოსოფია ჩემთვის განსაკუთრებული ღირებულების საგანია და ბევრს ახალს და საინტერესოს სამომავლოდაც ველოდები მის უსასრულო ლაბირინთებში.

ლანა ბურკაძე, არქეოლოგიის სპეციალობის II კურსის მაგისტრი: ჩემი ურთიერთობა ბათუმის შოთაა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც ჩავაბარე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობაზე. ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე ვმონაწილეობდი სხვადასხვა არქეოლოგიურ თუ ეთნოლოგიურ ექსპედიციებში, კონფერენციებსა თუ სემინარებში, როგორც ჩვენს უნივერსიტეტში, ასევე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. უნდა აღინიშნოს ლექტორების თბილი და უშუალო დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს იყოს უფრო თავისუფალი და თავდაჯერებული. უნივერსიტეტი ასევე იძლევა საშუალებას აქტიურად იყო ჩართული უნივერსიტეტის მართვაში, დაგეგმო და განახორციელო შენთვის საინტერესო პროექტები. ყოველივე ამან განაპირობა ის, რომ ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ მაგისტრატურაც ჩემს საყვარელ უნივერსიტეტში გავაგრძელე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
რეკლამა