„ვფიქრობ, სტალინმა დიდი ცოდვა ჩაიდინა“


 

 

დიდი ბოროტების წლები

 

აიშე გოგიტიძე ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე ცხოვრობს. ის 86 წლისაა. სტალინური რეპრესიები მის ოჯახსაც შეეხო, გადაასახლეს მისი მეუღლე რემზი სეიდიშვილი, მაზლი და დედამთილ-მამამთილი. „მე და ჩემს შვილებს გადასახლება არ შეგვეხო. ვერ გეტყვით რატომ. ჩემი მამამთილი ბოლშევიკების მხარდამჭერ პროკლამაციებს ავრცელებდა, მაგრამ მაინც გადაასახლეს… შვიდი წლის შემდეგ კი უთხრეს, რომ `შეცდომით მოხდა მისი გადასახლება“.

 

რემზი სეიდიშვილი და მისი ძმა მეზღვაურები იყვნენ, მათი მამა კი, მენთეშევის ქარხანაში მუშაობდა. ისინი 1949 წელს ყაზახეთში გადაასახლეს. „ზამთარი იდგა, ბათუმში უჩვეულო თოვლი იყო. საღამოს მეუღლის დაბრუნებას ველოდი, მაგრამ არ დაბრუნდა. სამსახურიდან აიყვანეს. დედამთილ-მამამთილი კი სახლიდან წაიყვანეს. ჩემს მეუღლეს მცირეწლოვან შვილებთან დამშვიდობების უფლებაც კი არ მისცეს. მათაც ისევე არაადამიანურად ექცეოდნენ, როგორც სხვებს, ვინც გადასახლებაში წაიყვანეს. სატვირთო მანქანებში შეყარეს და მძიმე გზას გაუყენეს“.

 

აიშე გოგიტიძე ოჯახის წევრების ნაამბობს იხსენებს: „ვაგონში გაუსაძლისი პირობები, უჰაერობა და სრული ანტისანიტარია ყოფილა. თითოეული იქ მყოფის ოცნება გზის მალე დასრულება იყო. მგზავრობის დროს არ გააჩნდათ საკვები, არც წყალი. სველი წერტილიც კი არ იყო ვაგონში. ასეთ აუტანელ პირობებში თითქმის ერთი თვე იმგზავრეს. მშივრები და გაყინულები ჩაიყვანეს ყაზახეთში და ცივ, მიწურის ქოხებში შეყარეს. მიწაზე ეძინათ. შვიდი წელი აუტანელ პირობებში გაატარეს, სპეცკომენდატურის აღრიცხვის ქვეშ. მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდნენ და გადაადგილების უფლებაც კი არ ჰქონდათ. პურის ყანებში მუშაობდნენ… ბზეს აფენდნენ მიწაზე და იმაზე იძინებდნენ. მძიმე შრომას ეწეოდნენ. გარდა ამისა, თვითონ ყაზახებიც ცივად და უხეშად ეპყრობოდნენ“.

 

აიშე გოგიტიძე ამბობს, რომ მეუღლის გადასახლების წლები მისთვისაც გაუსაძლისი იყო: „ორი მცირეწლოვანი შვილით, ყოველგვარი სახსრების გარეშე დავრჩი. პატარა ექვსი თვის მყავდა და რომ არა ჩემი მშობლები, ალბათ, შვილები შიმშილით მომიკვდებოდნენ. მშობლებს ჰქონდათ მახინჯაურში მიწის ნაკვეთი და იქ გადავედით საცხოვრებლად. მანამდე კი მეუღლის ოჯახთან ერთად, ბაქოს ქუჩაზე ვცხოვრობდით. შემდეგ კი ცალკე გადავედით მე და ჩემი მეუღლე საცხოვრებლად. მე 19 წლის გავთხოვდი“.

 

გადასახლებაში რემზი სეიდიშვილი და მისი მშობლები დაავადდნენ. „დედამთილ-მამამთილი იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, რომ ჩემი მაზლის ცოლი მათ მოსავლელად ჩავიდა ყაზახეთში, ბავშვებთან ერთად. ჩემს მეუღლეს თვალები დაუავადდა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მალე დაბრმავდა. განგრენაც დაემართა. საქართველოში 1956 წელს დააბრუნეს. ცოტა ხანი შეძლო გემზე მუშაობა, მაგრამ რადგან ჯანმრთელობა დასუსტებული ჰქონდა, მალე გარდაიცვალა“.

 

აიშე გოგიტიძე მორალურ ტრავმაზეც საუბრობს: „ჩემი მეუღლე და მთელი ჩვენი ოჯახი წლების მანძილზე „სამშობლოს მოღალატეებად“ ვითვლებოდით. ბავშვები მამის გარეშე იზრდებოდნენ. ვფიქრობ, ეს წლები დიდი ბოროტება იყო და გამართლება არ აქვს. ბევრი ადამიანი დაიტანჯა. ალბათ ისტორია განსჯის ყველაფერს. ზოგჯერ ამბობენ, სტალინმა არაფერი იცოდა, ისე ასახლებდნენ ადამიანებსო. როგორ არ ეცოდინებოდა, ის ხომ მმართველი იყო. ვფიქრობ, ძალიან დიდი ცოდვა ჩაიდინა. მან ბევრი ადამიანი დაღუპა. ჩვენ ხომ დღესაც არ ვიცით, რა იყო ჩემი ოჯახის გადასახლების მიზეზი“.

 

აიშე გოგიტიძე

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე