Batumelebi | როგორ წავიდეთ სასწავლებლად ამერიკაში როგორ წავიდეთ სასწავლებლად ამერიკაში – Batumelebi
RU | GE  

როგორ წავიდეთ სასწავლებლად ამერიკაში

 

 

როგორ უნდა მიიღო განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სად შეიძლება მოიძიო დაფინანსება, როგორ უნდა შეარჩიო სასურველი კოლეჯი ან უნივერსიტეტი – ამ თემაზე „ბათუმელებთან“  საერთაშორისო განათლების ცენტრის ამერიკული განათლების კონსულტანტმა დალი ხომერიკმა ისაუბრა. 

 

დალი ხომერკი: საერთაშორისო განათლების ცენტრის ოფისი ბათუმში, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში მდებარეობს. ცენტრი მუდმივად სთავაზობს აპლიკანტებს სხვადასხვა ტიპის მოსამზადებელ კურსს. თუკი სტუდენტებს წიგნები სახლში არ აქვთ, შეუძლიათ მიმართონ ბიბლიოთეკას და იქვე იმეცადინონ. ჩვენ ასევე აქტიურად ვართ წარმოდგენილი სოციალურ ქსელებში. ვაქვეყნებთ სხვადასხვა ინფორმაციას ყველა ტიპის უნივერსიტეტის სტიპენდიებსა და სიახლეებზე. რაც უფრო ადრე მიადევნებენ თვალს მოსწავლეები იმას, თუ რას სთავაზობენ უნივერსიტეტები, უკეთ გაიაზრებენ, რომელ უნივერსიტეტში უნდათ სწავლა.

 

 

როგორ ეხმარებით აბიტურიენტს უნივერსიტეტის შერჩევაში, რამდენი უნივერსიტეტის არჩევა შეუძლია აპლიკანტს?

 

 

ჩვენ ინდივიდუალურად ვეცნობით ჩვენს ყველა ბენეფიციარს, ვსწავლობთ მათ ინტერესებს. შესაძლოა ადამიანს გაგონილი ჰქონდეს უნივერსიტეტი და მოსწონდეს მისი მაღალი რეიტინგის გამო, მაგრამ ახალგაზრდის ინტერესი ან პოტენციალი არ შეესაბამებოდეს სურვილს. ახალგაზრდები თვითონ ირჩევენ უნივერსიტეტს. როცა აბიტურიენტი ინდივიდუალურად აბარებს, საშუალოდ 10-15 უნივერსიტეტში აგზავნის საბუთებს. 5-6 უნივერსიტეტიდან მოსდის ჩარიცხვა, რომელშიც სხვადასხვა პირობაა მითითებული. აბიტურიენტი გადაწყვეტილებას იღებს სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით: უნივერსიტეტი დიდ ქალაქშია თუ პატარა ქალაქში, შეიძლება იყოს ქალთა კოლეჯი და შეიძლება ისეთი, სადაც მრავალფეროვანი გარემოა, ვინ ასწავლიან, რა ტიპის პროფესორები არიან, როგორი გარემოა პრაქტიკისთვის.

 

 

 თუ არის განაცხადის შეტანისთვის განსაზღვრული ეტაპი?

 

 

რა თქმა უნდა, არის. საბაკალავრო პროგრამებზე აპლიკაციების შეტანა შესაძლებელია დეკემბერ-იანვარში. ამერიკულ უნივერსიტეტების უმრავლესობა ასეთ დედლაინებზე მუშაობს. არიან ისეთი უნივერსიტეტები, რომლებსაც აქვთ გვიანი დედლაინები, თუმცა ყველაზე გავრცელებული პერიოდი მაინც არის დეკემბერ-იანვარი. ამ დროისთვის მათ უკვე უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული გამოცდები და მთელი ეს პაკეტი იგზავნება ერთიანად.

 

მაგისტრატურის პროგრამისთვის დედლაინები შეიძლება იყოს ცოტათი უფრო ადრე, ეს შრომატევადი პროცედურა გულისხმობს ყველა დოკუმენტის მოწესრიგებას, შეიძლება იყოს ნოტარიუსის დამოწმება ან სპეციალურ დაწესებულებებში გაგზავნა, რაც დაადასტურებს კრედიტების შესაბამისობას ამერიკულ უნივერსიტეტებთან, ამიტომ საჭიროა თადარიგი დავიჭიროთ წინასწარ. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, როცა ვლაპარაკობთ დეკემბრიდან იანვრამდე პერიოდზე როგორც დედლაინზე, ეს არის ის პერიოდი, როცა განაცხადი შეგაქვს, რომ მომდევნო წელს გახდეთ სტუდენტი. ზოგ უნივერსიტეტს აქვს საგაზაფხულო ან საშემოდგომო სეზონი, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ახალგაზრდებთან, რომლებსაც სჭირდებათ სტიპენდიები, უნივერსიტეტები კი სტიპენდიებს გასცემენ საშემოდგომო სეზონზე.

 

 

თუ შეუძლიათ აბიტურიენტებს წელს ჩააბარონ გამოცდები?

 

 

ახალგაზრდები თუკი რეალურად მოემზადებიან, შეუძლიათ გამოცდები ჩააბარონ სექტემბერ-ოქტომბერში, აპლიკაციები კი იანვრისთვის უნდა გაამზადონ. ისინი ჩააბარებენ მომდევნო წლის შემოდგომაზე. პირველი კურსის სტუდენტები, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება ამერიკაში, ხშირად გვეკითხებიან, რამდენად შესაძლებელია გადასვლა პირველი კურსიდან იქ, მეორე კურსზე. ადგილი აქვს პროგრამების შეუთავსებლობას. გადაყვანის დროს უნივერსიტეტები ნაკლებად იძლევიან სტიპენდიებს, ამიტომ ვურჩევთ მათ ხელახლა ჩააბარონ გამოცდები და გახდნენ იქ პირველი კურსის სტუდენტები.

 

 

თუ არის გასაუბრება, ან რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნები?

 

 

ბევრი უნივერსიტეტი ვერ ახერხებს გასაუბრებას, რადგან შესაძლებელია ბევრი აპლიკაცია შევიდეს ერთ წელიწადში – მიმღები კომისია, რომელიც უნივერსიტეტში მუშაობს, ყველა აპლიკანტს ვერ გაესაუბრება. არის ისეთი უნივერსიტეტები, რომლებსაც უწერიათ აპლიკაციაში, რომ შესაძლებელია ჩატარდეს გასაუბრება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვურჩევთ ახალგაზრდებს მოითხოვონ გასაუბრება, რადგან გასაუბრებაზე აპლიკანტს შესაძლებლობა ეძლევა მრავალი კუთხით წარმოაჩინოს საკუთარი თავი, რაც აპლიკაციაში ვერ შეძლო. თუ აპლიკანტი არის აქტიური, ეს მისთვის მომგებიანი იქნება. უნივერსიტეტებში მოსწონთ ახალგაზრდები ლიდერის თვისებებით, რომლებიც გამოირჩევიან მრავალფეროვნებით, მიდიან განსხვავებული გზით და არა სტანდარტულად,  მუშაობენ ან სწავლობენ, აქვთ ფასეულობები და მისწრაფებები ფასეულობებისკენ.  შესაბამისად, ეს უნდა გაითავისო და კონცეფციები წარმოაჩინო ინტერვიუში.

 

 

რა პროფესიას ირჩევენ ყველაზე ხშირად ქართველი სტუდენტები?

 

 

მოდი დავყოთ ორ ნაწილად – რას ირჩევენ ქართველი სტუდენტები და რას ახალისებენ ამერიკული უნივერსიტეტები. ქართველი სტუდენტებისგან მოთხოვნადია ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსები, სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, კომპიუტერული მეცნიერებები და სხვა ტექნიკური საგნები. ის, რაც მოსწონთ ამერიკულ უნივერსიტეტებს, ეს არის გონების წახალისება ტექნიკურ საგნებში, ზუსტი მეცნიერებები და ა.შ.

 

 

ამ ეტაპზე რამდენი სტუდენტია წასული საქართველოდან?

 

 

 ყოველწლიურად 20-25 ბავშვი მიდის სხვადასხვა პროგრამით სხვადასხვა უნივერსიტეტში. ასევე არიან ბავშვები, რომლებიც ჩვენთან გადიან კონსულტაციებს და მხოლოდ ტოეფელში ემზადებიან. აჭარაში ჩვენი ოფისი დიდი ხანია მუშაობს და მნიშვნელოვანია სტუდენტთა რაოდენობის გაზრდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ამერიკაში სტუდენტთა გამგზავრება გაიზარდა 25%-ით, რაც კარგი მაჩვენებელია. დღეისათვის 500-ზე მეტი ბავშვი სწავლობს ამერიკაში. ისეთ მოსწავლეებს, რომლებიც მიიღებენ დაფინანსებას, ჩვენი განათლების სამინისტრო სთავაზობს სტიპენდიებს. შესაძლებლობები არის ბევრნაირი – მთავარია მონდომება.

 

 

თუ შეგიძლიათ გაგვიმარტოთ რა არის SAT?

 

 

 როგორც საქართველოში ეროვნულ გამოცდებზე აბარებენ ბავშვები უნარებს, ამ უნარების მსგავსია SAT , უნარები ინგლისურად. ის მოიცავს ვერბალურ ნაწილს და მათემატიკურ ნაწილს. ეს ყველაფერი არის ინგლისურად. ბავშვები, რომლებიც არ ემზადებიან მათემატიკაში ინგლისურად, მათ სხვაგვარი მუშაობა სჭირდებათ: სხვა მხრივ, ეს მასალა არ არის რთული – მასში შედის საშუალო დონის მათემატიკა. ტოეფელის გამოცდას მეტ-ნაკლებად აპლიკანტები იცნობენ, მაგრამ იმისათვის, რომ ბაკალავრიატის პროგრამა ჩააბარონ აუცილებელია გაიარონ შAთ-ის გამოცდაც.

 

 

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქულები, რასაც მიიღებენ ამ გამოცდებში. ხშირად მეკითხებიან აკადემიური წარმატებაა მთავარი, თუ ქულები, მაგრამ მთელი ეს პაკეტი, ანუ საუნივერსიტეტო პორტფოლიო, რასაც სტუდენტი ამზადებს, მნიშვნელოვანია ყველა თავის კომპონენტში. უნივერსიტეტი ყველა კომპონენტს აქცევს ყურადღებას.  

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ირმა დიმიტრაძე (მოხალისე)