კვირის ამბები

ცისარტყელა ჩემთვის და შენთვის

14.03.2014 • 1888
ცისარტყელა ჩემთვის და შენთვის

 

 

სამშობლოში დაბრუნებული, უწყინარი და ფერადი მოგონებებით სავსე, დავავლებდი   ჩემს ცისარტყელასფერებიან ქოლგას ხელს და დავეხეტებოდი ქალაქის ქუჩებში. ასე გავაგრძელებდი ალბათ დიდხანს, რომ არა 2013 წლის 17 მაისი. აქ მხიარული და ლაღი განწყობა სრულდება და არაპოპულარულ, თუმცა საზოგადოებისთვის და ჩემთვისაც პრობლემური საკითხის მსჯელობაზე გადავდივარ.

 

 

17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს („ჰომოფობია“ განიმარტება როგორც წინასწარგანწყობაზე დაფუძნებული ირაციონალური შიში და სიძულვილი ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, რომელიც მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმისა). ამ დღის აღნიშვნის მიზანს კი ძალადობის დაგმობა და ლგბტ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა წარმოადგენს.

 

 

სტატიის წერის პარალელურად მეგობარმა ამერიკელი ფსიქიატრის ჩარლზ სოკარიდესის წერილი – „როგორ გაპიდარასტდა ამერიკა“ გააზიარა. იმავე თემატიკაზე სხვა სტატიებსაც აქტიურად ათავსებენ საიტებზე, ბუნებრივია – 17 მაისი კვლავ ახლოვდება. სოციალური ქსელი კი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. 

 

 

ვაღიარებ, ამ დღემ მძიმე შთაბეჭდილებები დამიტოვა. ცუდად მახსენდება გატენილი ავტობუსებიდან შიშჩამდგარი და გაოცებული თვალები, ჰაერში მფრინავი ბიჭები, თავგატეხილი და სისხლიანი სახეები, „ტაბურეტკიანი“ მამაოები, გამეხებული და ცოფისგან დაღრეჯილი სახეები, ბრბო, რომელიც ვერაფერს და ვერავის ვეღარ ხედავდა ერთი იდეაფიქსის გარდა: მას სამშობლოს ართმევდნენ. თითქოს ეს სამშობლო განსხვავებული შეხედულების ან ორიენტაციის ადამიანებს არ ეკუთვნოდეს. ან ვინ ართმევდა და რატომ ართმევდა, ზუსტი პასუხი დღემდე არ მომისმენია დისკუსიაში ჩართული მეორე მხარისგან.

 

 

მახსენდება მედიის მიერ ტერმინოლოგიური თვალსაზრისით დაშვებული უზუსტობები, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები, სახალხო დამცველის განცხადება, თუ როგორ უწოდა 17 მაისს საქართველოში ჰომოფობიის გამოვლენის დღე, უუნარო პოლიცია, რომელმაც ვერ უზრუნველყო საზოგადოების ყველა წარმომადგენლის დაცვა, ლმობიერი სასამართლო, რომელიც მხოლოდ 100-ლარიან ჯარიმებს დასჯერდა, პრემიერ-მინისტრისა და პოლიტიკოსების არაერთგვაროვანი შეფასებები…

 

 

და საშინელი უკმაყოფილობის გრძნობა, არეულ-დარეული ფიქრები, შიში – ნუთუ ასეთ საქართველოს ვაშენებთ, სადაც განსხვავებულობის გამო შეიძლება ჩაგქოლონ, სასიკვდილოდ გაგიმეტონ.

 

 

17 მაისამდე ორ თვეზე ცოტა მეტი დრო რჩება. ვეკითხები საკუთარ თავს – ნეტავი რამე შეიცვალა ამ ერთ წელიწადში? გავხდით უფრო ტოლერანტურები, შემწყნარებელი? ჩემდა სამწუხაროდ, ვშიშობ, რომ არა! შიშის საფუძველს კი ის კომენტარები და სტატუსები მაძლევს, რასაც მედიაში თუ სოციალურ ქსელებში ვკითხულობ. ალბათ ორივე მხარე კვლავ ემზადება – ერთი ჰომოფოობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მეორე კი – სამშობლოს, სარწმუნოების, შვილების დასაცავად.

 

 

იქნებ, უბრალო დამთხვევაა, დღეს ჩემმა ძმისშვილმა ინგლისურ ენაში დახმარება მთხოვა. სიმღერა წვიმიან დღეზე იყო და ასე სრულდებოდა… შენ რას ხედავ? მზეს, მზეს და ცისარტყელას, ცისარტყელას, ცისარტყელას შენთვის და ჩემთვის.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: